ფოტო, რომელმაც ეპოქა შექმნა — ზბიგნევ რელიგა და მისი ასისტენტი გულის 23-საათიანი ოპერაციის შემდეგ

გააზიარე

ექიმი მონიტორს შეჰყურებს, კუთხეში კი მის ასისტენტს სძინავს — ეს კადრი, რომელიც 1987 წელს არის გადაღებული, მედიცინის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი ფოტოა. პოლონელი კარდიოქირურგი, ზბიგნევ რელიგა 23-საათიანი ურთულესი ოპერაციის შემდეგ პაციენტის სასიცოცხლო მაჩვენებლებს აკვირდება.

ოპერაცია, რომელიც იმ პერიოდისთვის თითქმის შეუძლებლად მიიჩნეოდა, წარმატებით დასრულდა. პაციენტმა, თადეუშ ჟიტკიევიჩმა, ახალი გულით კიდევ 30 წელი იცოცხლა. ის 2017 წელს გარდაიცვალა და საკუთარ ექიმსაც კი აჯობა სიცოცხლის ხანგრძლივობით.

ისტორიული კადრი ფოტოგრაფმა ჯეიმს სტენფილდმა დააფიქსირა, როდესაც ის 1980-იან წლებში პოლონეთის მოძველებულ და კრიზისში მყოფ ჯანდაცვის სისტემაზე რეპორტაჟს ამზადებდა. ეს ნამუშევარი National Geographic-მა „1987 წლის ფოტოდ“ დაასახელა და ისტორიაში 100 ყველაზე მნიშვნელოვან ფოტოს შორის შეიტანა.

ზბიგნევ რელიგა პოლონეთში გულის ტრანსპლანტაციის პიონერი იყო. მან სამედიცინო განათლება 1963 წელს ვარშავაში მიიღო, მოგვიანებით კი ნიუ-იორკსა და დეტროიტში სისხლძარღვთა და კარდიოქირურგიის მიმართულებით გადამზადდა. 1984 წლიდან ის ზაბჟეს (Zabrze) კარდიოქირურგიულ კლინიკას ხელმძღვანელობდა, სადაც ქვეყანაში პირველი წარმატებული გულის ტრანსპლანტაცია ჩაატარა. ტრანსპლანტაციისთვის დონორის ორგანო ვარშავიდან ზაბჟეში მას შემდეგ გადაიტანეს, რაც დონორს ტვინის სიკვდილი დაუდასტურდა. გარდა ამისა, 1995 წელს რელიგა იყო პირველი ქირურგი, რომელმაც ადამიანის გვამური ქსოვილებისგან შექმნილი ხელოვნური სარქველი გადანერგა.

მიუხედავად იმისა, რომ სხვებს სიცოცხლეს უხანგრძლივებდა, თავად ექიმი თამბაქოს აქტიური მომხმარებელი იყო და 2009 წლის 8 მარტს ფილტვის კიბოთი გარდაიცვალა. ცნობილია, რომ ის ათეისტი იყო, ამიტომ დაკრძალვის ცერემონია არაკათოლიკურ სასაფლაოზე გაიმართა და ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

www.rarehistoricalphotos.com

ექიმის დაკრძალვას ესწრებოდნენ როგორც ფოტოგრაფი ჯეიმს სტენფილდი, ისე თავად პაციენტი — თადეუშ ჟიტკიევიჩი. 88 წლის ჟიტკიევიჩს ცერემონიის განმავლობაში ხელში სწორედ ის ლეგენდარული ფოტო ეჭირა, რომელმაც ექიმისა და მისი გადარჩენის ისტორია უკვდავყო.

წყარო: rarehistoricalphotos.com

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები