ძვლის ტვინისა და ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის შემდეგ, პაციენტების ნახევარზე მეტს სპეციფიკური დაავადება „ტრანსპლანტატი მასპინძლის წინააღმდეგ“ (GVHD) უვითარდება. ამ დროს დონორის იმუნური უჯრედები პაციენტის ორგანიზმს უცხოდ აღიქვამენ და მის ქსოვილებს, უპირველესად კი კანს, უტევენ. კანის ქრონიკული GVHD-ის მიმდინარეობა მხოლოდ დერმატოლოგიური გამოვლინებებით არ შემოიფარგლება. ის ქსოვილების გამკვრივებას, ტკივილსა და მოძრაობის შეზღუდვას იწვევს.
ამ დრომდე არსებული შეფასების მეთოდები ხშირად სუბიექტური იყო და მკურნალობის ეფექტურობას ზუსტად ვერ ასახავდა. სწორედ ამ გამოწვევის საპასუხოდ, NIH-ის 2024-2025 წლების სამუშაო ჯგუფმა დაავადების შეფასების სისტემათა ფუნდამენტური განახლება წარადგინა.
ამჟამად მოქმედი შეფასების სისტემები რამდენიმე კრიტიკულ ხარვეზს შეიცავს, რაც, პირველ რიგში, დიაგნოსტიკის სუბიექტურობაში ვლინდება. სხვადასხვა სპეციალისტი ერთსა და იმავე პაციენტს ხშირად განსხვავებულ ქულას ანიჭებს. ამას სხეულის ზედაპირის ფართობის (BSA) არსებული კატეგორიების უხეში გრადაცია ემატება, რაც მცირე, თუმცა პაციენტისთვის კლინიკურად მნიშვნელოვანი გაუმჯობესების დაფიქსირებას შეუძლებელს ხდის.
სისტემის კიდევ ერთ ნაკლოვანებას დაავადების ფენოტიპების დიფერენციაციის შეუძლებლობა წარმოადგენს. პროტოკოლი აქტიურ ანთებით პროცესებს უკვე ჩამოყალიბებული ფიბროზული დაზიანებებისგან ვერ მიჯნავს, რაც, თავის მხრივ, მკურნალობის არასათანადო ტაქტიკის შერჩევას განაპირობებს. გარდა ამისა, ეთნიკური ინკლუზიურობის თვალსაზრისით, მუქი ფერის კანზე ერითემის იდენტიფიცირება კვლავ პრობლემად რჩება. აღნიშნული სირთულე დიაგნოსტიკური ცდომილების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის.
2025 წლის განახლება
ახალი მეთოდოლოგიური მიდგომა პათოლოგიური პროცესების მკაცრ დიფერენციაციას ეფუძნება. პირველ რიგში, გაიმიჯნა დაავადების ფენოტიპები, რაც ეპიდერმული (ერითემატოზული) და სკლეროზული კომპონენტების მიერ დაკავებული სხეულის ზედაპირის ფართობის (BSA) დამოუკიდებელ შეფასებას გულისხმობს.
სკლეროზის შეფასების პროტოკოლს ისეთი კლინიკური პარამეტრები დაემატა, როგორიცაა: შეშუპება, აქტიური ანთება და სპეციფიკური წყლულოვანი დაზიანებები, ხოლო სახსრების მობილობის ხარისხი დამოუკიდებელ შკალად გამოიყო. გარდა ამისა, სადიაგნოსტიკო პრაქტიკაში ინოვაციური საზომები დაინერგა: SQPS სისტემა კანის რიგიდულობისა და სირბილის ობიექტური შეფასებისთვის, ხოლო SDFI ინდექსი პაციენტის ყოველდღიურ ფუნქციურ შესაძლებლობებზე დაავადების გავლენის განსასაზღვრად.
პაციენტის როლი და ტექნოლოგიური პროგრესი
თანამედროვე პროტოკოლში მნიშვნელოვან სიახლეს ლის სიმპტომების შკალის (LSS) პრიორიტეტიზაცია წარმოადგენს. კლინიკურმა პრაქტიკამ დაადასტურა, რომ პაციენტის მიერ სუბიექტურად აღქმული ქავილი და კანის რიგიდულობა დაავადების დინამიკას სამედიცინო შეფასებაზე ბევრად ადრე და ზუსტად ასახავს. პარალელურად, დიაგნოსტიკურ პროცესში მაღალტექნოლოგიური მეთოდები ინერგება.
კანის სიხისტის განსასაზღვრად, ობიექტური, Myoton-ის აპარატი გამოიყენება. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI) და ხელოვნური ინტელექტის (AI) ალგორითმები კი ღრმა ფიბროზული ცვლილებების ვიზუალიზაციისა და დაზიანებული ფართობის ავტომატური კალკულაციის საშუალებას იძლევა. პროგნოზირების თვალსაზრისით კი გადამწყვეტი მნიშვნელობა სპეციფიკური ბიომარკერების (მაგ. DKK3, BAFF) იდენტიფიცირებას ენიჭება, რაც სისხლის პლაზმაში ცილოვანი პროფილის ანალიზის საფუძველზე დაავადების მიმდინარეობის წინასწარ განსაზღვრას უზრუნველყოფს.
ამრიგად, შეფასების სისტემათა ოპტიმიზაცია მკურნალობის ხარისხის პირდაპირპროპორციულია. უფრო ზუსტი კრიტერიუმების დანერგვა აჩქარებს FDA-ს მიერ ახალი მედიკამენტების ავტორიზაციის პროცესს და თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალური, მიზნობრივი თერაპიის შერჩევას უზრუნველყოფს. მოსალოდნელია, რომ უახლოეს 3-5 წელიწადში აღნიშნული ცვლილებები ტრანსპლანტაციის შემდგომი გართულებების რისკს მნიშვნელოვნად შეამცირებს.
წყარო: Transplantation and Cellular Therapy

