გულის დაავადებების მქონე ზრდასრულებს, რომლებსაც დღე-ღამეში ცხრა ან მეტი საათი სძინავთ, შესაძლოა, ნაადრევი სიკვდილის უფრო მაღალი რისკი ჰქონდეთ. ასეთია სამეცნიერო ჟურნალ PLOS One-ში გამოქვეყნებული კვლევის დასკვნა, რომელმაც ძილის ხანგრძლივობასა და სიკვდილიანობას შორის კავშირი აშშ-ის 3 000-ზე მეტ ზრდასრულ მოქალაქეს შორის შეისწავლა.
დასკვნაში ცალსახად არის აღნიშნული, რომ საკმარისი ძილი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. თუმცა გულის პრობლემების მქონე ადამიანებში ზედმეტად ხანგრძლივი ძილი შესაძლოა ჯანმრთელობის სხვა პრობლემებზე მიანიშნებდეს.
“ჯორჯიის სამხრეთ უნივერსიტეტის” მკვლევრებმა შეისწავლეს 2004 წლის ჯანმრთელობის ეროვნული გამოკითხვის მონაცემები, რომელშიც თითქმის 95 000 ადამიანი მონაწილეობდა. მათი კვლევის არეალში გულის დაავადებების მქონე 3 287 ზრდასრული მოექცა. მონაწილეებს ეკითხებოდნენ, ჩვეულებრივ რამდენი საათი ეძინათ 24 საათის განმავლობაში.
მკვლევრებმა ისინი ძილის ხანგრძლივობის მიხედვით სამ ჯგუფად დაყვეს: 6 საათამდე ან 6 საათი, 7-დან 8 საათამდე და 9 საათი ან მეტი. შემდეგ სიკვდილიანობის ეროვნულ ჩანაწერებს გადახედეს, რათა გაერკვიათ, რამდენი მათგანი გარდაიცვალა 2019 წლის ბოლომდე და რა მიზეზით.
მხოლოდ იმის ცოდნა, თუ როდის და რისგან გარდაიცვალა ხალხი, სრულ სურათს არ იძლეოდა. მაგალითად, თუ რომელიმე ჯგუფში უფრო მეტი ადამიანი დაიღუპა, ხომ არ იყო ეს იმის ბრალი, რომ უფრო ასაკოვნები იყვნენ ან ჯანმრთელობის სხვა პრობლემები ჰქონდათ? ძილის ხანგრძლივობასთან რეალური კავშირის დასანახად, გუნდს სხვა ფაქტორებიც უნდა გაეთვალისწინებინა – მათ შორის ასაკი, თამბაქოს ან ალკოჰოლის მოხმარება და სხვა დაავადებები.
კვლევის თანახმად, ხანგრძლივი ძილი შესაძლოა ჯანმრთელობის პრობლემებზე მიანიშნებდეს. კვლევის ფარგლებში, 15-წლიანი დაკვირვების განმავლობაში მონაწილეთა თითქმის ნახევარი გარდაიცვალა. აქედან დაახლოებით 17% გულთან დაკავშირებული, ხოლო 33% – სხვა მიზეზებით. თუმცა, მათ შორის ძილის ხანგრძლივობის მიხედვით მკაფიო განსხვავებები გამოიკვეთა.
სხვა ფაქტორების გათვალისწინების შემდეგაც კი, მათ, ვისაც დღე-ღამეში ცხრა ან მეტი საათი ეძინა, ნებისმიერი მიზეზით სიკვდილის 51%-ით მაღალი რისკი ჰქონდათ, ხოლო გულის დაავადებებით სიკვდილის 53%-ით მაღალი რისკი, ვიდრე მათ, ვისაც შვიდიდან რვა საათამდე ეძინა.
ამასთან, ექვსი საათით ან ნაკლები ხანგრძლივობით ძილი სიკვდილის გაზრდილ რისკთან მნიშვნელოვნად დაკავშირებული არ ყოფილა, ხოლო ყველაზე დაბალი რისკი დაფიქსირდა მათ შორის, ვისაც დღე-ღამეში დაახლოებით ექვსიდან შვიდ საათამდე ეძინა.
„ამდენად, ჩვენი შედეგები იმაზე მიუთითებს, რომ ხანგრძლივი ძილი უფრო მეტად ფარული მოწყვლადობის ნიშანია, ვიდრე პირდაპირი გამომწვევი მიზეზი“, – წერენ ავტორები ნაშრომში.
მარტივად რომ ვთქვათ, ძილის ხანგრძლივობა ექიმებს შეიძლება დაეხმაროს ისეთი პაციენტების დიაგნოსტირებაში, რომლებსაც სხვა პრობლემებიც აქვთ და დამატებითი კვლევები სჭირდებათ. თუმცა, მონაწილეებს ძილის ხანგრძლივობა მხოლოდ ერთხელ ჰქონდათ მითითებული, ამიტომ უცნობია, შეიცვალა თუ არა მათი ძილის რეჟიმი წლების განმავლობაში.
ავტორები აქვე აღნიშნავენ, ძილსა და სიკვდილის გაზრდილ რისკთან დაკავშირებით საჭიროა დამატებითი კვლევებიც.
წყარო: medicalxpress.com

