„დაბერება გარდაუვალია, გაზრდა – არჩევანი“ – უოლტ დისნეი.
მე გაზრდა ავირჩიე. ამ სტატიაზე მუშაობის დროს პირადად შევეჩეხე, რამდენად რთულია ხანდაზმულობაზე წერო ისე, რომ შენს გარშემო გამოცდილებებს გაექცე და შენსავე „ბაბლში“ არ ჩაიკეტო. ამ სტატიაში შეგხვდებათ რიცხვები, ტენდენციები, მათი ანალიზის მცდელობა და მაგალითი, ხანდაზმულთა ზრუნვის ისტორიაში ახალი გვერდის გადასაშლელად.
დაბერების რიცხვები

21-ე საუკუნემ მოიტანა ერთ-ერთი ყველაზე გარდამტეხი დემოგრაფიული ძვრა კაცობრიობის ისტორიაში — მოსახლეობის გლობალური დაბერება. პირველად, 60 წელს გადაცილებულთა რაოდენობა იმატებს უფრო სწრაფად, ვიდრე სხვა ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფი. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პროგნოზით, 2050 წლისთვის ხანდაზმულთა გლობალური რაოდენობა 2.1 მილიარდს მიაღწევს, რაც 2020 წლის მაჩვენებელზე ორჯერ მეტია. ამავე გათვლებით, 80 წელს გადაცილებულთა რაოდენობა 2020-დან 2050 წლამდე სამჯერ, 426 მილიონამდე, გაიზრდება.
ისევ გაეროს მონაცემებზე დაყრდნობით, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაც გლობალურ ტრენდს მიჰყვება: მოსალოდნელი პროგნოზის მიხედვით, 2050 წლისათვის ხანდაზმული – 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი 25% გახდება. ეს ტენდენცია მსოფლიო ჯანდაცვის სისტემებისთვის, ლოკალურად და გლობალურად, სოციალური პოლიტიკისთვის როგორც გამოწვევებს, ისე შესაძლებლობებს ქმნის. კერძო სექტორის აქტიური ჩართულობის გარეშე, მდგრადი შედეგების მიღწევა შეუძლებელი იქნება.
ზრუნვა ხანდაზმულებზე: რას გვკარნახობს საღი აზრი?

ხანდაზმულებზე ზრუნვის ნაწილში ბევრი ფაქტორი შეიძლება გამოვყოთ, თუმცა, რამდენიმეზე ალბათ შეჯერება არ გაგვიჭირდება. კერძოდ:
-
ხანდაზმულებისთვის მორგებული გარემო უკეთესია ცხოვრების, ზრდის, მუშაობის, გართობის და დაბერებისთვის. ასეთი გარემოს შექმნა შესაძლებელია ჯანმრთელი დაბერების სოციალური ფაქტორების გაუმჯობესებით და ყველა ადამიანისთვის, მიუხედავად მათი ფიზიკური თუ მენტალური შესაძლებლობებისა, იმის უზრუნველყოფით, რომ გააგრძელონ ის საქმეები, რაც უყვართ და ღირსეულად იცხოვრონ.
-
ბევრ ხანდაზმულს ფიზიკური და მენტალური შესაძლებლობები უქვეითდება და დამოუკიდებლად თავის მოვლა აღარ შეუძლია. ასეთ ადამიანებს აუცილებლად სჭირდებათ ხარისხიანი და ხელმისაწვდომი გრძელვადიანი ზრუნვა, რათა შეინარჩუნონ ფუნქციური უნარები, ღირსეულად იცხოვრონ და ისარგებლონ ფუნდამენტური უფლებებით.
-
ამასთან, ხანდაზმულებს სჭირდებათ ისეთი ყოვლისმომცველი სერვისები, რომლებიც ხელს შეუწყობს ფიზიკური და მენტალური შესაძლებლობების შენარჩუნებას, გაძლიერებას ან აღდგენას. ეს სერვისები უნდა იყოს პიროვნებაზე მორგებული, ჯანდაცვით და სოციალურ სხვადასხვა სექტორს შორის კოორდინირებული და არ უნდა იწვევდეს ადამიანების გაღარიბებას.
არჩევანი: როგორი გარემოა საქართველოში?
საქართველოში ხანდაზმულებზე ზრუნვის მხრივ, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა. ამას ადასტურებს სახალხო დამცველის მიერ 2023 წელს ჩატარებული მონიტორინგის დასკვნაც. დოკუმენტის დეტალური მიმოხილვით არ დაგღლით. მოკლედ შეგიჯამებთ იმ მთავარ მიგნებებს, რაც როგორც საბიუჯეტო (ცენტრალური თუ ადგილობრივი), ისე კერძო დაფინანსებით მოქმედ დაწესებულებებში გამოვლინდა:
-
დასაქმებული დამხმარე პერსონალის შრომითი უფლებები საკმაოდ ხშირად ირღვევა.
-
ასევე ირღვევა ხანდაზმულ პირთა ნების ავტონომია, კერძოდ: ჩარიცხვისას განცხადებაზე არ არის მკაფიოდ გამოხატული ხანდაზმულის ნება და მის ნაცვლად განცხადებას ხელს აწერს ხანდაზმულის ოჯახის წევრი.
-
ხანდაზმულთა დაწესებულებების ნაწილი არ არის კეთილმოწყობილი, არ აქვთ ადეკვატური ინფრასტრუქტურა.
-
ბენეფიციარები მძიმე ანტისანიტარიულ, ღირსების შემლახველ პირობებში იმყოფებიან.
-
ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარებზე ზრუნვა ძირითადად ჰიგიენური და ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებით ამოიწურება, ხოლო ზრუნვის ხარისხი არ შეესაბამება მინიმალურ მოთხოვნებს.
-
დარღვეულია მზრუნველებზე ბენეფიციართა განაწილების სტანდარტები და არ აქვთ სპეციალური ცოდნა ხანდაზმულთა მოვლისა და ზრუნვის საჭიროებების შესახებ.
-
მზრუნველებს არ აქვთ პროფესიული განვითარების შესაძლებლობა.
-
ხანდაზმულებს არ მიეწოდებათ მინიმალური სტანდარტების შესაბამისი მომსახურება, ისინი ხშირად დისკრიმინაციულ და ღირსების შემლახველ მდგომარეობაში არიან.
-
დაწესებულებაში უგულებელყოფილია ხანდაზმულთა ჯანმრთელობის დაცვა.
-
დაწესებულებაში დარღვეულია კვების სტანდარტი. მენიუს შემადგენლობა ღარიბი და არასრულფასოვანია. არ არის დაცული საკვების ენერგეტიკული ღირებულებების ბალანსი და ერთფეროვანია.
-
ბენეფიციარების ძირითადი ნაწილი ინფორმირებული არ არის საკუთარი უფლებების შესახებ.
-
სერვისებში არ არის გათვალისწინებული ხანდაზმული ასაკის ბენეფიციართა ემოციური მოწყვლადობა და ფსიქიკურ ჯანმრთელობას არ ექცევა სათანადო ყურადღება. ამასთანავე, ბენეფიციართა შორის ფსიქიატრიული პრობლემების მქონე ბენეფიციართა სიხშირე მაღალია.
-
დაბალია ბენეფიციართა ინფორმირებულობის დონე ხანდაზმულთა დაწესებულებებში მათი უფლებების შესახებ.
აქცენტი სტიგმაზე: რას აფუჭებს ასეთი გარემო ფუნდამენტურად?
მოუწესრიგებელი გარემოს ნაწილში კიდევ ბევრ ასპექტზე შეიძლება ყურადღების გამახვილება, თუმცა, ყველაზე ადვილად ალბათ ერთ რამეზე შევთანხმდებით: ასეთი გარემო აძლიერებს ისედაც ძლიერად ფესვგადგმულ სტიგმას, რომ ხანდაზმულებისთვის საკუთარ სახლს მიღმა, პროფესიონალური ზრუნვის უზრუნველყოფა, სინამდვილეში, ხანდაზმულთა „თავიდან მოშორება“, მათი სპეციალურ დაწესებულებაში „ჩაბარება“ და სხვა მსგავსი ღირსებაშემლახავი ტერმინებით გაჯერებული შეფასებებია.
ერთი საინტერესო მიგნება, რაც ამ ნაწილში შემიძლია გაგიზიაროთ ამ სტატიისთვის დამუშავებული ლიტერატურის თუ სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკების ანალიზის საფუძველზე ის არის, რომ სტიგმის არსებობა შეიძლება დავადგინოთ როგორც განვითარებულ დასავლურ, ისე ნაკლებად განვითარებულ პოსტ–საბჭოთა სივრცეშიც. ოღონდ ეს ორი ერთმანეთისგან განსხვავებული სტიგმაა. შევეცდები, ორი განზოგადებული ციტატის მაგალითზე დაგანახოთ ეს განსხვავება.
„ზედმეტად ახალგაზრდა და აქტიური ვარ ხანდაზმულთა დაწესებულებისთვის“ – ამ ციტატაში ყველაზე უკეთ ჩანს დასავლურ კვლევებში ხაზგასმული მიგნება, რომ მართალია დასავლეთ ევროპასა და ამერიკის გარკვეულ ნაწილში 50–80 წლის ზრდასრულების 80%–ს გაშინაგანებული აქვს ხანდაზმულთა შესახებ გავრცელებული სტერეოტიპები – ნაკლებად აქტიური, ცხოვრების უარესი ხარისხით და ა.შ. – თუმცა, დასავლური სივრცის განვითარების დონე მათ უქმნის იმის შესაძლებლობას, რომ დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილება, სად და როგორ სურთ ღირსეული სიბერის გატარება. „თავისუფლების წლების“ დაგეგმვისას ამ არჩევანის შედარებით მშვიდად და რაციონალურად გათვალისწინებაც ხდება და მენტალური ჯანმრთელობის შესაძლო პრობლემების გადაზღვევის მექანიზმიც.
„როგორ ჩავაბარო მშობელი მოხუცებულთა თავშესაფარში; რას იტყვიან?!“ – ეს ციტატა ყველაზე უკეთ გამოხატავს საბჭოთა კულტურას, სადაც ადამიანის ხანდაზმულთა დაწესებულებაში მიბარება ხშირად ინტერპრეტირებულია, როგორც მისი მიტოვება და უდიდეს სირცხვილად აღიქმება. ამასთან, ამ ფორმულირებიდან მთლიანად არის ამოვარდნილი იმ ადამიანის ნება, ვინც საბოლოო ჯამში, უნდა იცხოვროს ხანდაზმულთა დაწესებულებაში.
სტატიას სულ ოდნავ რომ აუყვეთ და საქართველოში არსებული გარემო კიდევ ერთხელ გაანალიზოთ, მიხვდებით, რომ ის ჯერ კიდევ რჩება სტიგმის გამაძლიერებლად და არა – შემამსუბუქებლად. ციტატაში მოყვანილი უხეში სიტყვებიც ზუსტად ასახავს იმ განწყობას, რაც ამ ტიპის გადაწყვეტილებას ჯერ კიდევ თან სდევს საქართველოში.
აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველოში ხანდაზმულები მოსახლეობის განსაკუთრებულად მოწყვლადი ჯგუფია, მაღალია ხანდაზმულთა შორის სოციალურად დაუცველთა და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა სიხშირე. 65 და მეტი წლის ასაკობრივი ჯგუფის მოსახლეობის 84%-ის შემოსავლის ძირითადი წყარო პენსიაა და ყოველი მე-5 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. ამდენად, შეგვიძლია თამამად ვივარაუდოთ, რომ სტიგმაში ამ განსხვავების საფუძველი სწორედ განვითარების დონეა. იქ, სადაც სისტემა ინსტიტუციურად არის გამართული: საპენსიო ფონდები კარგად მუშაობს, ხანდაზმულებს საკუთარი შემოსავალი აქვთ და მათთვის ხანდაზმულთა დაწესებულებებში ცხოვრება მძიმე ფინანსურ ტვირთად არ იქცევა — იქ, როგორც წესი, ამ გადაწყვეტილებას თავად ხანდაზმულები იღებენ. ამ თვალსაზრისით, ყველაზე წინწასული ამერიკის შეერთებული შტატებია: თუ ევროპაში ხანდაზმულთა დაწესებულების არჩევანი ჯერ კიდევ საჭიროებაზეა დამოკიდებული, ამერიკის შეერთებულ შტატებში ის უკვე ერთგვარი ცხოვრების სტილის ფორმას იძენს: იზრდება მოთხოვნა რეზორტის ტიპის ძვირადღირებულ დაწესებულებებზე, სადაც ხანდაზმულთა სამეგობრო წრე დროის ერთად გატარებას არჩევს. ეს პრაქტიკა ჯერ მხოლოდ გამონაკლისია, თუმცა ფაქტია, განვითარებულ სამყაროში სტიგმას საფუძველი უფრო ადვილად ერყევა.
ფიზიკური ჯანმრთელობის მიღმა: რას ცვლის მარტოობა?
მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის სოციალურად მდგრადი კავშირები აუცილებელია. სოციალური იზოლაცია და მარტოობა, ყველა ასაკის ადამიანისთვის, მათ შორის ხანდაზმულებისთვის, მნიშვნელოვანი, თუმცა ხშირად უგულებელყოფილი სოციალური ფაქტორებია.
სოციალური იზოლაცია და მარტოობა ფართოდ არის გავრცელებული. მსოფლიოში, დაახლოებით 16% ანუ ყოველი 6 ადამიანიდან ერთი მარტოობას განიცდის. ბოლო მონაცემებით, მარტოობა ყველაზე ხშირია მოზარდებსა და ახალგაზრდებში, თუმცა იგი ყველა ასაკობრივ ჯგუფში გვხვდება, მათ შორის ხანდაზმულებში, სადაც დაახლოებით 11.8% მარტოობას განიცდის. კვლევების დიდი რაოდენობა ადასტურებს, რომ სოციალური იზოლაცია და მარტოობა სერიოზულად აზიანებს როგორც ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას, ასევე სიცოცხლის ხარისხსა და ხანგრძლივობას.
გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) კვლევის, „მარტოობა ხანდაზმულებში“, მიხედვით, საქართველოში სოციალურად მეტ-ნაკლებად მარტოსულთა მაჩვენებელი 45%-ს უტოლდება, ხანდაზმული მოსახლეობის 52% თავს ემოციურად მეტ-ნაკლებად მარტოსულად მიიჩნევს. კვლევის მიხედვით, ხანდაზმულები ემოციურ მარტოობას უფრო განიცდიან, ვიდრე სოციალურს. ემოციურ მარტოობას უკიდურესად მძაფრად 28% გრძნობს, სოციალური მარტოობის შემთხვევაში მაჩვენებელი 16%-ია.
კვლევის შედეგების ასეთ განაწილებას საქართველოში ხანდაზმულთა დღის ცენტრების, კლუბების და ისეთი სოციალური სივრცეების არარსებობაც უწყობს ხელს, სადაც ხანდაზმულ ადამიანებს დროის საინტერესოდ გატარების შესაძლებლობა ექნებოდათ.
მედიაწყაროებში იძებნება, რომ დაახლოებით ორი წლის წინ, კვლევითმა კომპანია „დართმა“ თბილისში მცხოვრებ, 417 შუახნის ადამიანს ჰკითხა, მათი აზრით, არის თუ არა მოთხოვნა საქართველოში ხანდაზმულთა მაღალი კლასის (სასტუმროს ტიპის) სახლზე. გამოკითხულთა 94% ამ იდეას დადებითად აფასებდა. დაახლოებით 4% – უარყოფითად. დანარჩენს კი პასუხის გაცემა უჭირდა. კითხვაზე – ხანდაზმულ ასაკში, შესთავაზებდით თუ არა თქვენს ოჯახის წევრს (რომელსაც არანაირი სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს) ამ ტიპის სახლში ცხოვრებას, -48%-მა თქვა, რომ არა; 32%-მა თქვა, რომ კი, შესთავაზებდა; 9%-ზე უფრო მეტმა თქვა, რომ უფრო არა, ვიდრე კი, ხოლო 10%-ს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა გაუჭირდა.
რესპონდენტები საკუთარ უარყოფით პასუხებს უფრო სიღრმისეულად ყველაზე ხშირად სწორედ სტიგმაზე აპელირებით ხსნიდნენ. სტიგმის წელში გადატეხა „ლელიანმა“ დაისახა მიზნად.
„ლელიანი“ – პატივისცემა, მხარდაჭერა, სიყვარული
ერთდროულად 50 მობინადრეზე გათვლილი, 24-საათიანი დაწესებულება – სასტუმროს ტიპის სახლი მცხეთაში, ხმაურიანი, ქაოსური გარემოსგან მოშორებით, მშვიდ, მყუდრო ადგილას – ეს „ლელიანია“ – მაღალი სტანდარტის ოჯახური ტიპის სახლი 65+ ადამიანებისთვის, რომელიც 2024 წელს გაიხსნა და 3 მიმართულებით მუშაობს:
-
ალცჰაიმერი და დემენცია.
-
სრული საექთნო, პოსტ ოპერაციული მოვლა და პალიატიური ზრუნვა.
-
ამოსუნთქვის სერვისი (რამდენი დღით 65+ ადამიანის განთავსება).
სახლს სამი დამფუძნებელი ჰყავს: ნიკოლოზ გამყრელიძე, ნინო კიკნაძე და დავით კილაძე. თავიდანვე ჩანაფიქრი იყო ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ხანდაზმულები მშვიდად, საინტერესოდ და ბედნიერად გაატარებდნენ თავიანთი ცხოვრების ამ მნიშვნელოვან ეტაპს.
„ბებიას ედგა ეს საჭიროება და სულ ვდარდობდი, რომ არ არსებობდა ღირსეული ზრუნვის დაწესებულება“ – იხსენებს ნიკოლოზ გამყრელიძე. თუმცა, ბიზნესად ამ მოტივაციის ქცევა არცთუ ადვილი გადაწყვეტილება გამოდგა, რადგან უკუგების და მოგების თვალსაზრისით გათვლები აქ მხოლოდ გრძელვადიანია. რასაც ნიკოლოზი მარტო ვერ შეძლებდა, შეძლო პარტნიორებთან ერთად. ისე გამოვიდა, რომ მის ამ ემოციურ დამოკიდებულებას მიზნის მიმართ ისინიც სრულად იზიარებდნენ და საბოლოოდ, „ჩვენ ეს გრძელვადიანობის რისკი საკუთარ თავზე ავიღეთ“ – ამბობს ნიკოლოზ გამყრელიძე.

ნინო კიკნაძეს სახალხო დამცველის ანგარიშზე ჰქონდა ნამუშევარი და საკუთარი თვალით ჰქონდა ნანახი, თუ რა სავალალო მდგომარეობაა ამ სფეროში მინიმალური სტანდარტების დაცვის თვალსაზრისით. „კოპირებას ვერ გააკეთებ – ამბობს ნინო კიკნაძე კითხვაზე საპასუხოდ: როგორი მოდელი აირჩია საბოლოო ჯამში „ლელიანმა“ – საქართველოში ყოველთვის უნიკალური მოდელი მუშაობს“.
სახლი სამ დამოუკიდებელ ფლიგელადაა დაყოფილი: ალცჰაიმერი, დემენცია; ხანგრძლივი საექთნო და პალიატიური ზრუნვა; ხანდაზმულთა დასვენების ნაწილი.
„ღირსეული სიბერე არის ის, რომ ხარ ქმედითი – ფიზიკურად და მენტალურად – ხარ უზრუნველყოფილი მატერიალურად და თუ გაქვს სურვილი, რომ ზრუნვის სახლში იცხოვრო, ამის არჩევანიც გაქვს“ – ამბობს ნიკა გამყრელიძე და იქვე დასძენს, რომ „ლელიანის“ მთავარი ამოცანა იყო, რომ სახლი არ დამსგავსებოდა ჰოსპიტალს ან კლინიკას. „უფრო გვინდოდა, რომ მოსულიყვნენ სასტუმროში“ – აზუსტებს ნინო კიკნაძე. „და ჰქონოდათ სახლის განცდა“ – დასძენს დავით კილაძე.
დავით კილაძის თქმით, საქართველოში სახლის განცდის გარეშე არ გამოდის, რადგან თითქოს დაუწერელი კანონია, რომ ოჯახებში, სადაც როგორც წესი, რამდენიმე თაობა ერთად ცხოვრობდა ხოლმე, ახალგაზრდამ ხანდაზმულს უნდა მოუაროს. „თუმცა – მოვლა – ეს პროფესიული საკითხია; პროფესიულ ცოდნას საჭიროებს – ამბობს დავით კილაძე – პროფესიული მოვლა სახლში ყოველთვის არ არის შესაძლებელი, ამიტომ სჯობს, ადამიანი ისეთ გარემოში იყოს, სადაც მასზე პროფესიონალები ზრუნავენ“.
ნინო კიკნაძე „ლელიანს“ სხვა სერვისებთან ერთად ყველაზე მეტად სწორედ პოსტოპერაციულ მოვლას უწონებს. მისი თქმით, ამ სერვისით განსაკუთრებით კმაყოფილები არიან როგორც მობინადრეები, ისე მათი ოჯახები. მეორე მხრივ, „ლელიანში“ იმასაც აცნობიერებენ, რომ ასაკში შესული ადამიანებისთვის სოციალიზაციასა და ცხოვრების ცოცხალ რიტმს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამიტომ, ძირითადი მომსახურების გარდა, „ლელიანი“ მობინადრეებს ფიზიკურ, სოციალურ, კულტურულ, საგანმანათლებლო და გასართობ აქტივობებსაც სთავაზობს – ნარდი, ბანქო, რესტორანში და მუზეუმში გასვლა, ცეკვის კლასი, კოსმეტიკის მასტერკლასები, კითხვის საღამოები – „ლელიანის“ მობინადრეებს ფართო არჩევანი აქვთ.
„ვგრძნობთ რომ ბედნიერები არიან – ამბობს დავით კილაძე – ურთიერთობა აქვთ თავიანთი ასაკის ხალხთან. სახლში არიან – ეს განცდა აქვთ. შინ დაბრუნების სურვილი სულ ექნებათ, მაგრამ საკმარისია, აქ 3-4 დღე გაატარონ, რომ ხვდებიან – ღირს „ლელიანისთვის“ შანსის მიცემა“.
დღეს „ლელიანი“ 50%-იანი დატვირთვით მუშაობს. როგორც ნინო კიკნაძე გვეუბნება, მთავარი ის არის, რომ მობინადრეები თავიანთ ამბებს აზიარებენ, სხვა ადამიანებს უყვებიან „ლელიანის“ გამოცდილების შესახებ და ახალი მობინადრეების რაოდენობაც ამ გზით იზრდება. „საკუთარი ოთახის მიმართ მიჯაჭვულობა უჩნდებათ. ოთახი ხდება მათთვის სახლი“ – ამბობს ნინო კიკნაძე.
„ლელიანის“ დამფუძნებლები ყველაზე მეტს იმაზე ფიქრობენ, როგორ ამოძირკვონ სიტყვა – „ჩაბარება“ – ყველაზე უხეში სიტყვა, რომელიც საუკეთესოდ ასახავს საქართველოს რეალობაში ჯერ კიდევ ფართოდ ფესვგადგმულ სტიგმას, რომელიც ერთი მხრივ, ოჯახის წევრს იმაზე მეტ პასუხისმგებლობას ატვირთვინებს, რის ზიდვაც მას შეუძლია და მეორე მხრივ, რიგ შემთხვევებში მდგომარეობის შემსუბუქების და რისკების შემცირების ნაცვლად, საზოგადოებრივი აზრის წნეხის გავლენით, პირიქით, ხანდაზმულისთვის შესაძლოა ამ რისკებს ზრდიდეს კიდეც.
„ლელიანის“ დამფუძნებლები სტიგმის გარდამტეხად საუკეთესო გამოცდილების შექმნას მიიჩნევენ. გაცნობიერებული აქვთ, რომ რეალურად, აქამდე არსებული სერვისები, რის გამოცდილებაც მობინადრეებს და მათ ოჯახებს ნაკლები კონკურენციის პირობებში და დასავლური სტანდარტის არჩევანის გარეშე ჰქონდათ, ზუსტად შეესაბამებოდა საზოგადოებაში გაბატონებულ უგულო ტერმინს – „ჩაბარება“. თუმცა იმასაც აკვირდებიან, რომ მაღალი ხარისხის სერვისი, პატივისცემა, მხარდაჭერა და სიყვარული დამოკიდებულებებს ცვლის.
ნიკოლოზ გამყრელიძემ ინტერვიუს დროს ერთი მობინადრე გაიხსენა, რომელსაც პოსტოპერაციული მოვლა სჭირდებოდა და რომელიც, მისივე სიტყვებით, „ძალით მოყვანილს ჰგავდა“. „ოჯახის წევრებმა შინ წასაყვანად რომ მოაკითხეს, მომვლელებს ეუბნებოდა, მოატყუეთ, რომ ნაწოლები გამიჩნდა და აქ ჩემი დარჩენა აუცილებელიაო“ – იხსენებს ნიკოლოზ გამყრელიძე.
მეორე მხრივ, „ლელიანის“ დამფუძნებლებს მიაჩნიათ, რომ ასეთი მაგალითები სპორადულ მცდელობებად დარჩება, თუ სახელმწიფოც არ გადაწყვეტს ხანდაზმულებზე ზრუნვა სისტემურად გამართოს. ორი საკვანძო პირობა, რომელიც „ლელიანის“ დამფუძნებლებთან საუბრის დროს იკვეთება ის არის, რომ საპენსიო სისტემა უნდა დაიხვეწოს და ხანდაზმულებზე ზრუნვა სოციალური უზრუნველყოფის სისტემის ნაწილი უნდა გახდეს.
რას ნიშნავს თქვენთვის ღირსეული სიბერე?
-
დავით კილაძე: „ქმედუნარიანობის პერიოდშიც და მის შემდეგაც, ვინმესთვის არ იყო ტვირთი“.
-
ნიკოლოზ გამყრელიძე: „არ იყო მარტო. უფრო სწორად, არ გინდოდეს, რომ მარტო იყო“.
რა გინდათ დარჩეს ჩვენს მკითხველს, როგორც მთავარი გზავნილი თქვენგან?
-
ნინო კიკნაძე: „თუ ჩათვლიან, რომ ოჯახს გარეთ სჭირდებათ ზრუნვა – „ლელიანი“ არის საუკეთესო ადგილი საქართველოში, საუკეთესო თანამშრომლებით, რომლებიც ისე უვლიან მობინადრეებს, როგორც საკუთარი ოჯახის წევრებს“.
-
ნიკოლოზ გამყრელიძე: „როდესაც ასეთი საჭიროება უდგათ, ნაკლები იფიქრონ, სხვა რას იფიქრებს. მეტი იფიქრონ, რა სჭირდებათ და უკეთ მიიღებენ გადაწყვეტილებას“.
-
დავით კილაძე: „ჯერ გავარკვიოთ, საით უნდა ვიაროთ. თუ ჩვენ უნდა ვიაროთ უკან, საიდანაც მოვდივართ, მაშინ ეს სახლები მხოლოდ ოაზისი იქნება. თუ ევროპისკენ მივდივართ, განვითარება დიდ კონკურენციას მოიტანს, პროფესიული ზრუნვა მეტისთვის ხელმისაწვდომი გახდება და ჩვენ, ჩვენი თაობა, დამოუკიდებლად მივიღებთ გადაწყვეტილებას. მოთხოვნა არსებობს, განვითარების პოტენციალი არსებობს… რა საზოგადოება იქნება, საით მიდის ქვეყანა – ეს არის ახლა მთავარი“.
ავტორი: ელენე კვანჭილაშვილი
ფოტო: ანა ბოკო ლორთქიფანიძე

