რა ნაბიჯებია საჭირო ექთნის პროფესიის გასაძლიერებლად? ინტერვიუ აკაკი ზოიძესთან

გააზიარე

საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში არსებული მდგომარეობა ევროპული სტანდარტებისგან რადიკალურად განსხვავდება. ქვეყანაში ექიმებისა და ექთნების რაოდენობა თითქმის თანაბარია. ექთნის პროფესია დღეს ნაკლებად მიმზიდველია, რაც პირველ რიგში დაბალი ანაზღაურებით, გადატვირთული გრაფიკითა და კარიერული ზრდის ბუნდოვანი პერსპექტივითაა განპირობებული. ამის გამო, ქვეყანა კვალიფიციური კადრების მასობრივ გადინებისა და მზარდ დეფიციტის პრობლემას აწყდება.

არსებულ სისტემურ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე ექიმსა და ჯანდაცვის პოლიტიკისა და სისტემების ექსპერტს, აკაკი ზოიძეს ვესაუბრეთ. მისი თქმით, ექთნების დეფიციტი და პროფესიის დაბალი პრესტიჟი ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი პრობლემების შედეგია, რაც სისტემურ ცვლილებებს მოითხოვს.

ზოიძის შეფასებით, გამოსავალი კომპლექსურ მიდგომაშია, რომელიც გულისხმობს ანზღაურების ზრდას, პასუხისმგებლობების და კომპენტენციების გაფართოებასა და უწყვეტი განათლების ისეთი მოდელის შექმნას, რომელიც ექთნის პროფესიულ დამოუკიდებლობასა და რეალურ კარიერულ ზრდას უზრუნველყოფს.

საქართველოში გვაქვს ასეთი პარადოქსული მდგომარეობა: ექიმებისა და ექთნების რაოდენობა თითქმის თანაბარია, რაც მკვეთრად ეწინააღმდეგება საერთაშორისო (მაგალითად, ევროპულ) პრაქტიკას. თქვენი აზრით, რატომ ვერ შეძლო ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემამ ექთნის პროფესიის მიმზიდველობის გაზრდა და რა პოლიტიკური თუ ეკონომიკური ბერკეტებია საჭირო იმისთვის, რომ ექთნების რაოდენობამ ექიმებისას გადააჭარბოს?

ეს საკითხი ერთდროულად ძალიან მარტივიცაა და რთულიც, რადგან ის ცვლილებები, რაც საექთნო საქმის მოსაწესრიგებლად არის საჭირო, საკმაოდ კომპლექსურია და ხანგრძლივ დროს მოითხოვს. თუმცა, ეს რეფორმა ადრე თუ გვიან მაინც უნდა განვახორციელოთ. ამ პრობლემაზე ბოლო 30 წელია ვლაპარაკობთ. რეალურად, გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, მაგრამ მათ უფრო „ნახევარ ზომებს“ და ბოლომდე მიუყვანელ რეფორმებს დავარქმევდი. ამან საბოლოო ჯამში შექმნა ის სიტუაცია, რაც დღეს გვაქვს: ნაცვლად იმისა, რომ ერთ ექიმზე სამი ექთანი მოდიოდეს, რეალურად სამი ექიმი გვყავს ორ ექთანზე. ეს აბსოლუტურად არანორმალური სურათია, რომელიც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში იშვიათად თუ შეგვხვდება.

ევროპული მოდელებისგან განსხვავებით, საქართველოში ჯერ კიდევ გვაქვს პრობლემა ექთნების დაბალი ანაზღაურებისა და მათი გადატვირთული გრაფიკის. თქვენი დაკვირვებით, რა სტრუქტურული რეფორმებია საჭირო, რომ ექთნის პროფესია გახდეს დაფასებული და პრესტიჟული ჩვენს ქვეყანაში?

პროფესიის პრესტიჟი პირდაპირაა დამოკიდებული ანაზღაურებაზე, მოტივაციასა და იმ პასუხისმგებლობებზე, რაც ექთანს აკისრია. რეალურად, სამივე ამ მიმართულებით დიდი პრობლემა გვაქვს. თუ დასავლეთის ჯანდაცვის სისტემებში ექთანს წამყვანი როლი უჭირავს როგორც ადამიანის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში, ისე მკურნალობის, რეაბილიტაციის, პრევენციისა თუ პალიატიური ზრუნვის კუთხით, ჩვენს სისტემაში ექთნის როლი უხშირეს შემთხვევაში სანიტარის დონემდეა დაყვანილი. რა თქმა უნდა, გვყავს გამოცდილი კადრებიც: ინტენსიური თერაპიის, ქირურგიული თუ საოპერაციო ბლოკის ექთნები, რომლებსაც უნიკალური უნარ-ჩვევები და თეორიული ცოდნა გააჩნიათ, მაგრამ ეს ძალიან ვიწრო წრეა. ასეთი სპეციალისტების მომზადებას დიდი დრო სჭირდება, მათ კი შესაბამისი მოტივაცია და ანაზღაურება უნდა ჰქონდეთ.

როდესაც ექთნის როლი ასე შემცირებულია, ანაზღაურებაც მინიმალურია. ეს მკვეთრად განსხვავდება ზოგიერთი სპეციალობის ექიმების შემოსავლისგან, რომლებიც მოთხოვნადი სპეციალისტები არიან და მათი ანაზღაურება დასავლელი კოლეგებისას არ ჩამოუვარდება. უფსკრული ჩვენი ექთნებისა და დასავლური ქვეყნების ექთნების ანაზღაურებას შორის უზარმაზარია. სწორედ ამიტომ, კვალიფიციური კადრების გადინება კატასტროფულია. შრომითი მიგრაციის თვალსაზრისით გერმანია ყველაზე აქტუალური მიმართულებაა, სადაც ლეგალური გზებით უამრავი ქართველი ექთანი მიდის და არსებული სისტემის პირობებში მათი უკან დაბრუნების ალბათობა ძალიან დაბალია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ თავად ევროპაშიც მიმდინარეობს ეს პროცესი — აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ექთნები მიემართებიან დასავლეთში უკეთესი პირობებისთვის. ჩვენთან კი ეს მიგრაცია კრიტიკულ ზღვარზეა დაბალი ანაზღაურების, დაბალი მოტივაციისა და მინიმალური პასუხისმგებლობის გამო.

მოგეხსენებათ, ევროპაში ექთნებს აქვთ მკაფიო კარიერული წინსვლის გზა (კლინიკური ექთანი, მენეჯერი, მკვლევარი, პრაქტიკოსი ექთანი). რატომ ჩერდება ეს პროფესია საქართველოში მხოლოდ რიგითი ექთნის პოზიციაზე და რატომ არ გვაქვს უწყვეტი განათლების მოდელი, რომელიც ექთანს კარიერულ ზრდაში დაეხმარება?

როგორც ექიმებისთვის, ისე ექთნებისთვის უწყვეტი განათლების ერთიანი მოდელი უნდა არსებობდეს. დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში საქმიანობისთვის აუცილებელია პროფესიული განვითარების სისტემის წევრობა. ასეთ სწრაფად განვითარებად სფეროში, სადაც ტექნოლოგიური და სამეცნიერო წინსვლა ყოველდღიურად ხდება, აუცილებელია „განვითარების პულსზე ხელის ჭერა“. მკაფიო კარიერული გზის შეთავაზება გადამწყვეტია მოტივაციის შესანარჩუნებლად. ექთანმა უნდა იცოდეს, სად არის მისი გზა კარიერული ზრდისთვის, რაც დღევანდელ პირობებში ფაქტობრივად ნულოვანია. ერთადერთი გამოსავალი რამდენიმე ადგილას მუშაობაა სოლიდური შემოსავლის დასაგროვებლად, რაც თავის მხრივ კიდევ უფრო მეტ გადაღლას, ფრუსტრაციას და ქვეყნიდან წასვლის სურვილს იწვევს.

როგორ ფიქრობთ, რა უნდა შეიცვალოს ჩვენს საგანმანათლებლო სისტემაში, რომ ქართველი ექთნები ფლობდნენ იმავე კლინიკურ კომპეტენციებს და ავტონომიას, როგორსაც მათი ევროპელი კოლეგები?

ამ მანკიერი წრის გასარღვევად სერიოზული ნაბიჯებია გადასადგმელი. უპირველეს ყოვლისა, პირველადი ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში ექთნების როლი მკვეთრად უნდა გაიზარდოს, ისევე როგორც სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ რეაბილიტაციის პროგრამებში. პირველი მცდელობა ექთნების ფინანსური სტიმულირებისთვის უნდა იყოს ის, რომ მათი ხელფასი გარკვეულ ნიშნულზე დაბალი არ იყოს. სახელმწიფომ პროგრამების ფარგლებში უნდა წაახალისოს ანაზღაურების ზრდა. მეორე მხრივ, უნდა დავეხმაროთ იმ კერძო ქსელებს, რომლებიც ცდილობენ პროფესიის პრესტიჟი აამაღლონ და თანამშრომლებს მეტი განათლება მისცენ. აუცილებელია საბაკალავრო პროგრამების ხელშეწყობა — დღეს სტუდენტს არ უღირს 4 წელი დახარჯოს ბაკალავრიატში, რადგან ეს მას არანაირ უპირატესობას არ აძლევს 1-2 წლიან ტექნიკუმთან შედარებით. საბოლოო ჯამში, უნდა გაიზარდოს სწავლის ხარისხიც და აზრიც. პროფესიის პოპულარიზაციას კი ვერ გავაკეთებთ, თუ ახალგაზრდებს კონკრეტულ კარიერულ გზას და ხედვას არ შევთავაზებთ. კომპლექსურად საჭიროა ანაზღაურების ზრდა, ბაკალავრიატის ხელშეწყობა, ასოციაციების როლის გაძლიერება და გადამზადების პროგრამების დაფინანსება. მხოლოდ ამ პროფესიის წარმომადგენლების მხრიდან მეტი აქტიურობითაა შესაძლებელი ამ ყველაფრის სისრულეში მოყვანა.

ამასთან, საჭიროა ძირეული ცვლილებები, რაზეც 30 წელია ვსაუბრობთ, მაგრამ რეალური ნაბიჯები ცოტა გადაიდგა. საჭიროა ექთნების მეტი სპეციალიზაცია, რომ მათი როლი არ იყოს შეზღუდული. უნდა შეიცვალოს საკანონმდებლო-ნორმატიული ბაზა, რათა ექთნების პასუხისმგებლობები გაფართოვდეს. მეტი პასუხისმგებლობა ნიშნავს მეტ ანაზღაურებას და პროფესიის პრესტიჟს. თუ ექთანს არ მივეცით სამედიცინო ინტერვენციების განხორციელებისა და პაციენტის მკურნალობაზე პასუხისმგებლობის აღების უფლება, წინ ვერ წავალთ. მაგალითად, აშშ-ში სამედიცინო პროცედურების ძირითადი აქტორი სწორედ ექთანია. ჩვენთან კი, ჭარბი ექიმების გამო, მათ როლს ხშირად ექიმის თანაშემწეები ან ჩვენს მიერ „მოგონილი“ გარდამავალი რგოლი — „უმცროსი ექიმი“ ითავსებს, რომელიც აბსოლუტურად ზედმეტია და ვერცერთი მხარის ამოცანას სრულყოფილად ვერ ასრულებს. ამიტომ, საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად, საექთნო განათლების ხელშეწყობა პრიორიტეტული უნდა გახდეს.

2027 წლისთვის იგეგმება ექთნების რეესტრის შექმნა და მათი სავალდებულო რეგისტრაცია, თუმცაღა, ექთნების მნიშვნელოვან ნაწილს არ აქვს შესაბამისი განათლება ან აკრედიტებული დიპლომი. ამ კუთხით სამინისტროს აქვს შემოღებული სპეციალური პოზიცია ექთნის დამხმარე. რა მოხდება თქვენი აზრით ამ რეესტრის ამოქმედების შემდეგ, მაშინ როცა როგორც სავარაუდოა ნახევარი ექთნებისა ვერ დარეგისტრირდება ამ რეესტრში?

ამ კონტექსტში, 2027 წლისთვის დაგეგმილი რეესტრი მხოლოდ ინსტრუმენტია და არა რეფორმა. გასაგებია, რომ სფეროში გარკვეული რეგულაციებია საჭირო, მაგრამ რეგულირების ძირითადი აზრი კომპეტენციებისა და პასუხისმგებლობების ცვლილება უნდა იყოს. რეესტრი გვაძლევს გარკვეულ სურათს, მაგრამ ის არ არის საბოლოო მიზანი. მხოლოდ რეესტრი ვერაფერს შეცვლის, თუ არ მოვაგვარეთ ისეთი ფუნდამენტური საკითხები, როგორიცაა ანაზღაურება, განათლების მოდელი და კომპეტენციების გადანაწილება.

რამდენად შესაძლებელია ევროპული პრაქტიკისა და გამოცდილების დანერგვით ქართულ რეალობაში ხელშესახები შედეგის მიღწევა არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად?

ჯადოსნური გამოსავალი, რომელიც პრობლემას ერთი ხელის მოსმით გადაჭრის, არ არსებობს. საჭიროა დიდი ძალისხმევა. როდესაც „ევროპულ გამოცდილებას“ ვახსენებთ, სწორედ იმ ნაბიჯებს ვგულისხმობთ, რომ ექთნებს ჰქონდეთ ზუსტად გაწერილი მოთხოვნები, გაფართოებული პასუხისმგებლობები და ამ ყველაფრის შესაბამისი, ადეკვატური ანაზღაურება. მნიშვნელოვანია რეალური ნაბიჯების გადადგმა — უნდა დავასრულოთ ეს „ნახევარი ზომები“ და გადავიდეთ გადამწყვეტ მოქმედებებზე. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი საბოლოოდ სისრულეში მოვა.

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები