საუკუნეების განმავლობაში ადამიანებს ნაძვი თუ ფიჭვი სახლში სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად შეჰქონდათ, თუმცა თანამედროვე მეცნიერება დაინტერესდა – არის თუ არა ეს მხოლოდ ესთეტიკური ტრადიცია, თუ მასში უფრო ღრმა ბიოლოგიური კანონზომიერება დევს. ფსიქოსომატური მედიცინის ექსპერტის, თომას ლევის განმარტებით, „რიტუალები ერთდროულად სულიერ და ფიზიკურ საჭიროებებს ემსახურება“. სწორედ ამ ჰიპოთეზის საფუძველზე, მკვლევრებმა ორი სიმბოლური მოქმედების ეფექტურობა შეადარეს: შეუძლია თუ არა ნაძვის სურნელის 5-წუთიან ინჰალაციას ორგანიზმში აზოტის ოქსიდის (NO) ისეთივე მატება გამოიწვიოს, როგორიც საშობაო სიმღერების ღიღინს ახასიათებს.
აღნიშნულ კითხვაზე პასუხის გასაცემად, გერმანიაში, რეგენსბურგის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის გუნდმა, თომას ლევის ხელმძღვანელობით, უნიკალური ექსპერიმენტი ჩაატარა. მათ კლინიკური კვლევის ფარგლებში შეამოწმეს, თუ რა გავლენას ახდენს იმუნურ სტატუსზე შობის ისეთი განუყოფელი ატრიბუტები, როგორიცაა ცოცხალი წიწვოვანი ხის არომატი და მელოდიური ღიღინი.
კვლევის ფარგლებში შეისწავლეს ცხვირის ღრუში აზოტის ოქსიდის (NO) კონცენტრაციის ცვლილება – ნივთიერებისა, რომელიც ორგანიზმის ანტივირუსული თავდაცვის საკვანძო მექანიზმს წარმოადგენს. მიღებული შედეგები ფუნდამენტური მნიშვნელობისაა, ვინაიდან NO ახდენს იმუნური პასუხის მობილიზებას ისეთი პათოგენების წინააღმდეგ, როგორიცაა SARS-CoV-2; ამასთანავე, ის აუმჯობესებს მიკროცირკულაციას და ამცირებს ზამთრის სეზონური დაავადებების რისკს.
წიწვოვანი მცენარეების ეთერზეთები წარმოადგენს ბიოაქტიურ აგენტებს, რომლებიც სწრაფად ააქტიურებენ ნაზალური ლორწოვანის თავდაცვით მექანიზმებს და ასტიმულირებენ ენდოგენური აზოტის ოქსიდის (NO) სინთეზს. ანალოგიური ეფექტი ახასიათებს მელოდიურ ღიღინსაც – აკუსტიკური ვიბრაცია მკვეთრად აძლიერებს NO-ს ექსპრესიას ცხვირის ღრუსა და დანამატ წიაღებში.
აზოტის ოქსიდი ვირუსული ინვაზიის წინააღმდეგ iNOS (ინდუციბელური აზოტის ოქსიდის სინთაზა) ფერმენტის გააქტიურების გზით იბრძვის. აღნიშნული მექანიზმი განსაკუთრებით კრიტიკული გახდა COVID-19-ის პანდემიის პერიოდში, ვინაიდან NO-ს გააჩნია პირდაპირი უნარი, შეზღუდოს ვირუსის რეპლიკაცია (გამრავლება) და ხელი შეუშალოს მის შეღწევას მასპინძლის უჯრედებში.
რანდომიზებულ ჯვარედინ (Crossover) კვლევაში ჯანდაცვის სფეროს 16 ჯანმრთელი მოხალისე ჩაერთო. საწყის ეტაპზე NIOX VERO-ს აპარატით განისაზღვრა ამოსუნთქულ ჰაერში აზოტის ოქსიდის ბაზისური კონცენტრაცია (FeNO) და რელაქსაციის სუბიექტური დონე.
შემდგომ ეტაპზე მონაწილეებმა რანდომიზებულად შეასრულეს ორი ტიპის ინტერვენცია: 5-წუთიანი წიწვოვანი არომატის ინჰალაცია და საშობაო მელოდიების ღიღინი ნაზალური ვიბრაციის სტიმულირებისთვის. ხანმოკლე პაუზის შემდეგ, ჯვარედინი მეთოდოლოგიის შესაბამისად, ჯგუფებმა როლები გაცვალეს, რამაც თითოეულ სუბიექტს ორივე სტიმულაციის გამოცდის საშუალება მისცა. ყოველი პროცედურის დასრულებისთანავე წარმოებდა FeNO-ს განმეორებითი მონიტორინგი აზოტის ოქსიდის ექსპრესიის დინამიკის შესაფასებლად.
კვლევის შედეგები:
ინტერვენციამ აზოტის ოქსიდის დინამიკის თვალსაზრისით საინტერესო მაჩვენებლები გამოავლინა: წიწვოვანი არომატის ინჰალაციისას NO-ს კონცენტრაციის მატება მონაწილეთა 44%-ში დაფიქსირდა, 25%-თან სტაბილური ნიშნული შენარჩუნდა, ხოლო 31%-ში მცირედი კლება აღინიშნა. ღიღინის ეფექტი ანალოგიური აღმოჩნდა – ექსპრესიის ზრდა 43%-ში გამოვლინდა, 19%-თან მაჩვენებელი უცვლელი დარჩა, ხოლო 38%-ში შემცირდა.
კვლევის უმთავრეს მიგნებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მონაწილეთა 69%-ში აზოტის ოქსიდის დონე სულ მცირე ერთი მეთოდის გამოყენებისას მაინც გაუმჯობესდა. პოზიტიური დინამიკა საერთოდ არ გამოვლინდა სუბიექტების მხოლოდ 25%-ში, რომელთაც პროფესორმა თომას ლევმა ხუმრობით „საშობაო გრინჩები“ უწოდა.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგადი სტატისტიკური მნიშვნელობა (p-value) მაღალი იყო, ინდივიდუალური რეაქციები კლინიკურად საყურადღებო აღმოჩნდა. განსაკუთრებით მკვეთრი მატება დაფიქსირდა იმ პირებში, რომელთაც საწყის ეტაპზე NO-ს ბაზისურად დაბალი მაჩვენებელი ჰქონდათ.
ზამთრის პერიოდი ორგანიზმისთვის კომპლექსურ გამოწვევას წარმოადგენს: ვიტამინების დეფიციტი, ვირუსული აქტივობის ზრდა და სეზონური ემოციური დისბალანსი პირდაპირ აისახება ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობაზე. თუმცა, თომას ლევი ასკვნის, რომ ნაძვის სურნელი ან ღიღინი იმუნურ პასუხს ადამიანების 40%-ზე მეტში ააქტიურებს, ხოლო მათი კომბინაცია ამ მაჩვენებელს თითქმის 70%-მდე ზრდის. „რიტუალებში ბიოლოგიური სიბრძნე დევს“, – აღნიშნავს ის. ეს მიდგომა სამომავლოდ შესაძლოა ისეთი თერაპიული პრაქტიკების მეცნიერულ დასაბუთებად იქცეს, როგორიცაა ჰიდროთერაპია საუნაში ან „ტყის აბაზანები“ (Forest bathing), რაც ორგანიზმის ბუნებრივი ძალების მობილიზებას ეფუძნება.
წყარო: MedCrave

