ალცჰაიმერის დაავადება: მზად არის თუ არა ჯანდაცვის სისტემა ახალი ეტაპისთვის?

გააზიარე

დღეს მსოფლიოში 55 მილიონი ადამიანი დემენციით ცხოვრობს, რომლის დაახლოებით 70% ალცჰაიმერის დაავადებაზე მოდის. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2050 წლისთვის ეს რიცხვი თითქმის სამჯერ გაიზრდება, რაც გლობალური ჯანდაცვის სისტემებისთვის უზარმაზარი ტვირთი იქნება. The Lancet-ის ბოლო სერია ალცჰაიმერის კვლევაში მიღწეულ პროგრესზე საუბრობს, რაც იმედისმომცემია, მაგრამ ამავდროულად ცხადყოფს, რომ ჯანდაცვის სისტემას სასწრაფო ადაპტაცია ესაჭიროება.

კვლევები ფოკუსირებულია იმაზე, თუ როგორ გარდაქმნის ალცჰაიმერის მკურნალობის სტანდარტებს ადრეული დიაგნოსტიკა და დაავადების მამოდიფიცირებელი ახალი სამკურნალო საშუალებები (Disease-modifying drugs (DMDs)). ათი წლის წინ, ზუსტი დიაგნოზის დასმა მხოლოდ სიკვდილის შემდეგ იყო შესაძლებელი. ახლა კი p-Tau 217-ის მსგავს ბიომარკერებზე დაფუძნებული სისხლის ტესტები საშუალებას გვაძლევს, ალცჰაიმერის დაავადება სიმპტომების გამოვლენამდეც კი დავადგინოთ. ხელმისაწვდომია ახალი მედიკამენტებიც – ლეკანემაბი და დონანემაბი – რომლებიც ებრძვის ამილოიდურ ფოლაქებს, დაავადების პროგრესირების მთავარ მიზეზს.

ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობა გვაძლევს შანსს, შევანელოთ დაავადების პროგრესირება და მნიშვნელოვნად გავაუმჯობესოთ მილიონობით პაციენტის ცხოვრების ხარისხი. მაგრამ ეს წარმატება დამოკიდებულია იმაზე, შეძლებს თუ არა ჯანდაცვის სისტემა ადაპტირებას – მოწესრიგდეს გადატვირთული მეხსიერების კლინიკები, გაუმჯობესდეს სერვისების კოორდინაცია და ხელმისაწვდომი გახდეს დიაგნოსტიკური ხელსაწყოები.

P-Tau 217-ის სისხლის ტესტები (FDA-ის მიერ დამტკიცებული) შესაძლებელს ხდის ადრეულ და მასშტაბურ სკრინინგს, რომელიც ანაცვლებს ინვაზიურ და ძვირადღირებულ მეთოდებს (მაგ. ლუმბალური პუნქცია, PET სკანირება). ვინაიდან ბიომარკერებს შეუძლიათ რისკის ქვეშ მყოფი ასიმპტომური პირების იდენტიფიცირება, ჩნდება სპეციალიზებული ტვინის ჯანმრთელობის სერვისებიც, რომლებიც აფასებენ მოდიფიცირებად რისკ-ფაქტორებს და გვთავაზობენ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ ინტერვენციებს. 

სამწუხაროდ, მეხსიერების მრავალი კლინიკა გადატვირთულია და არასაკმარისი პერსონალი ჰყავს. ამის გამო რეფერალური სისტემებიც იტვირთება, რაც დიდ რიგებს წარმოშობს. მზარდი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად აუცილებელია მომსახურების კოორდინაცია, რომელშიც ერთვებიან პირველადი ჯანდაცვის პროვაიდერები, საავადმყოფოები და სოციალური სერვისები.

დაავადების მამოდიფიცირებელი ახალი თერაპიები ინტრავენურ ინფუზიებს და MRI-ით მუდმივ მონიტორინგს საჭიროებს (გვერდითი ეფექტების გამო). ამჟამად პაციენტების მხოლოდ მცირე ნაწილი აკმაყოფილებს მკურნალობის კრიტერიუმებს. ამავდროულად, კვლავ გადამწყვეტია ქცევითი და ფსიქოლოგიური სიმპტომების ეფექტური მართვა, რომლებიც დიდ გავლენას ახდენენ პაციენტებსა და მომვლელებზე. სამწუხაროდ, ცხოვრების ხარისხზე მნიშვნელოვანი ზემოქმედების მიუხედავად, ბევრი პაციენტი სათანადო სიმპტომურ მკურნალობას მაინც ვერ იღებს.

მომვლელებზე, უმეტესად ქალებზე, დაკისრებული ემოციური და ფიზიკური ტვირთი ხშირად შეუმჩნეველი რჩება. დემენციასთან დაკავშირებული გლობალური ხარჯების უდიდესი ნაწილი სწორედ არაფორმალურ მზრუნველობაზე მოდის. ალცჰაიმერის სრულყოფილი მართვისთვის აუცილებელია მომვლელების მხარდაჭერა განათლებით, დროებითი დასვენების პროგრამებითა და ინტეგრირებული მზრუნველობის მოდელებით.

ჯანდაცვის სისტემები სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას. ონკოლოგიისა და გაფანტული სკლეროზის მოდელები ადასტურებს, რომ ინტეგრირებული მიდგომები, მულტიდისციპლინური გუნდები და სწრაფი დიაგნოსტიკის ცენტრები აუმჯობესებს შედეგებს. ალცჰაიმერის მოვლა მსგავსი ინფრასტრუქტურის განვითარებას მოითხოვს. აუცილებელია ინოვაციური ანაზღაურების მოდელების მიღება, რომლებიც წაახალისებს მკურნალობის კოორდინაციას და არა სერვისების რაოდენობრივ ზრდას.

სანამ უსაფრთხო და უფრო ეფექტური წამლები დამუშავების პროცესშია, ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნა პრიორიტეტულია. საჭიროა ინვისტიციების ჩადება, როგორც ინოვაციური მკურნალობის დანერგვაში, ისე ალცჰაიმერის მდგრადი და თანასწორი სამედიცინო მომსახურების სისტემების შექმნაში.

წყარო: The Lancet



გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები