მულტივიტამინების ყოველდღიური მიღება ბიოლოგიურ დაბერებას ანელებს: ახალი კვლევა

გააზიარე

უახლესმა კვლევამ აჩვენა, რომ მულტივიტამინების ყოველდღიური მიღება ბიოლოგიური დაბერების ტემპს ანელებს. ჟურნალ Nature Medicine-ში გამოქვეყნებული ნაშრომის მიხედვით, ორი წლის განმავლობაში დანამატების მიღებამ ხანდაზმულებში ბიოლოგიური დაბერების პროცესი, მათთან შედარებით, ვინც პლაცებოს იღებდა, დაახლოებით ოთხი თვით შეაფერხა.

ეს ეფექტი განსაკუთრებით თვალსაჩინო იმ ადამიანებში აღმოჩნდა, რომელთა ბიოლოგიური ასაკი მათ ქრონოლოგიურ ასაკზე მეტი იყო, რაც დაბერების აჩქარებულ ტემპზე მიუთითებდა.

კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა 958 ჯანმრთელი მონაწილის სისხლის ნიმუშები შეისწავლეს, რომელთა საშუალო ასაკი 70 წელი იყო. ბიოლოგიური ასაკის გამოსათვლელად გამოიყენეს ხუთი ე.წ. „ეპიგენეტიკური საათი“ ანუ ბიომარკერები, რომლებიც გენომში დნმ-ის მეთილირების დონეს ზომავენ.

შედეგებმა აჩვენა, რომ მულტივიტამინებმა  დაბერების პროცესი ხუთიდან ორი ეპიგენეტიკური საათის შემთხვევაში მნიშვნელოვნად შეანელეს. ეს მარკერები სიკვდილიანობის რისკის ინდიკატორებად მიიჩნევა.

მიუხედავად იმისა, რომ მიღებული ეფექტი მცირეა, მეცნიერები მიიჩნევენ, რომ პოპულაციურ დონეზე მსგავსმა სხვაობამაც კი შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე.

ჯერ კიდევ გაურკვეველია, კონკრეტულად რა მექანიზმით იწვევს დანამატები ამ ეფექტს. მკვლევართა ინტერესის საგანს ახლა იმის დადგენა წარმოადგენს, რამდენად ეფექტურია მულტივიტამინები უბრალოდ ჯანსაღ კვებასთან შედარებით და როგორ აისახება ბიოლოგიური საათის ეს მცირე ცვლილებები რეალურ კლინიკურ შედეგებსა და ადამიანების ცხოვრების ხარისხზე გრძელვადიან პერსპექტივაში.

წყარო: Nature

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები