მეცნიერებმა შესაძლოა ახალი გზა იპოვეს ტვინის განსაკუთრებით აგრესიული სიმსივნის, გლიობლასტომის, სამკურნალოდ. ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტის ფეინბერგის მედიცინის სკოლის მკვლევრებმა ჩაატარეს კლინიკური კვლევის პირველი ფაზა, რომლის შედეგებიც სამედიცინო ჟურნალ The Lancet Oncology-ში გამოქვეყნდა.
კვლევა გლიობლასტომის განმეორებითი ფორმის მქონე 17 პაციენტზე ჩატარდა და მოიცავდა SonoCloud-9® -ის, იმპლანტირებადი ულტრაბგერითი მოწყობილობის გამოყენებას.
გლიობლასტომის სამკურნალო ეს ახალი მიდგომა იყენებს SonoCloud-9® იმპლანტირებად ულტრაბგერით მოწყობილობას, რათა დროებით გაარღვიოს ტვინის დამცავი ბარიერი, ჰემატოენცეფალური ბარიერი (BBB). პროცესი იწყება პაციენტის სისხლში მიკრობუშტუკების შეყვანით. ულტრაბგერის გააქტიურებისას, ეს მიკრობუშტუკები ვიბრირებენ, მექანიკურად აზიანებენ BBB-ს უჯრედების მჭიდრო შეერთებებს სიმსივნესთან ახლოს.
ამ დაზიანებული ბარიერის გავლით, ქიმიოთერაპიული პრეპარატი, ალბუმინთან დაკავშირებული პაკლიტაქსელი, მარტივად და დიდი კონცენტრაციით აღწევს სიმსივნურ ქსოვილში, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მკურნალობის ეფექტურობას.
მკურნალობის შედეგებმა აჩვენა ეფექტურობის მნიშვნელოვანი ზრდა, რადგან პაციენტების ქვეჯგუფში დაფიქსირდა, რომ გამოყენებულმა მეთოდმა 4-დან 6-ჯერ გაზარდა ქიმიოთერაპიის კონცენტრაცია, რომელიც სისხლ-ტვინის ბარიერს (BBB) გადაკვეთდა და სიმსივნის მიმდებარე ტერიტორიას აღწევდა.
აღნიშნული მეთოდი აღმოჩნდა უსაფრთხო და კარგად ტოლერირებული პაციენტების მიერ. ეს ფაქტი დადასტურდა იმითაც, რომ თითოეულმა მონაწილემ მიიღო ქიმიოთერაპიისა და ულტრაბგერითი მოწყობილობის აქტივაციის ექვსამდე ციკლი, რაც მიუთითებს განმეორებადი მიწოდების წარმატებით განხორციელების შესაძლებლობაზე.
გარდა ამისა, SonoCloud-9®-ის გამოყენებით შესაძლებელია BBB-ის გახსნა ტვინის ვრცელ რეგიონზე, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვნად აფართოებს ქიმიოთერაპიის მიწოდების არეალს და მკურნალობის პოტენციურ ეფექტურობას.
“ტექნოლოგია პოტენციურად უზარმაზარი წინსვლაა გლიობლასტომით დაავადებული პაციენტებისთვის,“ – განაცხადა დოქტორმა სონაბენდმა. „დღევანდელი ქიმიოთერაპიული საშუალება, ტემოზოლომიდი, სუსტია. წარსულში პაკლიტაქსელის ან კარბოპლატინის პირდაპირ ტვინში შეყვანა ტოქსიკურობასთან იყო დაკავშირებული. ჩვენს კვლევაში SonoCloud-9-ის გამოყენებამ აჩვენა პერსპექტივა უსაფრთხო მიწოდებისთვის.“
წყარო: fusfoundation

