ნიუ-იორკში წითელასგან ბავშვი გარდაიცვალა — შტატში ეს ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველი შემთხვევაა

გააზიარე

აშშ-ის ნიუ-იორკის შტატში წითელასგან გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა. მსხვერპლი ლუისის ოლქში მცხოვრები ბავშვია. ეს შტატში ბოლო 30 წლის განმავლობაში წითელასთან დაკავშირებული სიკვდილის პირველი შემთხვევაა.

ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, ლუისის ოლქში წელს წითელას 15 შემთხვევა დაფიქსირდა. ყველა ინფიცირებული აუცრელი იყო. შტატის გუბერნატორის, კეტი ჰოჩულის განცხადებით, ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინაცია და რა საფრთხეს ქმნის იმუნიზაციის მაჩვენებლის შემცირება.

ნიუ-იორკში წელს წითელას სულ მცირე 178 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთა უმეტესობა აგვისტოს შემდეგ დაფიქსირდა. ინფექციის გავრცელება განსაკუთრებით შესამჩნევია იმ თემებში, სადაც ბავშვების ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია.

აშშ-ის მასშტაბით, 2026 წელს წითელას 4 852 შემთხვევა აღირიცხა — ორჯერ მეტი, ვიდრე გასულ წელს. დაავადება ერთ-ერთი ყველაზე გადამდები ვირუსული ინფექციაა და განსაკუთრებით საშიშია აუცრელი ადამიანებისთვის. მას შეუძლია გამოიწვიოს მძიმე გართულებები, მათ შორის პნევმონია და თავის ტვინის ანთება.

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) რეკომენდაციით, ბავშვებმა წითელას, ყბაყურასა და წითურას საწინააღმდეგო MMR ვაქცინის პირველი დოზა 12-15 თვის ასაკში, მეორე კი 4-6 წლის ასაკში უნდა მიიღონ.

წყარო: NYTIMES

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები