მენოპაუზა ხშირად ასოცირდება ალებთან, ძილის დარღვევასთან და ჰორმონალურ ცვლილებებთან. თუმცა, მკვლევრები სულ უფრო მეტად ინტერესდებიან იმით, რა ემართება ტვინს ამ გარდამავალ ეტაპზე – და შესაძლებელია თუ არა პოტენციური რისკების აღმოჩენა წლებით ადრე, ვიდრე დემენციის განვითარების საფრთხე გაჩნდება.
ჟურნალ Nature Medicine-ში გამოქვეყნებულმა ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ მენოპაუზის პერიოდში ტვინის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სისხლის 16 ცილა იცვლება. ეს ცილები დაკავშირებულია ანთებით პროცესებთან (CCL13, IL-12p70, CXCL1, CCL26, CCL2, CCL11, TEK, CD63), ნეირონულ და სინაფსურ ფუნქციასთან (CNTN2, ACHE, SNAP25, BDNF), მეტაბოლიზმთან (IGFBP7, IGF1R) და ალცჰაიმერის დაავადებასთან (BACE1, p-tau231) ასოცირებულ ბიოლოგიურ პროცესებთან. ასაკოვან ქალებში ამ ცილების მაღალი დონე მეხსიერებისა და აზროვნების უნარის გაუარესებასთან, ისევე როგორც დემენციის განვითარების უფრო მაღალ რისკთან ასოცირდება.
აღნიშნული მიგნებები არ ნიშნავს, რომ მენოპაუზა უმეტეს ქალში დემენციას იწვევს. პირიქით, ისინი გვაწვდის ღირებულ მინიშნებებს იმის შესახებ, თუ როგორ უკავშირდება შუახნის ასაკში მიმდინარე ჰორმონალური ცვლილებები ტვინის ჯანმრთელობას და რატომ აღმოჩნდება ზოგიერთი ქალი სხვებთან შედარებით უფრო მოწყვლადი.
გარდამავალი ეტაპის ანალიზი
მკვლევრებმა 43-დან 58 წლამდე ასაკის 80 ქალი შეისწავლეს, რომლებიც პრემენოპაუზის, პერიმენოპაუზის ან ადრეული პოსტმენოპაუზის ეტაპზე იმყოფებოდნენ და მენოპაუზის სიმპტომების სამკურნალოდ ჰორმონულ თერაპიას არ მიმართავდნენ. სისხლის ანალიზების მეშვეობით, რომლითაც თავის ტვინთან დაკავშირებული 100-ზე მეტი მოლეკულა შეფასდა, მეცნიერებმა გამოავლინეს 16 ცილა, რომელთა დონეც მენოპაუზური გარდამავალი პერიოდის განმავლობაში იცვლებოდა.
ანთებითი ცილების დონე, როგორც წესი, იმატებდა ესტრადიოლის კლებასთან ერთად. ალცჰაიმერის დაავადებასთან ასოცირებული ბიოლოგიური ცილების მატება კი ფოლიკულმასტიმულირებელი ჰორმონის (FSH) ზრდას უკავშირდებოდა. თავის მხრივ, FSH-ის დონე მაშინ იმატებს, როდესაც საკვერცხეების მიერ ჰორმონების გამომუშავება მცირდება.
კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ქალებს, რომლებიც ღამის ოფლიანობას უჩიოდნენ, ანთებითი სასიგნალო ცილების განსაკუთრებით მაღალი დონე აღენიშნებოდათ. ეს არ ადასტურებს, რომ თავის ტვინს უშუალოდ ღამის ოფლიანობა აზიანებს, თუმცა მიუთითებს, რომ ვაზომოტორული სიმპტომები შესაძლოა გარდამავალ ეტაპზე მიმდინარე უფრო ფართო ანთებით ცვლილებებთან იყოს დაკავშირებული.
რატომ რეაგირებს ტვინი
მენოპაუზა, როგორც წესი, საკვერცხეებთან ასოცირდება, რომლებიც ესტროგენისა და პროგესტერონის გამომუშავებას წყვეტენ. თუმცა, ტვინიც შეიცავს ჰორმონულ რეცეპტორებს და ამ გარდამავალ ეტაპზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
ამ სიმპტომებს შესაძლოა თან ახლდეს ძილის დარღვევა, გუნება-განწყობის ცვალებადობა და კოგნიტიური სირთულეები, რომლებსაც ხშირად „გონების დაბინდვას“ (brain fog) უწოდებენ. წინა კვლევებმა მწვავე ან გახშირებული ვაზომოტორული სიმპტომები თეთრი ნივთიერების ჰიპერინტენსივობასთანაც დააკავშირა – ტვინის იმ დაზიანებებთან, რომლებიც დემენციასა და ინსულტს, ისევე როგორც ალცჰაიმერის პათოლოგიის მარკერებს უკავშირდება.
ადრეული მენოპაუზა, იქნება ეს სპონტანური თუ საკვერცხეების ქირურგიული ამოკვეთით გამოწვეული, ალცჰაიმერის დაავადების მომატებულ რისკთან არის ასოცირებული. თუმცა, მენოპაუზის გავლენის უშუალოდ დაბერებისგან გამიჯვნა რთულია, რადგან დემენციის ყველაზე ძლიერ რისკ-ფაქტორს თავად დაბერების პროცესი წარმოადგენს.
რას შეიძლება ნიშნავდეს ეს მიგნებები
მკვლევრებმა ასევე შეისწავლეს 60-დან 70 წლამდე ასაკის დაახლოებით 12 000 ქალის მონაცემები. მათ აღმოაჩინეს, რომ მენოპაუზის დროს მომატებული მრავალი ცილის დონე უფრო მაღალი იყო იმ ქალებში, რომლებსაც მოგვიანებით კოგნიტური ფუნქციების დაქვეითება ან დემენცია განუვითარდათ.
ეს არ ადასტურებს იმას, რომ ცილები დემენციას იწვევს, და არც იმის მაჩვენებელია, რომ შუახნის ასაკში მათი გაზომვა კონკრეტული ქალის სამომავლო რისკს ზუსტად იწინასწარმეტყველებს. სისხლში ცილების დონე შესაძლოა მერყეობდეს, ახალ კვლევაში კი მენოპაუზის ჯგუფი მცირერიცხოვანი იყო. იმის დასადგენად, წარმოადგენს თუ არა ცილების ეს პროფილი თავის ტვინის ჯანმრთელობის საიმედო მარკერებს, უფრო მასშტაბური და ხანგრძლივი კვლევებია საჭირო.
მიუხედავად ამისა, ნაშრომი მიუთითებს, რომ შუახნის ასაკი პრევენციისთვის პოტენციურად მნიშვნელოვანი პერიოდია. მკვლევრები გეგმავენ უფრო ხანგრძლივ კვლევებს, რათა ქალებს პერიმენოპაუზის პერიოდსა და მის შემდგომ ეტაპებზეც დააკვირდნენ – ტვინის ვიზუალიზაციის, კოგნიტიური ტესტირებისა და სისხლის ბიომარკერების კომბინაციით. ერთ-ერთი მთავარი მიზანი იმის გარკვევაა, თუ რატომ აღენიშნება ზოგიერთ ქალს სხვებთან შედარებით უფრო მკვეთრად გამოხატული კოგნიტური სიმპტომები და რომელი ბიოლოგიური მექანიზმები მონაწილეობს ამ პროცესში.
წყარო: Science

