ჩინეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ტვინის იმპლანტი კომერციული გამოყენებისთვის დაამტკიცა. კომპანია Neuracle Medical Technology-ის მიერ შექმნილი ინვაზიური „ტვინი-კომპიუტერის ინტერფეისი“ (BCI) იმ ადამიანებისთვისაა განკუთვნილი, რომლებსაც ზურგის ტვინის ნაწილობრივი დაზიანება აქვთ.
მიუხედავად იმისა, რომ ტვინის იმპლანტები კლინიკურ კვლევებში ათწლეულების განმავლობაში გამოიყენებოდა, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მსგავს მოწყობილობას ფართო კომერციული გამოყენების უფლება მიეცა. შანხაიში ბაზირებული Neuracle-ი ამ ნაბიჯით ილონ მასკის ცნობილი სტარტაპის, Neuralink-ის მთავარ კონკურენტად გვევლინება.
ვისთვის არის განკუთვნილი Neuracle-ის ტვინის იმპლანტი?
Neuracle-ის ტვინის იმპლანტი სპეციალურად ზურგის ტვინის დაზიანების მქონე პირებისთვის შეიქმნა, რათა ამ ადამიანებს დაკარგული მობილობის აღდგენაში დაეხმაროს. მოწყობილობა ორიენტირებულია დამბლისა და სხვადასხვა ნევროლოგიური დარღვევების მქონე პაციენტებზე, რომლებთაც ზედა კიდურების ნაწილობრივი ფუნქცია შენარჩუნებული აქვთ. იმპლანტი მათ საშუალებას აძლევს, ტვინის იმპულსების მეშვეობით მართონ რობოტიზებული ხელთათმანი, კომპიუტერის კურსორი ან პროთეზი.
მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ტექნოლოგიები მომავალში შესაძლოა ისეთი მდგომარეობების სამართავადაც იქნას გამოყენებული, როგორიცაა, მაგალითად, ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი (ALS) ან ინსულტის შემდგომი დამბლა, ამ ეტაპზე ჩინეთში მისი კომერციული გამოყენება მხოლოდ ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანებების მქონე პაციენტებისთვის არის დაშვებული.
როგორ მუშაობს Neuracle-ის ტექნოლოგია?
Neuracle-ის მოწყობილობა მონეტის ზომის უსადენო იმპლანტს წარმოადგენს, რომელიც ქირურგიული გზით თავსდება ტვინის გარსის ზედაპირზე და ნერვული იმპულსების ტექნოლოგიურ ბრძანებებად გარდაქმნას ემსახურება.
მისი მუშაობის ციკლი სამ ძირითად ეტაპს მოიცავს: თავდაპირველად, იმპლანტი ნეირონების მიერ გენერირებული ელექტრული სიგნალების ზუსტ ჩაწერას ახდენს, რის შემდეგაც სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა ამ მონაცემების დეკოდირებას, ანუ მათ „თარგმნას“ ახორციელებს კონკრეტულ ციფრულ ბრძანებებად.
საბოლოო ეტაპზე, მიღებული ბრძანებების მეშვეობით, პაციენტს ეძლევა შესაძლებლობა, გონების ძალით მართოს სხვადასხვა ინტერფეისი, როგორიცაა, მაგალითად, რობოტიზებული ხელთათმანი ან კომპიუტერის კურსორი.
აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე მოწყობილობა დამტკიცებულია გამოსაყენებლად მხოლოდ იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც შენარჩუნებული აქვთ ხელის ზედა ნაწილის გარკვეული ფუნქცია.
კონკურენცია ილონ მასკის კომპანიასთან
მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ში ისეთი კომპანიები, როგორიცაა Neuralink, Synchron და Paradromics, აქტიურ კლინიკურ კვლევებს ატარებენ (მაგალითად, 2026 წლის იანვრის მონაცემებით, მასკის კომპანიას უკვე 21 მონაწილე ჰყავს ჩართული), ამერიკის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციას (FDA) არცერთი მსგავსი მოწყობილობისთვის კომერციულის სტატუსი ჯერ არ მიუნიჭებია.
მთავარ გამოწვევად კვლავ უსაფრთხოება რჩება. ინვაზიური ჩარევა ყოველთვის ინფექციისა და გართულებების რისკს შეიცავს, ხოლო დროთა განმავლობაში იმპლანტის გარშემო ნაწიბუროვანი ქსოვილის განვითარებამ, შესაძლოა, სიგნალის ხარისხი გააუარესოს.
საბოლოო ჯამში, ჩინეთის ეს გადაწყვეტილება ტექნოლოგიურ რბოლაში სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯია, რაც შესაძლოა სხვა ქვეყნებისთვისაც ბიძგი აღმოჩნდეს რეგულაციების გადახედვისკენ.
წყარო: scientificamerican

