იდეალური დიეტის იდეით ყველა მოხიბლულია, მაგრამ არსებობს კი ის საერთოდ?
მაშინ, როცა ტექნოლოგიური პროგრესი პერსონალიზებულ დიეტურ რეკომენდაციებს გვპირდება, სოციალური ქსელები ფსევდომეცნიერების მაცდუნებელი სათაურებითაა აჭრელებული.
როცა ტყუილსა და მართალს შორის საზღვარი ბუნდოვანია, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ცოდნა კრიტიკულ მნიშვნელობას იძენს. და მაინც, ამ ყველაფრის ფონზე, როგორ უნდა დავგეგმოთ ჩვენი კვება ისე, რომ ის ერთდროულად ჯანსაღიც იყოს და ჩვენს ყოველდღიურობასაც შეესაბამებოდეს?
ამ საკითხებზე Medscriptum-ი ნუტრიციოლოგ რუსუდან ღვამიჩავას ესაუბრა. ინტერვიუში განვიხილეთ მუდმივად განვითარებადი მეცნიერების – ნუტრიციოლოგიის – აქტუალური თემებიც: დაწყებული პერსონალიზებული კვებით, დამთავრებული გენდერულად სპეციფიკური რეკომენდაციებით. ეს გზავნილები დაგეხმარებათ ინფორმაციის გაფილტვრაში და იმის გაგებაშიც, როგორ აქციოთ კვება არა შიშის, არამედ სიამოვნებისა და ჯანმრთელობის წყაროდ.
სალომე ჩხეიძე: ბევრი ექსპერტი პერსონალიზებული კვების დიდ პოტენციალზე საუბრობს, რომელიც გენეტიკისა და მიკრობიომის სპეციფიკას ეფუძნება, მაგრამ გასათვალისწინებელია რა გავლენა აქვს მას რიგით ადამიანზე?
რუსუდან ღვამიჩავა: პერსონალიზაცია უმნიშვნელოვანესი თემაა, რადგან ჯანმრთელობის საკითხებზე საუბრისას აუცილებელია ინდივიდუალური ფაქტორების გათვალისწინება. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ზოგადი რეკომენდაციები, რომლებიც შეიძლება ყველაზე ზედაპირულად გავრცელდეს, სიღრმეებში ვერ ჩავალთ, თუ ადამიანის შესახებ კონკრეტულ ინფორმაციასა და პერსონალურ დეტალებს არ ვფლობთ. ამიტომ, ვფიქრობ, პერსონალური კვების რეჟიმი ერთადერთი სწორი გზაა, როდესაც ადამიანს კონკრეტული მიზნების მიღწევა სურს. ეს შეიძლება იყოს როგორც ჯანმრთელობის ინდიკატორების გაუმჯობესება, ასევე წონის მართვა ან ნებისმიერი სხვა მიზეზი. რაც შეეხება ბაზარზე არსებულ სიახლეებს, მაგალითად, ნუტრიგენეტიკის ტესტებს ან სხვა მსგავს ანალიზებს, ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი დამატებითი საშუალებაა. ამ ეტაპზე ჯერ-ჯერობით არ გვაქვს საკმარისი მეცნიერული დასტური, რომ ეს ანალიზები უფრო მეტ სარგებელს იძლევა, ვიდრე, ვთქვათ, გასაუბრებისა და სტანდარტული სისხლის ანალიზების (check-up) საფუძველზე შედგენილი კვებითი რეკომენდაცია. ამიტომ ვიტყოდი, რომ ეს უფრო დამხმარე, დამატებითი საშუალებებია, რომლებიც არც ისე ხელმისაწვდომია. მიუხედავად ამისა, საინტერესოა, როგორი განვითარება ექნება ამ ყველაფერს მომავალში. დროთა განმავლობაში, ალბათ, უფრო ხელმისაწვდომი გახდება და შეიძლება კიდევ უფრო მეტი სარგებელიც ვნახოთ.
სალომ ჩხეიძე: მიკრობიომი ჯანმრთელობისთვის უმნიშვნელოვანესია, რის გამოც კუჭ-ნაწლავს ხშირად „მეორე ტვინსაც“ კი უწოდებენ. აქედან გამომდინარე, ჩნდება კითხვა – არსებობს თუ არა მტკიცებულებებზე დაფუძნებული დიეტა, რომელსაც მენტალური დარღვევების დროს დადებითი ეფექტი აქვს?
რუსუდან ღვამიჩავა: ნამდვილად, ბოლო წლებში ეს თემა კიდევ უფრო აქტუალური გახდა და საჭმლის მომნელებელ სისტემას უმნიშვნელოვანესი როლი მიენიჭა. ვფიქრობ, ეს პროცესი კოვიდ პანდემიამ კიდევ უფრო დააჩქარა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნუტრიენტების ათვისებისა და შეწოვის უმეტესი ნაწილი სწორედ ნაწლავებში ხდება. ამიტომ, რაც არ უნდა ჯანსაღად ვიკვებოთ, თუ ორგანიზმი მას ვერ ითვისებს, ეს ყველაფერზე აისახება – დაწყებული განწყობიდან, დამთავრებული იმუნიტეტით. ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია და ბევრისთვის ნაცნობიც – განწყობისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის კავშირი, მაგალითად, როდესაც ვნერვიულობთ, შესაძლოა, უსიამოვნო შეგრძნებამ ან ფაღარათმა შეგვაწუხოს.
უკანასკნელი კვლევებით, ხმელთაშუა ზღვის დიეტა (mediterranean diet) დეპრესიის რისკისა და სიმპტომების შემცირებასთან არის დაკავშირებული. ეს დიეტა მდიდარია უჯრედისით, ფერმენტირებული პროდუქტებით, ჯანსაღი ცხიმებით (ომეგა-3) და ანტიოქსიდანტებით. ამის საპირისპიროდ, ულტრა-დამუშავებული საკვები, რომელიც ხშირად არაჯანსაღი ცხიმებით, დიდი რაოდენობით მარილითა და შაქრით არის სავსე, პირიქით, ამძაფრებს შფოთვას და ზრდის მენტალური დარღვევების რისკებს. ამიტომ, კვებასა და მენტალურ კეთილდღეობას შორის უდიდესი კავშირი ნამდვილად არსებობს და საკვების სწორად შერჩევით შეგვიძლია, ჩვენს ჯანმრთელობას მნიშვნელოვნად შევუწყოთ ხელი.
სალომე ჩხეიძე: ჰიპოკრატეს დროიდან საკვები მედიცინად ითვლება, თუმცა ბალანსირებული დიეტა ფარმაკოთერაპიასთან დღესაც არ არის ინტეგრირებული. (სამედიცინო ჩვენებით, კვების შეზღუდვებზე საუბრისას, უმეტესობას მხოლოდ არტერიული ჰიპერტენზია ახსენდება). რა არის საჭირო, რომ ნუტრიციოლოგია სხვა ნოზოლოგიების სამკურნალო გეგმაშიც ინტეგრირდეს?
რუსუდან ღვამიჩავა: რეალურად, ამ ყველაფერს მეცნიერება დიდი ხანია უჭერს მხარს, მაგრამ პრობლემა სისტემის ცვლილებაა, რომელიც ბევრ ქვეყანაში უკვე დაიწყო და, იმედია, ადრე თუ გვიან, ეს საქართველოშიც მოხდება. ფარმაკოთერაპიას უფრო დიდი პრიორიტეტი ენიჭება, რადგან მას სწრაფი და გაზომვადი ეფექტი აქვს, მაშინ როცა კვებითი ჩვევებისა და რაციონის შეცვლა დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს. ადამიანებისთვის, სამწუხაროდ, რთული დასაჯერებელია, რამდენად დიდი ძალა აქვს კვებას. ხშირად მიაჩნიათ, რომ პრობლემის წამლით მოგვარება უფრო მარტივი და სამუდამო გზაა, თუმცა მალევე ხვდებიან, რომ კვებითი რაციონის ცვლილებას ალტერნატივა არ აქვს.
ამ ყველაფრის შესაცვლელად, პირველ რიგში, აუცილებელია, გვყავდეს სანდო განათლების მქონე პროფესიონალი ნუტრიციოლოგები და დიეტოლოგები. მსოფლიოში, განსაკუთრებით კი საქართველოში, აუცილებელია, რომ მათი კვალიფიკაცია არ შემოიფარგლოს მხოლოდ რამდენიმე კვირიანი კურსით. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში აქტიურად მიმდინარეობს ჯანდაცვის სხვა სპეციალისტების, კონკრეტულად ოჯახის ექიმების გადამზადებაც. რადგან ოჯახის ექიმი პირველი რგოლია, ვისთანაც პაციენტი მიდის, მნიშვნელოვანია, რომ მათ ამ თემაზე საბაზისო რჩევების მიწოდება მაინც შეეძლოთ.
ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ ნუტრიციოლოგია, როგორც ცალკე მდგომი პროფესია და მეცნიერება, აღიარებული იყოს. ასევე, ძალიან დაგვეხმარებოდა რეგულაციების შემოღება. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თქვას, რომ ის ნუტრიციოლოგი ან დიეტოლოგია, რასაც ხშირად სავალალო შედეგებამდე, სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობამდეც კი მივყავართ.
როცა აქტუალურ თემებზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია არ განვიხილოთ წონის მართვის სტრატეგიების ევოლუცია. დღეს, როდესაც ბარიატრიისა და ოზემპიკის ხანაში ვცხვორობთ ჩნდება კითხვებიც.
სალომე ჩხეიძე: ამ ფონზე, რა უხილავ რისკებს შეიძლება შეიცავდეს მხოლოდ მედიკამენტებზე დაყრდნობა, ჯანსაღი კვებითი ჩვევების გამომუშავების ნაცვლად? შევძლებთ კი, საზოგადოება საკვებთან ჯანსაღი ურთიერთობის შენარჩუნებას ამ ახალ ეპოქაში?
რუსუდან ღვამიჩავა: მადლობა კითხვის ასეთი ფორმულირებისთვის, რადგან მისი მეორე ნაწილი ხშირად უგულებელყოფილია. მსგავსი მედიკამენტების გამოჩენა, რა თქმა უნდა, რევოლუციაა წონის კლებისა და მართვის სისტემაში. თუმცა, როცა მედიკამენტი ერთადერთ სტრატეგიად იქცევა, ადამიანებმა შეიძლება დაკარგონ კვებითი ჩვევების გაუმჯობესების უნარი. მონაცემები ჯერ კიდევ მწირია, მაგრამ ცნობილია, რომ მედიკამენტის შეწყვეტის შემდეგ წონა ხშირად ბრუნდება. ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანები არ ცვლიან კვების რაციონსა და ჩვევებს, უბრალოდ იღებენ მედიკამენტს, რომელიც მადის დაქვეითებას იწვევს. მედიკამენტის მოხსნასთან ერთად, წონაც ბრუნდება.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ წონის სწრაფ კლებას ხშირად კუნთოვანი მასის კლება მოჰყვება, რაც ჯანმრთელობისთვის ყველაზე არასასურველია. როდესაც წონა ბრუნდება, ის თითქმის ყოველთვის ცხიმის სახით ბრუნდება, რადგან კუნთოვანი მასის გაზრდას გაცილებით მეტი ძალისხმევა სჭირდება. მთავარი რისკი ისაა, რომ საზოგადოებას შესაძლოა დამოკიდებულება ჩამოუყალიბდეს არა საკვების, როგორც ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტის მიმართ, არამედ მხოლოდ მედიკამენტით ამ ყველაფრის მართვის მიმართ. ამიტომ, კარგი იქნება, ადამიანებს ხშირად შევახსენოთ, რომ ჯანსაღ კვებასა და ცხოვრების წესს ალტერნატივა არ აქვს, ხოლო მედიკამენტი შეიძლება იყოს მხოლოდ დამხმარე საშუალება და არა მთავარი ინსტრუმენტი და ისიც მხოლოდ მაშინ, როცა მისი გამოყენება აუცილებელია.
ასევე, სამწუხაროა, რომ ეს მედიკამენტები მასობრივი გამოყენების პროდუქტად იქცა და იღებენ ის ადამიანებიც, ვისაც რეალურად არ სჭირდება. ეს, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაამძაფრებს კვებითი აშლილობის ისედაც მზარდ პრობლემას.
სალომე ჩხეიძე: დიახ, არასწორი ინფორმაციის გავრცელება, ალბათ კიდევ უფრო ამძიმებს სიტუაციას… სოციალური მედიის ეპოქაში რთულია ინფორმაციის გაფილტვრა ისე, რომ უნებურად არ გახდე ფსევდომეცნიერების “მსხვერპლი”. როგორც ნუტრიციოლოგი, რომელ ყველაზე „საშიშ“ მითებს გამოარჩევდით?
რუსუდან ღვამიჩავა: მითებს რაც შეეხება, ვიტყოდი, რომ ამ ეტაპზე აქტუალურია შიმშილის ტრენდი. საშიშია აღქმა, რომ რაც უფრო დიდხანს ვიშიმშილებ, მით უფრო გამხდარი და ჯანმრთელი ვიქნები.
გარდა ამისა, ხშირად ვხვდებით არასამეცნიერო სტატიებს სოციალურ ქსელებში, სადაც წერენ, რომ კონკრეტული პროდუქტი, მაგალითად, ანანასი, ცხიმს წვავს. ასეთი ინფორმაცია, რა თქმა უნდა, ტყუილია და არ გააჩნია სამეცნიერო საფუძველი. ამ შემთხვევაში ანანასის მიღება ჯანმრთელობისთვის უწყინარია, რასაც ვერ ვიტყვით შიმშილობის პროპაგანდაზე.
საზღვარგარეთაც და საქართველოშიც ხშირად ვხვდებით lifestyle ბლოგერებს, რომლებიც რეკლამას უკეთებენ 48-საათიან ან 36-საათიან შიმშილს. სინამდვილეში, შიმშილი ძალიან საშიშია, როგორც მენტალური, ისე ფიზიკური ჯანმრთელობისთვის. ის შეიძლება სიცოცხლისთვისაც კი საფრთხის შემცველი აღმოჩნდეს.
სალომე ჩხეიძე: რას იტყოდით კვებითი დანამატების მზარდ ბიზნესზე?
რუსუდან ღვამიჩავა: როდესაც დანამატებზე მეკითხებიან, ყოველთვის უკან ვუბრუნებ კითხვას, რატომ გაუჩნდათ რეალურად ეს იდეა ან რისთვის სჭირდებათ ეს. ხშირ შემთხვევაში, პასუხი ასეთია: „უბრალოდ გავიგე, რომ კარგია“. რასაკვირველია, ეს არ არის ვალიდური მიზეზი. დანამატებს ყოველთვის აქვს კონკრეტული ფუნქცია. როგორც თავად სიტყვა გვეუბნება, ის უნდა დაემატოს ძირითად საკვებს და არ უნდა წარმოადგენდეს ნუტრიენტების მთავარ წყაროს. ასევე მესმის ხოლმე ფრაზა: „მაინც ვერ ვახერხებ კარგად კვებას და მოდი, ვიტამინის ან მინერალის სახით მივიღებ დანამატს“. ასეთ დროს ყოველთვის ვახსენებ, რომ დანამატები ვერასდროს გახდება კვების საბაზისო წყარო. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რისთვის გვჭირდება დანამატი და მოვიძიოთ სამეცნიერო კვლევა, რომელიც დაადასტურებს, რომ ესა თუ ის ნივთიერება კონკრეტულ ინდიკატორს აუმჯობესებს.
ხშირად ადამიანები სოციალური ქსელებიდან, მაგალითად, TikTok-ზე არასანდო პროფესიონალების რჩევებს ითვალისწინებენ, რასაც ნამდვილად არ ვურჩევდი. ბოლო წლებში wellness სფერო უფრო ბიზნესინდუსტრიად იქცა, სადაც დიდი ფინანსები იხარჯება. ამიტომ, ადამიანებს უნდა ჰქონდეთ სწორი მოლოდინები, რომ იმედი არ გაუცრუვდეთ.
სალომე ჩხეიძე: ბაზარზე ხშირად გვხვდება პროდუქტები, რომლებიც გვპირდებიან სასურველ შედეგებს, თუმცა რეალურად არ შეიცავენ არცერთ აქტიურ ნაერთს, რომელსაც მსგავსი ეფექტის გამოწვევა შეუძლია. ამ შემთხვევაში როგორ დავეხმაროთ ადამიანებს, ისწავლონ ინგრედიენტების „სწორად წაკითხვა“?
რუსუდან ღვამიჩავა: პირველ რიგში, აუცილებელია გვქონდეს ამომწურავი ინფორმაცია. ხშირად ახალ პროდუქტებს სრულად არ აწერია შემადგენლობა. ამიტომ, ყოველთვის მნიშვნელოვანია დავუკავშირდეთ კომპანიას და მოვიძიოთ მასალა თითოეული ინგრედიენტის შესახებ. ამისთვის ChatGPT-იც გამოგვადგება, რომ უბრალოდ გავიგოთ, რას წარმოადგენს თითოეული ნივთიერება. ასევე, ყურადღება უნდა მივაქციოთ სანდო საერთაშორისო სერტიფიკატებს. ხანდახან პროდუქტებზე ბევრი სერტიფიკატია მითითებული, თუმცა ზოგიერთი მათგანი, შესაძლოა, არც არსებობდეს. ეს, როგორც წესი, მცირე ბაზარზე ხდება და მსხვილი კომპანიები ამას თავს არიდებენ.
ამიტომ, ამ ეტაპზე ნებისმიერი ინფორმაციის გადამოწმება ერთადერთი საშუალებაა, რომ დავიცვათ თავი ზედმეტი დანახარჯისგან და ჯანმრთელობის პრობლემებისგან.
სალომე ჩხეიძე: ბოლო დროს ნიტრატების კონცენტრაცია საკვებში განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს და პოპულარული გახდა მათი საზომი ხელსაწყოებიც. რას ფიქრობთ ამ საკითხზე, გვაქვს თუ არა შიშის საფუძველი?
რუსუდან ღვამიჩავა: ბოლო დროს ეს თემა ძალიან გააქტიურდა, რაც კარგია, რადგან საზოგადოების დაინტერესებაც გაიზარდა. რთულია ამაზე საუბარი, რადგან ბევრი რამ ჯერ კიდევ უცნობია. პირველ რიგში, დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ იმ ორგანოებს, რომლებიც ამ ყველაფერს აკონტროლებენ. ხშირად ადამიანები სახლის ხელსაწყოებს იყენებენ ნიტრატების შესამოწმებლად, თუმცა, როგორც ცნობილია, ასეთი მოწყობილობები ყოველთვის ზუსტი არ არის, ამიტომ, მხოლოდ მათზე დაყრდნობა შეიძლება არ იყოს სწორი.
ვისურვებდი, რომ კვების უსაფრთხოების სპეციალისტები ამ თემაზე უფრო ხშირად საუბრობდნენ და გვიზიარებდნენ ინფორმაციას, მაგალითად, რომელი ხელსაწყოებია უფრო სანდო და როგორ გამოვიყენოთ ისინი სწორად. ზოგადი რჩევა შეიძლება იყოს, რომ სეზონურ პროდუქტებში ნიტრატების შემცველობა ნაკლებია, თუმცა არაერთ გადაცემაში, რომელსაც პირადად ვუყურე, სეზონურ პროდუქტებშიც (მაგალითად, საზამთროში) ნიტრატები აღმოჩნდა. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვყავდეს კვალიფიციური კვების უსაფრთხოების სპეციალისტები, რომლებიც საზოგადოებას ინფორმაციას გაუზიარებენ.
სალომე ჩხეიძე: „წახემსების“ მზარდი ტენდენცია (ე.წ. “snackification”) – ცვლის თუ არა ის ჩვენს ბიოლოგიას ან ფსიქოლოგიას? საკმარისად ვიაზრებთ თუ არა ულტრა-დამუშავებული საკვების პოტენციურ ზიანს, თუნდაც კვებითი დამოკიდებულების გაჩენის თვალსაზრისით?
რუსუდან ღვამიჩავა: საკმაოდ ხშირად კვება ემოციებთან გასამკლავებელ მექანიზმად იქცევა ხოლმე. ეს ხშირად გამოწვეულია ხრაშუნა ტექსტურის მქონე საკვებით, რომელიც სხვადასხვა სნექში გვხვდება. უნდა გვესმოდეს, რომ წახემსებას თავისი დანიშნულება აქვს და ის კვების მნიშვნელოვანი ნაწილიც შეიძლება იყოს. თუმცა, საჭიროა, რომ ის სწორად დავგეგმოთ. მაგალითად, თუ საუზმესა და სადილს შორის ოთხ საათზე მეტი გადის, სწორად შერჩეულმა წასახემსებელმა (მაგალითად, ხილი ან თხილეული) შეიძლება მომდევნო კვებისას დაგვიცვას ზედმეტი ჭამისგან და ენერგიის განახლებაშიც დაგვეხმაროს. მაგრამ, თუ ჩვენი კვება მხოლოდ წახემსებებისგან შედგება, ეს ხშირად არღვევს ჩვენი სხეულის შიმშილისა და დანაყრების ბუნებრივ ციკლს. გარდა ამისა, ულტრა-დამუშავებული სნექები დამოკიდებულებასაც იწვევს, რადგან მათი ტექსტურა და გემო (შაქრის, მარილისა და ცხიმების კომბინაცია) ჩვენი გემოს რეცეპტორებისთვის ყველაზე მიმზიდველია. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ წასახემსებელი სწორად შევარჩიოთ, თუკი ის ენერგიის განახლებისთვის გვჭირდება. სხვა შემთხვევაში, ის შეიძლება junk food-ის აქტიურ დანამატად იქცეს ჩვენს რაციონში, რაც ნამდვილად არ გვჭირდება.
სალომე ჩხეიძე: მინდა ჩვილების კვებაზეც გესაუბროთ. ტრადიციული რჩევები ზოგჯერ ეწინააღმდეგება ახალ კვლევებსა და კულტურულ პრაქტიკებს. ზოგიერთ კულტურაში პოპულარულია „ბავშვის მიერ მართული კვება“ (baby led weaning), როცა ჩვილებს ადრეული თვეებიდან თავად აძლევენ საკვების მიღების საშუალებას. რამდენად ეფექტურია ეს მიდგომა ბავშვის განვითარებისთვის, მათ შორის, საკვების ტექსტურების შესასწავლად? ხომ არ შეიცავს ის ფარულ რისკებს?
რუსუდან ღვამიჩავა: Baby Led Weaning თანამედროვე რეალობაში საკმაოდ აქტიური კვების რეჟიმი გახდა. პირადად ვფიქრობ, რომ ეს მიდგომა ბავშვის კვებითი ჩვევების ჩამოყალიბებისთვის ძალიან საინტერესო და შედეგიანია. ის აძლიერებს დამოუკიდებლობას, რაც ამ ასაკში (დაახლოებით 5-6 თვიდან) განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამასთან, ბავშვს ეძლევა შესაძლებლობა, თავად გაიცნოს საკვები. როდესაც ბავშვს კოვზით აძლევენ საკვებს, რომელსაც თავდაპირველი სტრუქტურა შეცვლილი აქვს, ხშირად მას არ მოსწონს და უყალიბდება ნეგატიური ასოციაცია. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა სენსორულად აღიქვას საკვები – აიღოს ხელში, შეიგრძნოს მისი სტრუქტურა, ფერი, გემო და სუნი. მსგავსი მიდგომა გვეხმარება, რომ ბავშვი არ გახდეს „ცუდი მჭამელი“ (picky eater), რასაც ხშირად სწორედ ბავშვობის პერიოდში ეყრება საფუძველი, მაგალითად, როდესაც ბავშვებს არ მოსწონთ საკვებში მწვანილი ან ხაჭოსა და იოგურტის კონსისტენცია.
ამ მიდგომას მშობლებისგან, განსაკუთრებით კი დედებისგან, დიდი მოთმინება სჭირდება, რადგან, როგორც წესი, ამ დროს ირგვლივ ყველაფერი ისვრება. თუმცა, ბავშვს სჭირდება მაქსიმალური თავისუფლება, რომ თავად გაეცნოს ყველაფერს.
სალომე ჩხეიძე: იზრდება ინტერესი, რომ ბავშვებს ადრეული ასაკიდანვე გავაცნოთ ალერგენები და მრავალფეროვანი კერძები. რა გავლენას ახდენს ეს ჩვილობის დროს ალერგიის განვითარებასა და გემოვნების სპექტრის (palate broadening) გაფართოებაზე ?
რუსუდან ღვამიჩავა: American Academy of Pediatrics (AAP)-ის უახლესი რეკომენდაციების თანახმად, ალერგენების გაცნობა დროულად, მაგრამ დიდი სიფრთხილით უნდა მოხდეს. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ალერგენების დროულმა გაცნობამ შეიძლება ალერგიის განვითარების რისკი შეამციროს. ჩვილობის ასაკში, მყარი კვების დაწყების პერიოდში, მრავალფეროვანი საკვები ქმნის ფართო გემოვნების სპექტრს. ეს მოგვიანებით, ზრდასრულ ასაკში, ეხმარება ადამიანს, რომ ჯანსაღი კვებითი ქცევები ჩამოუყალიბდეს. უფრო გვიან ეტაპზე კი, ერთი და იგივე საკვების მიღების ჩვევის შეცვლა დიდ გამოწვევას წარმოადგენს.
სალომე ჩხეიძე: როგორ უნდა გადავხედოთ დიეტურ რეკომენდაციებს ისე, რომ უკეთ დავაკმაყოფილოთ გენდერულად სპეციფიკური საჭიროებები ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე — მაგალითად, ორსულობის ან მენოპაუზის პერიოდში?
რუსუდან ღვამიჩავა: ვიტყოდი, რომ ხშირად ზოგადი რეკომენდაციები ქალის სხვადასხვა ეტაპს არ ითვალისწინებს. დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალში ამას უფრო მეტად გაითვალისწინებენ, რადგან მხოლოდ ბოლო 20-25 წელია, რაც კვლევებში აქტიურად დაიწყეს ქალების ჩართვა. მანამდე, სამწუხაროდ, კვლევები უმეტესად მამაკაცებზე იყო დაფუძნებული.
ეს სამწუხაროა, რადგან ქალისა და კაცის ფიზიოლოგიური, ბიოლოგიური და მენტალური ჯანმრთელობის სისტემები სრულიად განსხვავებულია. ეს განსხვავებები განსაკუთრებით კვებაში იკვეთება. ქალის ორგანიზმს სხვადასხვა ფაზაში განსხვავებული მოთხოვნილებები აქვს, რადგან ჰორმონალური ცვლილებები მუდმივად მიმდინარეობს.
ქალებისთვის უმნიშვნელოვანესია რკინით მდიდარი საკვების მიღება. ეს შეიძლება იყოს ცხოველური წყაროები (საქონლის ხორცი, ღვიძლი) ან მცენარეული (ლობიო, მუხუდო). მცენარეული რკინის ორგანიზმში შეწოვის გასაუმჯობესებლად, მისი მიღება აუცილებლად C ვიტამინთან ერთად უნდა მოხდეს. რკინადეფიციტური ანემია მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული დეფიციტია და რისკ-ჯგუფებში პირველ რიგში ქალები და ბავშვები შედიან.
ორსულობის პერიოდში მიდგომა, რომ „ორი ადამიანის მაგივრად უნდა ვჭამოთ“, უკვე მოძველებულია. თუმცა, ვიტყოდი, რომ ამ დროს კვების მიმართ ორმაგი კონცენტრაცია ნამდვილად საჭიროა. ორსულობისას რაციონში მეტი ფოლიუმის მჟავა, რკინა, ომეგა-3 და პრობიოტიკები უნდა იყოს. ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს ლაქტაციის თემა, როდესაც დედის ენერგეტიკული მოთხოვნილება დღეში დაახლოებით 450-500 კალორიით იზრდება. გვავხსოვდეს, რომ მშობიარობის შემდეგ დედასაც ზუსტად ისეთივე ყურადღება სჭირდება, როგორც – ბავშვს.
მენოპაუზის პერიოდი ქალებისთვის ხშირად რთული ეტაპია, რადგან იწყება ესტროგენის მკვეთრი კლება, რაც უკავშირდება ძვლის მასის დაქვეითებას, მეტაბოლიზმისა და სხვა ზოგად ცვლილებებს ორგანიზმში. ამ დროს რაციონი უფრო მდიდარი უნდა იყოს კალციუმითა და D ვიტამინით. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება დანამატების ჩართვაც, რადგან საკვებიდან მიღებული D ვიტამინი ხშირად არ გვყოფნის.
გარდა ფიზიკური ცვლილებებისა, ამ დროს მენტალურადაც უნდა დავეხმაროთ ქალბატონებს, რადგან ხშირია წონის მატება, რამაც შეიძლება ხასიათის ცვლილება ან დეპრესიის რისკი გაზარდოს. ამიტომ, საზოგადოებას და ამ სფეროს სპეციალისტებს ეკისრებათ უმნიშვნელოვანესი როლი, რომ ამ პერიოდებში ქალებს მაქსიმალურად დაეხმარონ.
სალომე ჩხეიძე: რას იტყოდით შიმშილის (fasting) შესახებ ქალებში?
რუსუდან ღვამიჩავა: პირადად მე ქალების შემთხვევაში შიმშილობის ნებისმიერ ფორმას ვეწინააღმდეგები. თუ ინტერვალური შიმშილი მაინც კომფორტულია მათთვის, ყველაზე „მეგობრული“ მიდგომა იქნებოდა 16/8 რეჟიმი, სადაც შიმშილის ფაზა 16 საათი გრძელდება. 24-საათიანი ან უფრო ხანგრძლივი შიმშილი, კაცისგან განსხვავებით, ქალისთვის ქმნის პრობლემებს. ზოგადად ქალის ორგანიზმი ძალიან ფაქიზია და მისი მრავალი სისტემის ფუნქციონირება ჰორმონალურ წონასწორობაზეა დამოკიდებული. ამიტომ, მსგავს მკაცრ მიდგომებს არ ვემხრობი.
სალომე ჩხეიძე: ხელოვნური ინტელექტის მზარდი გამოყენების ფონზე, რა სარგებელსა და რისკებს ხედავთ AI-ით მართულ პერსონალიზებულ კვების რაციონში?
რუსუდან ღვამიჩავა: AI ძალიან დიდი დოზით შემოიჭრა ჩვენს ცხოვრებაში და, სავარაუდოდ, ალბათ ასეც დარჩება. ვიტყოდი, რომ ხელოვნური ინტელექტი შეიძლება დაგვეხმაროს, მაგალითად, საკვების კალორიების ანალიზსა და ზოგად რეკომენდაციებში. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ პერსონალიზაცია ამ სფეროში დახვეწილია. კონსულტაციისას უდიდესი როლი აქვს ადამიანურ ფაქტორს: გასაუბრებას, ემპათიას და კონტექსტის გაგებას. პატარა დეტალსაც კი დიდი მნიშვნელობა აქვს, რომელსაც სპეციალისტი მხოლოდ ჩაკითხვის შემდეგ გაიგებს. ამიტომ, AI დამხმარე ხელსაწყოდ უნდა აღვიქვათ და არა მთავარ მრჩევლად. თავად ChatGPT-იც გვპასუხობს, რომ მისი რჩევები არ არის სამედიცინო, რაც ძალიან მნიშვნელოვანი შეხსენებაა და არ უნდა დაგვავიწყდეს.
სალომე ჩხეიძე: და ბოლოს, დღეს არსებულ უამრავ ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციის ფონზე, რა იქნებოდა თქვენი, როგორც კვების ექსპერტის, მთავარი გზავნილი, რომელიც ჩვენს მკითხველს ერთგვარ ნავიგაციაში დაეხმარებოდა?
რუსუდან ღვამიჩავა: ადამიანმა შეიძლება იფიქროს, რომ რაიმეს ჭამას აზრი არ აქვს, რადგან თითქოს ყველა საკვები პრობლემურია. ამიტომ, პირველ რიგში, ვიტყოდი, რომ არ არსებობს და არც არის საჭირო „იდეალური“ დიეტა ან კვების რეჟიმი. კვება უნდა ეფუძნებოდეს ცოდნასა და გაგებას და არა შიშს. ძალიან მნიშვნელოვანია მრავალფეროვნების თემა. კვება და რეკომენდაციები უნდა იყოს მორგებული ჩვენს ინდივიდუალურ საჭიროებებზე და არა, ვთქვათ, მეზობლის რჩევაზე. ხშირად გვგონია, რომ თუ მეზობელს რაღაც დიეტა გამოადგა, ჩვენც შეგვიძლია მსგავსი სარგებლის მიღება.
საკვები არ უნდა აღიქმებოდეს, როგორც უბრალოდ კალორიების ერთობლიობა. ის ენერგიის, სიამოვნების, კულტურისა და ტრადიციების უდიდესი წყაროა. ამის გააზრება მნიშვნელოვანია, რადგან საკვების მიმართ მხოლოდ რობოტული მიდგომა, მიღებულის და დახარჯულის გაანგარიშება, არასწორია.
სოციალურ ქსელში განხილული თემების დროს, რაც არ უნდა საინტერესო იყოს რჩევა, ყოველთვის უნდა გადაამოწმოთ, რა კომპეტენცია აქვს იმ ადამიანს, ვინც ამაზე საუბრობს. ვინაიდან ამ სფეროში რეგულაცია არ არსებობს, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ თვითონ ვიზრუნოთ ინფორმაციის ვალიდურობის შეფასებაზე. გახსოვდეთ, ვიღაცის პირადი გამოცდილება შეიძლება სულაც არ იყოს ჩვენთვის გამოსადეგი და არ გააჩნდეს სამეცნიერო საფუძველი.