აშშ-ის პენსილვანიის შტატში, ლანკასტერის ოლქში, ბოლო 35 წლის განმავლობაში წითელას ყველაზე მასშტაბური ეპიდაფეთქება დაფიქსირდა. ეპიდემიამ განსაკუთრებით ამიშებისა და კონსერვატორი მენონიტების თემები მოიცვა — ე.წ. „Plain communities“, რომლებიც ტრადიციული ცხოვრების წესით, მოკრძალებული ჩაცმულობითა და ტექნოლოგიების შეზღუდული გამოყენებით გამოირჩევიან.
ოფიციალური მონაცემებით, პენსილვანიაში წითელას 1 350-ზე მეტი შემთხვევა დარეგისტრირდა, საიდანაც მესამედზე მეტი სწორედ ლანკასტერის ოლქზე მოდის. შტატში წითელას თანმდევი გართულებებით 5 ადამიანი გარდაიცვალა (მათგან სამი — ლანკასტერში, ორი —სხვა რეგიონებში). ექსპერტთა განცხადებით, რეალური ციფრები გაცილებით მაღალია, ვინაიდან ინფიცირებულთა დიდი ნაწილი ექიმს არ მიმართავს.
შემთხვევათა უმეტესობა მსუბუქად მიმდინარეობს, თუმცა წითელამ შესაძლოა გამოიწვიოს მძიმე გართულებები, როგორიცაა ფილტვების ანთება (პნევმონია) და ენცეფალიტი.
დავა ნიუ-იორკის სავალდებულო სასკოლო აცრების გამო
მიუხედავად იმისა, რომ თემის წევრები რელიგიური მიზეზებით თავს არიდებენ სამოქალაქო ჩართულობის ზოგიერთ ფორმას (მაგალითად, საჯარო თანამდებობების დაკავებას), ისინი საზოგადოებისგან სრულად იზოლირებულნი არ არიან — ამიშები იქვე მცხოვრებ მეზობლებთან აქტიურად ვაჭრობენ და ყოველდღიურ საქმიან ურთიერთობებს ინარჩუნებენ, რაც ვირუსის გავრცელების რისკს ზრდის.
პარალელურად, მიმდინარე ეპიდემიის ფონზე, ნიუ-იორკში ამიშების სკოლებისა და კონკრეტული პირების ჯგუფი უზენაეს სასამართლოს მიმართავენ. ისინი ითხოვენ, რომ შტატმა აღადგინოს სკოლის სავალდებულო ვაქცინაციაზე რელიგიური გამონაკლისის დაშვების უფლება, რომელიც ნიუ-იორკში 2019 წელს გაუქმდა, პენსილვანიაში კი ასეთი გამონაკლისი ამჟამადაც მოქმედებს.
რელიგიური დოქტრინა თუ კულტურული ჩვევა: რას ემყარება ვაქცინაციისადმი სკეპტიციზმი?
ექსპერტთა განმარტებით, ტრადიციულ თემებში აცრების დაბალი მაჩვენებელი არა რელიგიური დოქტრინით, არამედ ჩვევებითა და კულტურით არის განპირობებული. ეს მიდგომა, ძირითადად, ეფუძნება რწმენას, რომ წარსულში აუცრელობამ სერიოზული პრობლემების გარეშე ჩაიარა, რასაც თან ერთვის სამთავრობო ჯანდაცვის სისტემისა და გარეშე პროფესიონალებისადმი უნდობლობაც.
ამასთან, ვაქცინაციისადმი დამოკიდებულება თემებს შორის საგრძნობლად განსხვავდება. 2022 წლის კვლევის მიხედვით, მენონიტი ოჯახების უმეტესობას შვილები აცრილი ჰყავდა, მაშინ როცა ამიშ ოჯახებში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 10-დან 3-ს შეადგენდა.
თემში აზრთა სხვადასხვაობა კვლავ აქტუალურია: ზოგიერთი ამიში ფერმერი მაინც ეწინააღმდეგება ვაქცინაციას და მიიჩნევს, რომ „წითელა ბუნებრივი მოვლენაა“, ხოლო სხვები აიცრნენ იმის შიშით, რომ ავადმყოფობის გამო ბოსტნეულისა და თამბაქოს მოსავლის აღებას ვერ შეძლებდნენ. ყოფილი სამედიცინო ადმინისტრატორის, ალენ ჰუვერის თქმით, გარეშე პროფესიონალებს ამიშთა თემში ნდობის მოსაპოვებლად დაახლოებით 20 წელი სჭირდებათ.
პანდემიის გავლენა და ვაქცინაციის ახალი ტენდენციები
COVID-19-ის პერიოდში დაწესებული მკაცრი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომების ფონზე, ტრადიციულ თემებში ვაქცინებისადმი დამოკიდებულება გაუარესდა. პანდემიის დროს ვაქცინაციისადმი გაზრდილი სკეპტიციზმი კი ფართო საზოგადოებაშიც შენარჩუნდა. აშშ-ში საბავშვო ბაღის მოსწავლეებში წითელა-წითურა-ყბაყურას (MMR) ვაქცინაციის დონე 95.2%-იდან (2019-2020 წლები) 92.4%-მდე შემცირდა. ლანკასტერის ოლქში ეს მაჩვენებელი 88%-ს შეადგენს, ხოლო კერძო და რელიგიურ სკოლებში კიდევ უფრო დაბალია.
თუმცა, ეპიდაფეთქების მასშტაბის ფონზე, ლანკასტერის ოლქში, თემების წევრებმა ვაქცინაციის მიმართ მეტი მზაობა გამოავლინეს. არასამთავრობო ორგანიზაცია Union Community Care-მა მობილური კლინიკების საშუალებით ტრადიციულ თემებში დაახლოებით 450 ადამიანი აცრა. გარდა ამისა, ექიმებმა დაიწყეს ჩვილების აცრა იმაზე ადრეულ ასაკში, ვიდრე ეს სტანდარტული გრაფიკითაა გათვალისწინებული.
ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ ზამთრის დადგომასთან ერთად, დახურულ სივრცეებში ხალხმრავლობის გამო, ინფიცირების შემთხვევები შესაძლოა კვლავ გაიზარდოს, რის გამოც მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.
წყარო: apnews

