FDA კონცენტრირებული 7-OH პროდუქტების წინააღმდეგ

გააზიარე

აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაცია (FDA) ოპიოიდური საფრთხის ახალი ტალღის თავიდან ასაცილებლად გადამწყვეტ ზომებს იღებს: საუბარია 7-ჰიდროქსიმიტრაგინინზე (7-OH), კრატომის ნაერთის შემცველ სახიფათო პროდუქტებზე. ეს ნივთიერება, თავისი კონცენტრაციის გამო, ბუნებრივ კრატომის ფოთოლზე ბევრად უფრო ძლიერია, შესაბამისად სერიოზულად ზრდის დამოკიდებულებისა და დოზის გადაჭარბების რისკს. 

FDA-ის მიერ 7-OH-ის კონტროლირებად ნივთიერებად კლასიფიცირება კრიტიკულია, განსაკუთრებით ახალგაზრდების დასაცავად, რათა ოპიოიდური კრიზისი არ გამწვავდეს. 

რა არის 7-OH?

7-ჰიდროქსიმიტრაგინინი (7-OH) არის ძლიერი ალკალოიდი, რომელიც ბუნებრივად გვხვდება კრატომის მცენარეში (Mitragyna speciosa). მიუხედავად იმისა, რომ კრატომის ფოთლებს ტრადიციულად ტკივილის, შფოთვისა და ოპიოიდური აბსტინენციის სამკურნალოდ იყენებენ, 7-OH არის ბევრად უფრო ძლიერი ოპიოიდური აგონისტი. 7-OH მცენარეში არსებობს მცირე რაოდენობით, ან სინთეზირებულია მიტრაგინინის გარდაქმნით.

7-OH დოზის გადაჭარბების თვალსაზრისით ბევრად უფრო საშიშია, რადგან მისი მცირე რაოდენობაც კი შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს მორფინის იმავე დოზასთან შედარებით. მას აქვს ტოლერანტობისა და დამოკიდებულების განვითარების მაღალი რისკი. ამასთანავე იწვევს ოპიოიდებისთვის დამახასიათებელ ეიფორიულ და სედაციურ ეფექტებს.

7-OH პროდუქტები სწრაფად გავრცელდა ბაზარზე, მათ შორის ვეიპ შოპებში, ბენზინგასამართ სადგურებსა და ონლაინ სივრცეში. ეს ნივთიერებები ხელმისაწვდომია ისეთი მიმზიდველი ფორმებით, როგორიცაა ჟელატინის კანფეტები, ტაბლეტები, სასმელები და ნაყინის კონუსებიც კი. ხშირად მომხმარებლები შეცდომაში შეჰყავთ და ამ პროდუქტების უვნებლობაში არწმუნებენ.

ტრადიციული კრატომისგან განსხვავებით, რომელიც 7-OH-ის მხოლოდ მცირე რაოდენობას შეიცავს, ეს ლაბორატორიულად მიღებული კონცენტრატები შეიძლება იყოს 98%-მდე სუფთა 7-OH-ის შემცველი. ეს არის ნივთიერება, რომელიც ტვინის ოპიოიდურ რეცეპტორებს მორფინზე ბევრად უფრო ძლიერად უკავშირდება.

საფუძვლიანი სამეცნიერო შემოწმების შედეგად, FDA-მ შვიდი კომპანია გააფრთხილა იმის გამო, რომ პროდუქტები უკანონოდ, როგორც საკვები დანამატები ან საკვები, ისე იყიდებოდა. ამასთან ერთად, FDA რეკომენდაციას იძლევა, რომ 7-OH პროდუქტები „კონტროლირებადი ნივთიერებების აქტის“ ფარგლებში შეიზღუდოს. (Controlled Substances Act). ამ რეგულაციურ ნაბიჯს მოჰყვება საჯარო განხილვის ეტაპი, ხოლო საბოლოოდ, გადაწყვეტილებას DEA (Drug Enforcement Administration) მიიღებს.

აშშ-ის ჯანმრთელობისა და ადამიანური სერვისების მდივანი, რობერტ ფ. კენედი უმცროსი, ხაზს უსვამს საფრთხეს: „დღევანდელი ქმედება 7-OH-ის წინააღმდეგ არის კრიტიკული ნაბიჯი ოპიოიდური დამოკიდებულების წინააღმდეგ ბრძოლაში.“ დოქტორმა მარტი მაკარიმ, კი განაცხადა: „ოპიოიდური ეპიდემიის წინა ტალღის შემდეგ, ჩვენ აღარ გვაქვს უფლება, კიდევ ერთხელ დავრჩეთ მოუმზადებლები. 7-OH არის ოპიოიდი, რომელიც მორფინზე ძლიერია. რეგულაცია და საზოგადოების ინფორმირება აუცილებელია, რათა თავიდან ავიცილოთ ოპიოიდური კრიზისის მორიგი ტალღა.“

ძლიერი რეგულაცია, საზოგადოების ცნობიერება და მუდმივი ზედამხედველობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა მომხმარებლის ამ ფარული ოპიოიდური საფრთხისგან დასაცავად.

წყარო: FDA, JAMA



გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები