ჩიკაგოს ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტის (Northwestern University Feinberg School of Medicine) ქირურგებმა უნიკალური ოპერაცია ჩაატარეს. მეცნიერებმა პაციენტს დაზიანებული ფილტვები სრულად მოჰკვეთეს და ადამიანი 48 საათის განმავლობაში ხელოვნური ფილტვების სისტემის მეშვეობით აცოცხლეს.
კვლევა, რომელიც ჟურნალ Med-ში გამოქვეყნდა, ადასტურებს, რომ ხელოვნური ფილტვის ახალ სისტემას პაციენტის სტაბილური მდგომარეობის შენარჩუნება დონორი ორგანოს გამოჩენამდე შეუძლია.
33 წლის პაციენტს გრიპის ვირუსისა და ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ბაქტერიული ინფექციის ფონზე ფილტვები სრულად დაუზიანდა. ინფექცია სისხლშიც გავრცელდა, რის გამოც ტრანსპლანტაცია შეუძლებელი გახდა. საგულისხმოა, რომ აქტიური ინფექციის დროს ორგანოს ტრანსპლანტაცია პაციენტის სიკვდილს გამოიწვევდა.
მეცნიერებმა გამოსავალი ინოვაციურ გადაწყვეტაში იპოვეს. ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტის გულმკერდის ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელმა, ანკიტ ბჰარატმა (Ankit Bharat) და მისმა გუნდმა შუნტების, მილებისა და ტუმბოების სისტემა შექმნეს.
ეს მექანიზმი სისხლს გულის მარჯვენა მხრიდან იღებს, ამდიდრებს ჟანგბადით, გამოდევნის ნახშირორჟანგს და შემდეგ სისხლს პირდაპირ გულის მარცხენა მხარეს გადაამისამართებს, რის შედეგადაც სისხლი მთელს სხეულში ცირკულირებს.
აქამდე მედიცინაში გამოიყენებოდა ექსტრაკორპორალური მემბრანული ოქსიგენაციის სისტემა (ECMO), თუმცა, როგორც პროფესორი ბჰარატი განმარტავს, ECMO არ არის სრულფასოვანი ხელოვნური ფილტვი, რადგან ის გულის მუშაობასა და სისხლის ნაკადის სათანადო მხარდაჭერას ვერ უზრუნველყოფს. ახალმა სისტემამ კი შეძლო გულის ნორმალური ფუნქციონირების შენარჩუნება ფილტვების არარსებობის პირობებშიც კი.
მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ის ფაქტიც, რომ ბაქტერიული ინფექციის მთავარი წყაროს, დაზიანებული ფილტვების, ამოკვეთის შემდეგ, პაციენტის მდგომარეობა სწრაფად გაუმჯობესდა. სხეულის ინფექციისგან გაწმენდისთანავე პაციენტი ტრანსპლანტაციის სიაში მოხვდა და დონორისგან ორგანოც მალევე მიიღო.
ოპერაციიდან ორი წლის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მისი გული და ახალი ფილტვები ნორმალურ რეჟიმში ფუნქციონირებს. ეს პრეცედენტი სამედიცინო სფეროში ახალ შესაძლებლობას აჩენს.
წყარო: Nature

