ხელოვნური ინტელექტი კანის კიბოს სადიაგნოსტიკოდ — ბრიტანეთში ახალი ტექნოლოგია დანერგეს

გააზიარე

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის (NHS) კლინიკა კანის კიბოს ადრეული დიაგნოსტირებისთვის ხელოვნურ ინტელექტს იყენებს, რასაც მედიკოსები დიაგნოსტიკის პროცესში „გარდამტეხ მეთოდად“ აფასებენ. ბრედფორდში მდებარე წმინდა ლუკას ჰოსპიტალის დერმატოლოგიურმა გუნდმა საეჭვო წარმონაქმნების გამოსაკვლევად ახალი სისტემა აპრილში დანერგა, რამაც პაციენტთა ლოდინის დრო და არასაჭირო პროცედურების რაოდენობა საგრძნობლად შეამცირა.

სისტემას DERM (Deep Ensemble for the Recognition of Malignancy) ეწოდება და ის კომპანია Skin Analytics-ის მიერ არის შექმნილი. მწარმოებლის მონაცემებით, ხელოვნური ინტელექტი 99.9%-იანი სიზუსტით ადგენს, რომ წარმონაქმნი მელანომა არ არის

პროცედურა შემდეგნაირად მიმდინარეობს: მედპერსონალი საეჭვო ხალის ან დაზიანების სამ ფოტოს იღებს და სისტემაში ტვირთავს, რომელიც მათ სულ რამდენიმე წუთში აანალიზებს. თუ წარმონაქმნი კეთილთვისებიანია, პაციენტი შესაბამის რეკომენდაციას იღებს და კლინიკას ტოვებს, ხოლო საეჭვო შემთხვევებში ის დაუყოვნებლივ სპეციალისტთან იგზავნება. უსაფრთხოების მიზნით, ბრედფორდის ჰოსპიტალში თითოეულ ფოტოს დამატებით ექიმიც ამოწმებს.

ახალი ტექნოლოგიის წყალობით, კლინიკის გამტარუნარიანობა მესამედით გაიზარდა — თუ ადრე ერთ ცვლაში 24 პაციენტის მიღება ხერხდებოდა, ახლა ეს მაჩვენებელი 32-ს შეადგენს. ამასთან, ჰოსპიტალის მონაცემებით, დაახლოებით 10%-ით შემცირდა არასაჭირო ბიოფსიების რაოდენობა.

პლასტიკური ქირურგი, ზაკირ შარიფი აღნიშნავს, რომ ტექნოლოგიამ ლოდინის დროისა და არასაჭირო ჩარევების შემცირებაზე დიდი გავლენა მოახდინა: „სისტემა საოცრად სწრაფად, სულ რამდენიმე წუთში სვამს არასიმსივნურ დიაგნოზს, რამაც განყოფილების მუშაობა საგრძნობლად განტვირთა“.

ტექნოლოგიის ეფექტიანობას ადასტურებს 73 წლის ლოურენს პატენის შემთხვევაც, რომელიც კლინიკაში ზურგზე არსებული საეჭვო ხალის გამო მოხვდა. პაციენტს მრავლობითი მიელომისა და კანის ბრტყელუჯრედოვანი კარცინომის ისტორია აქვს. ხელოვნურმა ინტელექტმა წარმონაქმნი საეჭვოდ შეაფასა, მაგრამ სპეციალისტის შემდგომმა კვლევამ აჩვენა, რომ ის, დიდი ალბათობით, კეთილთვისებიანია. მკურნალი ექიმის, ნადერ ღადერის განმარტებით, AI-ის ჩარევის გარეშე ექიმი თავიდანვე ბიოფსიას ან ხანგრძლივ მონიტორინგს დანიშნავდა. თავად პაციენტი კი აღნიშნავს, რომ დიაგნოსტირების სისწრაფე სიმსივნესთან დაკავშირებული სტრესის შემსუბუქებაში უდიდეს როლს თამაშობს.

დერმატოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელის, ტომ უაითის განცხადებით, ინოვაცია ექიმებს მართლაც კრიტიკულ შემთხვევებზე კონცენტრირების საშუალებას აძლევს. სტატისტიკის მიხედვით, ბრედფორდის ჰოსპიტალში კანის კიბოს ეჭვით წელიწადში დაახლოებით 5 000 რეფერალი ფიქსირდება, მაგრამ ავთვისებიანი სიმსივნე მხოლოდ 8%-ს (400 პაციენტს) უდასტურდება.

ხელოვნური ინტელექტის ეს მოდელი დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობისა და მზრუნველობის ეროვნული ინსტიტუტის (NICE) მიერ NHS-ის სისტემაში მომდევნო სამი წლის განმავლობაშია რეკომენდებული, რათა კლინიკური მტკიცებულებები შეგროვდეს. ის ამჟამად უკვე 40 ბრიტანულ ჰოსპიტალში გამოიყენება.

წყარო: BBC

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები