ახალმა კვლევამ, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალ Appetite-ში, გამოავლინა მწარე გემოს სიყვარულსა და ანტისოციალურ პიროვნულ თვისებებს შორის არსებული უცნაური კავშირი.
კვლევამ, რომელიც ჩატარდა აშშ-ის ორი საზოგადოებრივი ჯგუფის 953 მონაწილეზე, აჩვენა, რომ ადამიანებს, რომლებთაც გააჩნიათ ანტისოციალური პიროვნული თვისებები, უყვართ და მეტად არიან მიდრეკილნი მიირთვან მწარე საკვები და სასმელი (მაგალითად, შავი ყავა, მწარე შოკოლადი, ან ტონიკი)
ყველაზე მყარი კავშირი აღინიშნა მწარე გემოსადმი უპირატესობასა და სადიზმს (სიამოვნების მიღება სხვებისთვის ზიანის მიყენებით) და ფსიქოპათიას შორის. გარდა ამისა, დადებითი ასოციაცია დაფიქსირდა ისეთ თვისებებთან, როგორებიცაა მაკიაველიზმი და ნარცისიზმი, რომლებიც ერთობლივად ცნობილია როგორც „ბნელი ტრიადა“.
რაც მთავარია, კავშირი არ შესუსტებულა, როცა მკვლევრებმა გაითვალისწინეს ტკბილი, მჟავე და მლაშე გემოს სიყვარული. აღნიშნული ადასტურებს, რომ მწარე გემოს სიყვარული იყო ყველაზე ზუსტი მაჩვენებელი ამ პიროვნული თვისებებისა.
მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები ბუნებრივად ერიდებიან მწარე გემოს, კვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ მწარე საკვებისადმი არსებული სიყვარული შეიძლება დაკავშირებული იყოს პიროვნების ბნელ მხარესთან. ეს მონაცემები მიგვანიშნებს გემოვნების სისტემასა და პიროვნულ თვისებებს შორის არსებულ ახალ, მჭიდრო ურთიერთობაზე.
კვლევა არ ამტკიცებს მიზეზ-შედეგობრივ კავშირს, მაგრამ გვთავაზობს ახალ ხედვას ადამიანის ქცევაზე, რომ კონკრეტული საკვებისადმი უპირატესობის მინიჭება, შესაძლოა, ასახავდეს უფრო რთულ ფსიქოლოგიურ პროცესებს.
წყარო: ScienceDirect

