რატომ ბრუნდება წონა მედიკამენტის შეწყვეტის შემდეგ?

გააზიარე

წონის კლების ახალი თაობის მედიკამენტებმა, მათ შორის სემაგლუტიდმა (Wegovy) და ტირზეპატიდმა (Mounjaro), თერაპიული სტანდარტი მნიშვნელოვნად შეცვალა. კლინიკური მონაცემებით, ეს პრეპარატები სხეულის მასის 15-20%-იან კლებას უზრუნველყოფს, რაც მკვეთრად აღემატება მხოლოდ დიეტური რეკომნედაციების ეფექტურობას. წონის შემცირებასთან ერთად პაციენტებში უმჯობესდება არტერიული წნევა, ქოლესტერინისა და შაქრის დონე, რაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს საგრძნობლად ამცირებს.

თუმცა, რეალური პრაქტიკა აჩვენებს, რომ მომხმარებელთა ნახევარი მკურნალობას 12 თვეში წყვეტს და ორგანიზმი დაკარგული მასის აღდგენას იწყებს. ეს ტენდენცია კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მოკლევადიან მიდგომებს და მიუთითებს, რომ სიმსუქნესთან ბრძოლა არ არის დროებითი მართვის პროცესი.

ჟურნალ BMJ-ში გამოქვეყნებული სისტემური მიმოხილვა, რომელიც 37 კვლევასა და 9 000-ზე მეტი პაციენტის მონაცემებს აჯამებს, ამ ტენდენციას ზუსტი სტატისტიკური მაჩვენებლებით ადასტურებს.

კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ მკურნალობის კურსის განმავლობაში პაციენტებმა საშუალოდ 8.3 კგ დაიკლეს, თუმცა პრეპარატის შეწყვეტის შემდეგ მიღწეული შედეგი არ შენარჩუნებულა. წონის მატებამ თვეში საშუალოდ 0.4 კგ შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ 1.7 წელიწადში პაციენტები საწყის წონას დაუბრუნდნენ.

ეს ტენდენცია კიდევ უფრო მკვეთრად გამოიკვეთა GLP-1 ჯგუფის მედიკამენტების შემთხვევაში, სადაც წონის მატების ტემპმა თვეში 0.8 კგ-ს მიაღწია. მსგავსი დინამიკით, მკურნალობის შეწყვეტიდან პირველსავე წელს პაციენტების წონა საშუალოდ 10 კილოგრამით იზრდება.

წონის მატებასთან ერთად, მკურნალობისას მიღწეული დადებითი ცვლილებებიც არასტაბილურია. კვლევამ აჩვენა, რომ მკურნალობისას სისტოლური წნევა საშუალოდ 5.8 ერთეულით იკლებს, თუმცა პრეპარატის შეწყვეტისთანავე ყოველთვიურად დაახლოებით ნახევარი ერთეულით იწყებს მატებას.

ანალოგიური რეგრესი გამოიკვეთა სხვა მაჩვენებლებშიც: ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების დონე საწყის ნიშნულს ერთ წელიწადში დაუბრუნდა, ხოლო გლიკოზირებული ჰემოგლობინის (HbA1c) სტაბილური მაჩვენებელი – 1.4 წელიწადში. საბოლოოდ, პრეპარატის შეწყვეტიდან სულ რაღაც 1.2 წელიწადში, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა იმ ადამიანების მონაცემებს გაუთანაბრდა, რომლებსაც მკურნალობა საერთოდ არ ჩაუტარებიათ.

საინტერესოა ისიც, რომ წონის მატების მსგავსი ტემპი ფიქსირდება მედიკამენტოზური მკურნალობისას. მაგალითად, მათთან, ვინც წონა დიეტითა და ვარჯიშით დაიკლო, წონის მატება თვეში მხოლოდ 0.02 კგ-ს შეადგენდა, მიღწეული ეფექტი კი 5 წლის განმავლობაში ნარჩუნდებოდა.

ეს განსხვავება იმით აიხსნება, რომ მედიკამენტი მადას მყისიერად და ხელოვნურად თრგუნავს. მისი შეწყვეტისას ეს ეფექტი მაშინვე ქრება, პაციენტს კი ამ დროს ჯანსაღი ჩვევები ჯერ კიდევ არ აქვს ჩამოყალიბებული. შესაბამისად, ეს მონაცემები კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ სიმსუქნე ქრონიკული მდგომარეობაა და ის ხანგრძლივ, კომპლექსურ მართვას საჭიროებს.

ყურადსაღებია თავად პაციენტების განწყობაც: როგორც კი ადამიანები წონის სწრაფი მატების მოსალოდნელი რისკის შესახებ იგებენ, GLP-1 ჯგუფის მედიკამენტების მიმართ ინტერესი 45%-დან 14%-მდე ეცემა. ეს მონაცემი მიუთითებს, რომ აუცილებელია პაციენტების ადეკვატურად ინფორმირება და მკურნალობის ხარჯთეფექტურობის ხელახალი შეფასება.

წყარო: BMJ



გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები