მელანომის დიაგნოსტიკა, მკურნალობის ინოვაციური მიდგომები და მათი ხელმისაწვდომობა საქართველოში

გააზიარე

მელანომა კანის ავთვისებიანი სიმსივნეების შედარებით მცირე ნაწილს შეადგენს, თუმცა მისი აგრესიული მიმდინარეობისა და გავრცელების პოტენციალის გამო განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. სწორედ ამიტომ, ამ დაავადების უკეთ შესწავლა და მკურნალობის უფრო ეფექტური გზების ძიება ონკოლოგიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად იქცა. უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში კი მელანომა ერთ-ერთ იმ ონკოლოგიურ დაავადებად იქცა, რომლის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მიდგომები ყველაზე მეტად შეიცვალა.

თუ ადრე მეტასტაზური მელანომის დიაგნოზი პრაქტიკულად ძალიან ცუდ პროგნოზთან ასოცირდებოდა, დღეს თანამედროვე სისტემური მკურნალობის განვითარებამ ამ დაავადების ბუნებრივი მიმდინარეობა მნიშვნელოვნად შეცვალა: მოლეკულური დიაგნოსტიკის, მიზნობრივი თერაპიისა და იმუნოთერაპიის განვითარებამ შესაძლებელი გახადა მკურნალობის ინდივიდუალიზაცია, რაც სულ უფრო მეტ პაციენტს უკეთეს პროგნოზს და დაავადების ხანგრძლივ კონტროლს სთავაზობს.

თუმცა თანამედროვე მედიცინის ყველა მიღწევის მიუხედავად, მელანომასთან ბრძოლაში ყველაზე ძლიერი იარაღი კვლავ მისი დროული აღმოჩენაა.

როგორ ამოვიცნოთ მელანომა?

მელანომის წარმატებული მკურნალობის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა მისი ადრეულ ეტაპზე გამოვლენაა. დაავადების ადრეულ ეტაპზე ქირურგიული მკურნალობა, ხშირ შემთხვევაში, სრულ განკურნებას უზრუნველყოფს. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა ნიშნებით ხასიათდება მელანომა და როდის უნდა მივმართოთ ექიმს.  

მელანომა შეიძლება განვითარდეს როგორც უკვე არსებული ხალიდან, ისე მანამდე სრულიად ჯანმრთელ კანზე. საეჭვო პიგმენტური წარმონაქმნების პირველადი შეფასების ყველაზე ფართოდ გამოყენებული მეთოდია ABCDE წესი, რომელიც ეხმარება როგორც ექიმებს, ისე მოსახლეობას დროულად ამოიცნონ ის ნიშნები, რომლებიც დამატებით გამოკვლევას საჭიროებს.

ABCDE წესის გარდა, პრაქტიკაში ფართოდ გამოიყენება კიდევ ერთი მარტივი პრინციპი – „მახინჯი იხვის ჭუკის“ ნიშანი. მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს ხალი ან სხვა პიგმენტური წარმონაქმნი, რომელიც სხეულზე არსებული დანარჩენი ხალებისგან აშკარად განსხვავდება. სწორედ ასეთი „გამორჩეული“ წარმონაქმნი შეიძლება აღმოჩნდეს მელანომა, მაშინაც კი, როდესაც ABCDE-ის ყველა კრიტერიუმს სრულად არ აკმაყოფილებს.

„მახინჯი იხვის ჭუკის“ ნიშანი

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ არც ABCDE წესი და არც „მახინჯი იხვის ჭუკის“ ნიშანი მელანომის დიაგნოზს არ სვამს. ისინი მხოლოდ საეჭვო ცვლილების დროულად ამოცნობაში გვეხმარება.

იცოდით, რომ… მელანომების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე არსებული ხალიდან კი არ ვითარდება, არამედ სრულიად ჯანმრთელ კანზე ჩნდება. ამიტომ ყურადღება უნდა მიექცეს არა მხოლოდ ძველი ხალის ცვლილებას, არამედ ნებისმიერ ახალ პიგმენტურ წარმონაქმნსაც.

თუ კანის წარმონაქმნი საეჭვოდ გამოიყურება, შემდეგი ნაბიჯი უკვე ექიმთან ვიზიტია. მელანომის დასადასტურებლად აუცილებელია საეჭვო უბნის ბიოფსია, რის შედეგად მიღებული ქსოვილი იგზავნება მორფოლოგიურ და იმუნოჰისტოქიმიურ კვლევაზე. სწორედ ეს კვლევები ადასტურებს ან გამორიცხავს დიაგნოზს.

დიაგნოსტირების დროს აუცილებელია შეფასდეს დაავადების გავრცელება: არის ლოკალიზებული მხოლოდ კანზე, თუ არის გავრცელებული სხეულის სხვა უბნებშიც (ლიმფურ კვანძებში და სხვადასხვა ორგანოში). ამისთვის საჭიროა რადიოლოგიური კვლევები. საჭიროებისამებრ კტ კვლევა, მრტ კველვა ან/და PET-CT კვლევა. 

როგორ ვარჩევთ მელანომის მკურნალობას?

მელანომის ადრეულ სტადიაზე მკურნალობის პირველი ნაბიჯი ქირურგიული ჩარევაა. დაავადების სრულად ამოკვეთა ხშირ შემთხვევაში განკურნების შესაძლებლობას იძლევა. მიუხედავად იმისა, რომ მეტასტაზური მელანომის დროს მკურნალობის წამყვან როლს სისტემური თერაპია ასრულებს, შერჩეულ შემთხვევებში ქირურგიული ჩარევა ამ ეტაპზეც შეიძლება იყოს განხილული.

თუ პაციენტს სისტემური მკურნალობა ესაჭიროება, თანამედროვე ონკოლოგიაში ორი ძირითადი თერაპიული მიდგომა არსებობს – მიზნობრივი თერაპია და იმუნოთერაპია. მათი არჩევანი დამოკიდებულია როგორც სიმსივნის ბიოლოგიურ თავისებურებებზე, ისე დაავადების კლინიკურ მიმდინარეობასა და პაციენტის ინდივიდუალურ მახასიათებლებზე.

მიზნობრივი თერაპია – როდესაც მკურნალობა სიმსივნის მოლეკულურ თავისებურებებს ერგება

ყველა მელანომა ერთნაირი არ არის. ერთი და იგივე დიაგნოზის მქონე ორ პაციენტს შესაძლოა სიმსივნის განსხვავებული ბიოლოგიური მახასიათებლები ჰქონდეს. სწორედ ამიტომ, დღეს მელანომის მკურნალობის დაგეგმვისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დაავადების სტადიის, არამედ მისი მოლეკულური თავისებურებების შეფასებაც.

მელანომის დაახლოებით 40-50%-ში სიმსივნურ უჯრედებში ვლინდება BRAF V600 გენის მუტაცია. ამ ცვლილების შედეგად უჯრედი მუდმივად იღებს ზრდისა და გაყოფის სიგნალს, რის გამოც სიმსივნე უკონტროლოდ იზრდება. სწორედ ამ მოლეკულური ცვლილების აღმოჩენამ შექმნა მიზნობრივი თერაპიის განვითარების საფუძველი. სისტემური მკურნალობის დაწყებამდე BRAF მუტაციის განსაზღვრა თანამედროვე კლინიკური პრაქტიკის აუცილებელი ნაწილია.

მიზნობრივი თერაპიის პრეპარატები მიზანმიმართულად ბლოკავს შეცვლილი BRAF ცილისა და მასთან დაკავშირებული MAPK სასიგნალო გზის აქტივობას, რითაც აფერხებს სიმსივნის ზრდას. 

მიზნობრივი თერაპიის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მკურნალობაზე სწრაფი პასუხია – სიმსივნის მოცულობის შემცირება ხშირად უკვე მკურნალობის პირველ კვირებში აღინიშნება. ამიტომ ეს მიდგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პაციენტებისთვის, რომელთა დაავადება სწრაფად პროგრესირებს, აქვთ დიდი სიმსივნური მასა ან გამოხატული კლინიკური სიმპტომები.

ამ მიდგომის ეფექტურობა პირველად მეტასტაზური BRAF V600-მუტირებული მელანომის მქონე პაციენტებში დადასტურდა: III ფაზის COMBI-d და COMBI-v კვლევებმა აჩვენა, რომ დაბრაფენიბისა და ტრამეტინიბის კომბინაცია მნიშვნელოვნად აუმჯობესებდა როგორც პროგრესირების გარეშე, ისე საერთო გადარჩენას. მოგვიანებით, III ფაზის COLUMBUS კვლევამ დაადასტურა ენკორაფენიბისა და ბინიმეტინიბის კომბინაციის მაღალი ეფექტურობაც.

მეტასტაზური დაავადების მკურნალობაში მიღებულმა წარმატებულმა შედეგებმა მიზნობრივი თერაპიის უფრო ადრეულ ეტაპზე გამოყენების შესაძლებლობაც გააჩინა. III ფაზის COMBI-AD კვლევამ აჩვენა, რომ ოპერაციის შემდეგ, BRAF V600-მუტირებული III სტადიის მელანომის მქონე პაციენტებში, დაბრაფენიბისა და ტრამეტინიბის ერთწლიანი ოპერაციის შემდგომი (ადიუვანტური) მკურნალობა მნიშვნელოვნად ამცირებდა დაავადების რეციდივისა და სიკვდილის რისკს. შედეგად, მიზნობრივი თერაპია დღეს უკვე გამოიყენება არა მხოლოდ მეტასტაზური დაავადების, არამედ მაღალი რისკის მქონე ოპერირებული პაციენტების ადიუვანტური მკურნალობის დროსაც.

მიუხედავად მაღალი ეფექტურობისა, დროთა განმავლობაში სიმსივნურ უჯრედებს შესაძლოა განუვითარდეთ მედიკამენტების მიმართ რეზისტენტობა, რის გამოც მკურნალობის ტაქტიკა ყოველთვის ინდივიდუალურად იგეგმება და საჭიროების შემთხვევაში იცვლება.

იმუნოთერაპია – როდესაც მკურნალობაში მთავარი როლი იმუნურ სისტემას ენიჭება

მიზნობრივი თერაპიისგან განსხვავებით, იმუნოთერაპია უშუალოდ სიმსივნურ უჯრედზე არ მოქმედებს. მისი მიზანია ორგანიზმის ბუნებრივი თავდაცვის სისტემის გააქტიურება, რათა მან შეძლოს სიმსივნური უჯრედების ამოცნობა და განადგურება.

ნორმალურ პირობებში იმუნური სისტემა მუდმივად აკონტროლებს ორგანიზმს და ანადგურებს უცხო თუ დაზიანებულ უჯრედებს. თუმცა, სიმსივნურ უჯრედებს დროთა განმავლობაში უვითარდება უნარი, თავი აარიდოს აღნიშნულ კონტროლს. ამისთვის ის იყენებს ბუნებრივ მექანიზმებს, რომლებსაც იმუნური საკონტროლო წერტილები (immune checkpoints) ეწოდება. ნორმალურ პირობებში ეს მექანიზმები აუცილებელია, რათა იმუნურმა სისტემამ საკუთარი – ჯანმრთელი ქსოვილები არ დააზიანოს, თუმცა სიმსივნე მათ საკუთარი დაცვისთვის იყენებს.

დღეს მელანომის მკურნალობაში ყველაზე ფართოდ გამოიყენება იმუნური წერტილების – PD-1-ისა და CTLA-4-ის ინჰიბიტორები. ისინი ბლოკავს იმუნური პასუხის დამთრგუნველ მექანიზმებს, რის შედეგადაც T-ლიმფოციტები (ადმიანის იმუნური უჯრედები) კვლავ იძენს სიმსივნის ამოცნობისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის უნარს.

იმუნოთერაპიის მნიშვნელოვანი თავისებურება ის არის, რომ მისი ეფექტი ყოველთვის სწრაფად არ ვითარდება. თუმცა, იმ პაციენტებში, რომლთა დაავადებაც  მკურნალობას კარგად პასუხობს, მიღწეული შედეგი ხშირად ხანგრძლივი და მდგრადია. 

იმუნოთერაპიის ეფექტურობა პირველად მეტასტაზური მელანომის მკურნალობაში დადასტურდა: III ფაზის CheckMate 067 კვლევამ აჩვენა, რომ ნივოლუმაბისა და იპილიმუმაბის კომბინაცია, ისევე როგორც ნივოლუმაბის მონოთერაპია, მნიშვნელოვნად აუმჯობესებდა საერთო გადარჩენას იპილიმუმაბთან შედარებით. კვლევის 10-წლიანი შედეგები ადასტურებს პაციენტების ნაწილში მიღწეული პასუხის ხანგრძლივ შენარჩუნებას, რაც თანამედროვე ონკოლოგიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად მიიჩნევა.

ანალოგიურად, III ფაზის KEYNOTE-054 კვლევამ დაადასტურა, რომ პემბროლიზუმაბი მნიშვნელოვნად ამცირებს დაავადების რეციდივის რისკს III სტადიის რეზეცირებული მელანომის მქონე პაციენტებში. შედეგად, იმუნოთერაპია დღეს უკვე მაღალი რისკის მქონე, ოპერირებული პაციენტების ადიუვანტური მკურნალობის სტანდარტულ ნაწილად მიიჩნევა.

მელანომის სისტემური მკურნალობის განვითარება ამით არ დასრულებულა: ბოლო წლებში განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო ნეოადიუვანტურმა მიდგომამ – ანუ იმუნოთერაპიის ჩატარებამ ქირურგიულ ჩარევამდე. III ფაზის NADINA კვლევამ აჩვენა, რომ ოპერაბელური III სტადიის მელანომის მქონე პაციენტებში ოპერაციამდე ჩატარებული ნივოლუმაბისა და იპილიმუმაბის კომბინაცია დაავადების კონტროლის უკეთეს შედეგებს იძლეოდა სტანდარტულ მიდგომასთან შედარებით. ამავდროულად, ოპერაციის შემდეგ მიღებულმა პათოლოგიურმა სრულმა პასუხმა  შესაძლებელი გახადა შემდგომი მკურნალობის უფრო ზუსტად ინდივიდუალიზაცია.

მელანომის მკურნალობის ერთ-ერთი ახალი და პერსპექტიული მიმართულებაა თერაპიული mRNA ვაქცინები. განსაკუთრებით საინტერესოა პერსონალიზებული ვაქცინების კონცეფცია, როდესაც მკურნალობა კონკრეტული პაციენტის სიმსივნისთვის დამახასიათებელ მუტაციებსა და ნეოანტიგენებზეა მორგებული. ასეთი მიდგომის მიზანია იმუნური სისტემის გააქტიურება, რათა მან სიმსივნური უჯრედები უფრო ზუსტად ამოიცნოს და მათ წინააღმდეგ ეფექტური იმუნური პასუხი წარმოქმნას. mRNA ვაქცინები განსაკუთრებით აქტიურად შეისწავლება იმუნოთერაპიასთან კომბინაციაში, თუმცა ამ ეტაპზე ისინი ჯერ კიდევ კლინიკური კვლევების საგანია და მელანომის რუტინული მკურნალობის სტანდარტს არ წარმოადგენს.

რა არის ხელმისაწვდომი საქართველოში?

საქართველოში მელანომის დიაგნოსტიკა და მკურნალობა საერთაშორისო რეკომენდაციების შესაბამისად მიმდინარეობს და თანამედროვე სისტემური თერაპიის გამოყენების გამოცდილებაც უკვე მრავალ წელს ითვლის. 

ამ ეტაპზე, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, BRAF V600-მუტირებული მელანომის მქონე პაციენტებისთვის ხელმისაწვდომია ტარგეტული თერაპია დაბრაფენიბისა და ტრამეტინიბის კომბინაციით, რომელიც საერთაშორისო გაიდლაინებით მკურნალობის ერთ-ერთ სტანდარტულ ვარიანტს წარმოადგენს.

რაც შეეხება იმუნოთერაპიას, მისი გამოყენება საქართველოში შესაძლებელია, თუმცა ამ ეტაპზე სახელმწიფო დაფინანსება არ ვრცელდება და მკურნალობის ხარჯის დაფარვა თავად პაციენტს უწევს. თანამედროვე მკურნალობაზე წვდომის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა საერთაშორისო კლინიკურ კვლევებში მონაწილეობაც არის.

კლინიკურ კვლევაში მონაწილეობა პაციენტისთვის მხოლოდ თანამედროვე მკურნალობაზე წვდომას არ ნიშნავს. იგი გულისხმობს მკურნალობას წინასწარ განსაზღვრული პროტოკოლის შესაბამისად, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით და მულტიდისციპლინური გუნდის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. თანამედროვე ონკოლოგიაში გამოყენებული მკურნალობის მრავალი სტანდარტი სწორედ კლინიკური კვლევების შედეგებზეა დაფუძნებული, რის გამოც კლინიკური კვლევები ონკოლოგიის განვითარების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.

მელანომა თანამედროვე ონკოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება მეცნიერებისა და კლინიკური კვლევების პროგრესმა რადიკალურად შეცვალოს დაავადების ბუნებრივი მიმდინარეობა. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მოლეკულური დიაგნოსტიკის, მიზნობრივი თერაპიისა და იმუნოთერაპიის განვითარებამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მელანომის მქონე პაციენტების პროგნოზი და პერსონალიზებული მკურნალობა ყოველდღიური კლინიკური პრაქტიკის ნაწილად აქცია. მიუხედავად ამ პროგრესისა, დაავადების ადრეული გამოვლენა კვლავ რჩება წარმატებული მკურნალობის უმნიშვნელოვანეს წინაპირობად. სწორედ ამიტომ, კანის ნებისმიერი საეჭვო ცვლილება სპეციალისტის დროულ შეფასებას საჭიროებს.

 ავტორი: სალომე კორძაია, MD, კლინიკა “კონსილიუმ მედულა”-ს კლინიკური ონკოლოგი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტენტის დოქტორანტი 

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები