ეპილეფსიის მაღალი პრევალენტობის გამო, საზოგადოება გარკვეულწილად ინფორმირებულია მისი ტიპური კლინიკური სურათის შესახებ. თუმცა, დიაგნოსტიკური თვალსაზრისით, გადამწყვეტია იმის გათვალისწინება, რომ ყოველი პაროქსიზმული მოვლენა არ წარმოადგენს ცენტრალური ნერვული სისტემის პათოლოგიური ელექტრული აქტივობის შედეგს.
ფუნქციური გულყრები (Functional Seizures, FS), ადრე ცნობილი როგორც ფსიქოგენური არაეპილეფსიური გულყრები (PNES), თავისი გამოვლინებით ზუსტად ბაძავს “ნამდვილ” გულყრებს, თუმცა მათი ეტიოლოგია განსხვავებულია. ფუნქციური გულყრა თავისი არსით ფსიქოსომატური მოვლენაა, რომელიც გონებასა და სხეულს შორის დისოციაციით ვლინდება და ხშირად მძიმე სტრესული ან ტრავმული გამოცდილების შედეგს წარმოადგენს. სწორედ ამ ფსიქოგენური ბუნების გამო, იგი ფუნქციურ ნევროლოგიურ აშლილობათა ჯგუფს მიეკუთვნება, რაც ხაზს უსვამს იმას, რომ სიმპტომები რეალურია და არ წარმოადგენს შეგნებულ სიმულაციას.
მიუხედავად იმისა, რომ ფუნქციური გულყრების გავრცელება 100,000 მოსახლეზე 2-დან 33 შემთხვევამდე მერყეობს, დიაგნოსტიკური პროცესი ხშირად წლობით (საშუალოდ 7 წლით) ხანგრძლივდება. გვიან დასმული დიაგნოზი და თანმდევი არასწორი კლასიფიკაცია კი საფუძველს უქმნის პაციენტებსთვის კრუნჩხვის საწინააღმდეგო მედიკამენტებით (ASM) არამიზნობრივ მკურნალობას.
ფართოდ გავრცელებული სტიგმისა და დიაგნოსტიკური ხარვეზების ფონზე ამერიკის ნევროლოგთა აკადემიის (AAN) მიერ გამოქვეყნებული პირველი ოფიციალური გაიდლაინი სისტემური ცვლილებების საფუძველი ხდება.
AAN-ის გაიდლაინი ეყრდნობა სისტემურ მიმოხილვას, რომელიც Medline-ის, Embase-ის, PsychINFO-სა და CINAHL-ის ბაზათა 12 კვლევას (II-III კლასი) აერთიანებს. GRADE და Delphi მეთოდების გამოყენებით მტკიცებულებათა შეფასებამ გამოკვეთა ფსიქოლოგიური ინტერვენციების უპირატესობა სტანდარტულ მკურნალობასთან შედარებით. კერძოდ, ანალიზმა აჩვენა მათი გავლენა გულყრების სიხშირეზე, პაციენტის ცხოვრების ხარისხსა (QoL) და ფუნქციურ/ფსიქიატრიულ მდგომარეობაზე.
ძირითადი რეკომენდაციები:
დიაგნოსტიკა: დაუყოვნებელი და ზუსტი იდენტიფიკაცია (რეკომენდაცია 1, დონე B/C)
AAN-ის სახელმძღვანელო კლინიცისტებისა და პაციენტებისთვის განსაზღვრავს მკაფიო, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ სამოქმედო გეგმას, რომლის ქვაკუთხედიც ფუნქციური გულყრების (FS) სწორი დიფერენცირებაა. ეს პროცესი იწყება პაციენტისა და თვითმხილველისგან დეტალური ანამნეზის შეკრებითა და ვიდეომასალის საფუძველზე სემიოლოგიის შესწავლით, რაც აუცილებელია FS-ის გამოსაყოფად სხვა პაროქსიზმული მდგომარეობებისგან.
დიაგნოსტიკის „ოქროს სტანდარტს“ ვიდეო-ელექტროენცეფალოგრამა (ვიდეო-EEG) წარმოადგენს, რომელიც ეპიზოდის დროს ტვინის ნორმალურ ელექტრულ აქტივობას ადასტურებს. ამასთანავე, სინკოპეს გამოსარიცხად სავალდებულოა კარდიოლოგიური კვლევები, მათ შორის ECG და Tilt-Table ტესტი. იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც სპეციალიზებული აპარატურა ხელმისაწვდომი არ არის, გაიდლაინი რეკომენდაციას უწევს ალტერნატიულ გზებს, მაგალითად, მობილური ტელეფონით გადაღებულ ვიდეოებსა თუ ამბულატორიულ EEG-ს, რაც უზრუნველყოფს პაციენტის დროულ რეფერალსა და მართვის ოპტიმალურ სტრატეგიას.
ფსიქიატრიული კომორბიდობები: ჰოლისტიკური მიდგომა (რეკომენდაცია 2, დონე B)
FS-ის მართვის ჰოლისტიკური მოდელი გულისხმობს პაციენტთა ფსიქიკური ჯანმრთელობის აქტიურ სკრინინგს, რათა დროულად მოხდეს ისეთი თანმხლები აშლილობების იდენტიფიცირება, როგორიცაა შფოთვა, დეპრესია ან PTSD. დიაგნოსტიკის შემდგომ, სამედიცინო გუნდის უმთავრესი ამოცანაა ამ პაციენტთა დროული რეფერალი შესაბამის სპეციალისტებთან (ფსიქიატრთან ან ფსიქოთერაპევტთან); ეს ნაბიჯი კრიტიკულია, რადგან არანამკურნალები კომორბიდული მდგომარეობები პირდაპირ აფერხებს FS-ის მართვის ეფექტურობას და პაციენტის გამოჯანმრთელების პროცესს.
ეპილეფსიის თანაარსებობა: დიფერენცირებული მიდგომა თერაპიაში (რეკომენდაცია 3, დონე B)
ვინაიდან ეპილეფსიის თანაარსებობის მაჩვენებელი FS-ის მქონე პაციენტებში საკმაოდ მაღალია (დაახლოებით 20% ზრდასრულებში), აუცილებელია თითოეულ შემთხვევაში ჩატარდეს მკაფიო დიფერენცირებული სკრინინგი. კლინიკური გადაწყვეტილების მიღებისას კლინიცისტმა პაციენტს უნდა მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია კრუნჩხვის საწინააღმდეგო მედიკამენტების (ASM) შესახებ, მკაფიო ხაზგასმით: ASM-თერაპია ეფექტურია მხოლოდ დადასტურებული ეპილეფსიის შემთხვევაში. შესაბამისად, ამ მედიკამენტების დანიშვნა ან გაგრძელება უნდა ეფუძნებოდეს არა ვარაუდს, არამედ მხოლოდ დადასტურებულ ეპილეფსიურ დიაგნოზს, რათა თავიდან იქნას აცილებული არამიზნობრივი მკურნალობა და მისი თანმდევი რისკები.
ზოგადი მართვა: მულტიდისციპლინური მიდგომა (რეკომენდაცია 4, დონე B)
ეფექტური მართვის ქვაკუთხედს ნევროლოგებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტების მჭიდრო კოლაბორაცია წარმოადგენს. ეს თანამშრომლობა იწყება დიაგნოზის გაზიარების ეტაპზე, რომელიც უნდა იყოს მკაფიო, ემპათიური და პაციენტზე მორგებული. ამგვარი მიდგომა უზრუნველყოფს მდგომარეობის გააზრებას პაციენტის მხრიდან, რაც ქმნის წინაპირობას გადაწყვეტილების ერთობლივი მიღებისათვის, რომელშიც მხოლოდ ექიმი არ აკეთებს არჩევანს.
ფსიქოლოგიური მხარდაჭერა: მკურნალობის პირველი ხაზი (რეკომენდაცია 5, დონე B)
ვინაიდან ფსიქოთერაპიული ჩარევები მკურნალობის პირველ ხაზს წარმოადგენს, კლინიცისტების პირდაპირი პასუხისმგებლობაა პაციენტთა ინფორმირება ამ მეთოდების მოსალოდნელი სარგებლისა და რისკების შესახებ. დეტალური კონსულტირების შემდეგ, პაციენტები ოპერატიულად უნდა გადამისამართდნენ კვალიფიციურ სპეციალისტებთან, სადაც, მათი საჭიროებებიდან გამომდინარე, გამოყენებული იქნება შემდეგი მეთოდები:
კოგნიტურ-ქცევითი თერაპია (CBT) და ნეიროქცევითი თერაპია, რომლებიც ფოკუსირებულია უშუალოდ გულყრების მართვაზე.
ReACT, ქცევითი და მოტივაციური თერაპიები.
ვიდეოჩანაწერების ერთობლივი განხილვა, რაც სიმპტომების უკეთ გააზრებასა და გაცნობიერებას უწყობს ხელს.
მნიშვნელოვანია სოციალური გარემოს როლიც: ბავშვთა და მოზარდთა შემთხვევაში ეს გულისხმობს ოჯახის აქტიურ ჩართვას, ხოლო ზრდასრულებში – მხარდამჭერი ორგანიზაციების ინტეგრირებას, რაც მკურნალობის პროცესს უფრო მდგრადს ხდის.
ფარმაკოთერაპია: ASM-ის შეწყვეტა (რეკომენდაცია 6, დონე B)
გაიდლაინის ერთ-ერთი საკვანძო რეკომენდაცია კრუნჩხვის საწინააღმდეგო მედიკამენტების (ASM) და ბენზოდიაზეპინების არამიზნობრივი გამოყენების შეწყვეტაა. ვინაიდან ეს პრეპარატები არ არის ეფექტური ფუნქციური გულყრების სამკურნალოდ, მათი დანიშვნა დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც სახეზეა თანმხლები ეპილეფსია, გენერალიზებული შფოთვა ან სხვა მკაფიო კლინიკური ჩვენება.
პროექტის ხელმძღვანელის, იელის უნივერსიტეტის დოქტორ ბენჯამინ ტოლჩინის განმარტებით, ამგვარი სამედიცინო სიზუსტე პირდაპირ კავშირშია მის მთავარ პრიორიტეტთან: პაციენტებისთვის მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაფართოებასა და სტიგმის აღმოფხვრასთან.
მიუხედავად ამ გაიდლაინის გარდამტეხი მნიშვნელობისა, სამეცნიერო ლიტერატურა მიუთითებს კვლევით ხარვეზებზე, რომელთა აღმოფხვრა აუცილებელია FS-ის მართვის გასაუმჯობესებლად. ძირითადი გამოწვევები მოიცავს: თერაპიების პირდაპირ შედარებას (Head-to-head), რანდომიზებული კვლევების ნაკლებობას, რაც ხელს შეუშლის მკურნალობის ოპტიმალური ალგორითმის დადგენას; გრძელვადიანი შედეგების შეფასების საჭიროებას; ხელოვნური ინტელექტის (AI) როლის ინტეგრაციასა და ვალიდაციას FS-ის დიაგნოსტიკურ პროცესში.
წყარო: Neurology

