2026 წლის იანვარს ინდოეთის დასავლეთ ბენგალის შტატში ჯანდაცვის ორგანოებმა ნიპაჰის ვირუსის აფეთქების შესახებ განაცხადეს. ეს იშვიათი, თუმცა მძიმე ვირუსული ინფექციაა, რომელმაც მაღალი ლეტალობისა და ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის პოტენციალის გამო გლობალური ყურადღება მიიპყრო. ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა რამდენიმე ინფიცირების შემთხვევოს შესახებ განაცხადეს, პარალელურად სწრაფი შეკავების ღონისძიების ფარგლებში კარანტინში 100-მდე კონტაქტის, მათ შორის ექიმთა მოქცევა გახდა საჭირო.
მსოფლიოსთვის ნიპაჰის ვირუსი ახალი არ არის, ის სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ათწლეულების განმავლობაში ფიქსირდება, თუმცა ძირითად შემთხვევებში აფეთქებები ყოველთვის სპორადული და არაპროგნოზირებადი იყო. წლევანდელი შემთხვევა შედარებით განსხვავებულია ვინაიდან მისი ხელახალი გამოვლენა კოლკატასთან, ინდოეთის ერთ-ერთ უდიდეს ურბანულ ცენტრში, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ექსპერტებსა და მეზობელ ქვეყნებში შეშფოთებას იწვევს, რომლებმაც უკვე დაიწყეს ინდოეთიდან ჩამომავალი მგზავრებისთვის ჯანმრთელობის სკრინინგი.
რა არის ნიპაჰის ვირუსი
ნიპაჰის ვირუსი (NiV) ზოონოზური ვირუსია — ანუ ის ძირითადად ცხოველებში ცირკულირებს და შეიძლება ადამიანზე გადავიდეს. ის Henipavirus გვარს Paramyxoviridae ოჯახის ფარგლებში ეკუთვნის. მარტივავდ რომ ავხსნათ ხილის ღამურები (Pteropus გვარი) მათ ბუნებრივ რეზერვუარს წარმოადგენს, რომლებიც ვირუსს ატარებენ და მას ნერწყვით, შარდითა და განავლით ავადმყოფობის გარეშე გამოყოფენ.
თუ ვირუსს ინფექციური დაავადების ჭრილში განვიხილავთ, კლივლენდის კლინიკის თანახმად, ადამიანები შეიძლება შემდეგი გზებით დაინფიცირდნენ:
- ინფიცირებულ ცხოველებთან პირდაპირი კონტაქტით, განსაკუთრებით ღამურებთან ან ღორებთან.
- ღამურების სეკრეტით დაბინძურებული საკვების მიღებით, მაგალითად ნედლი ფინიკის პალმის წვენი ან ხილი, რომელიც დაბინძურებულია ღამურის ნერწყვით ან შარდით.
- ინფიცირებულ ადამიანთან მჭიდრო კონტაქტით, განსაკუთრებით სხეულის სითხეებთან კონტაქტისას, როგორიცაა ნერწყვი, სისხლი ან რესპირატორული სეკრეციები.
ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა დაფიქსირებულია წარსულ აფეთქებებში, განსაკუთრებით ოჯახებში და სამედიცინო დაწესებულებებში. ვირუსი ორგანიზმში ლორწოვანი გარსების (თვალები, ცხვირი, პირი) მეშვეობით შედის და სწრაფად მრავლდება,ის ისეთ მნიშვნელოვან სისტემებს აზიანებს, როგორიცაა მაგალითად ცენტრალური ნერვული სისტემა და სასუნთქი გზები.
დაავადების მიმდინარეობა
ზემოქმედების შემდეგ სიმპტომები ჩვეულებრივ 4–14 დღეში ვითარდება. ადრეული ნიშნები არასპეციფიკურია და გრიპის მსგავსია, რაც ადრეულ დიაგნოსტიკას ართულებს. მათ შორისაა ცხელება, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, ღებინება და ყელის ტკივილი. უფრო მძიმე შემთხვევებში დაავადება შეიძლება შემდეგში გადავიდეს:
- რესპირატორული დისტრესი
- ენცეფალიტი (ტვინის ანთება)
- დაბნეულობა, კრუნჩხვები, კომა
მძიმე ნევროლოგიური ჩართულობა შეიძლება სწრაფად განვითარდეს; ზოგიერთ პაციენტს ნევროლოგიური სიმპტომების დაწყებიდან 24–48 საათში შეიძლება კომა განუვითარდეს.
აღნიშნულ რისკებთან დაკავშირებით ჯანმომ(ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია) ნიპაჰის ვირუსი ათ ყველაზე პრიორიტეტულ ინფექციურ დაავადებებს შორის შეიყვანა
ლეტალობის მაჩვენებელი
ნიპაჰის ვირუსული ინფექციის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი მისი მაღალი ლეტალობის მაჩვენებელია. გლობალური კვლევებისა და აფეთქებების მიმოხილვის მიხედვით, სიკვდილი დადასტურებული შემთხვევების დაახლოებით 40–75 %-ში ფიქსირდება. ჟურნალ პაბ მედის თანახმად ინდოეთის ზოგ რეგიონშო მონაცემები შესაძლოა გაცილებით საგანგაშო იყოს. აღნიშნული მაჩვენებელი COVID-19-ის საერთო ლეტალობასთან შედარებით მკვეთრად მაღალია, რომელიც გლობალურად დაახლოებით 2–3 % იყო ( მრავალ პოპულაციაში უფრო დაბალი ვაქცინებისა და უკეთესი მკურნალობის გამო).
კლინიკური სიმძიმე
ლეტალობის გარდა, ნიპაჰის ვირუსმა შესაძლოა სწრაფი ნევროლოგიური გაუარესება და მძიმე რესპირატორული დაავადება გამოიწვიოს. გადარჩენილ პაციენტებს შესაძლოა გრძელვადიანი გართულებები ჰქონდეთ, როგორიცაა მუდმივი კრუნჩხვები ან პიროვნული ცვლილებები ტვინის დაზიანების გამო.
ნიპაჰი ინფიცირებულ ინდივიდებში გაცილებით უფრო ლეტალურია, მაგრამ ნაკლებად გადამდებია, ვიდრე COVID-19. ვირუსი, რომელიც მაღალ ლეტალობას და მაღალ გადაცემადობას აერთიანებს, ცალსახაა რომ ვირუსს უკიდურესად საშიში პოტენციალი აქვს თუმცა ნიპაჰს ბუნებრივად ასეთი კომბინაცია ჯერ არ უჩვენებია.
| მახასიათებელი | ნიპაჰის ვირუსი | COVID-19 (SARS-CoV-2) |
| შემთხვევათა ლეტალობის მაჩვენებელი | ~40–75 % | ~2–3 % გლობალურად |
| გადაცემა | შეზღუდული (მჭიდრო კონტაქტი) | მაღალგადამდები (ჰაერწვეთოვანი, აეროზოლები) |
| მკურნალობა | სპეციფიკური ანტივირუსული არ არსებობს; მხარდამჭერი თერაპია | არსებობს ვაქცინები; მიზნობრივი ანტივირუსული პრეპარატები |
| პანდემიური პოტენციალი | შესაძლებელია, მაგრამ ამჟამად შეზღუდული | დადასტურებული გლობალური პანდემიის უნარი |
პრევენცია და დაცვა
იმის გამო, რომ ნიპაჰის ვირუსის წინააღმდეგ ფართოდ გამოყენებისთვის დამტკიცებული ვაქცინა ან სპეციფიკური ანტივირუსული თერაპია ამჟამად არ არსებობს, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სტრატეგიები პრევენციაზეა ფოკუსირებული.
პირადი დაცვა
- მოერიდეთ ნედლი ფინიკის, პალმის წვენის ან გაურეცხავი ხილის მიღებას, რომელიც შესაძლოა ღამურების სეკტეტით იყოს დაბინძურებული.
- დაიცავით კარგი ჰიგიენა, მათ შორის რეკომენდირებულია: ხელების ხშირი დაბანა საპნით ან ალკოჰოლზე დაფუძნებული სადეზინფექციო საშუალებების გამოყენება.
- თუ ავადმყოფზე ზრუნავთ.
- გამოიყენეთ დამცავი საშუალებები (ნიღბები, ხელთათმანები).
- უახლოეს მომავალში სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში მოგზაურობას მოეირიდეთ.
საქართველოში ამგვარ ზოონოზურ ვირუსთან მიმართებაში პანიკის საფუძველი ამ მომენტში არ არსებობს ვინაიდან, ვირუსს გავრცელების შეზღუდული უნარი აქვს ხოლო არც კავკასიის და არც ახლო აღმოსაცლეთის რეგიონში ამ დრომდე ნიპაჰის არც ერთი შემთხვევა არ ფიქსირდება.

