რევოლუციური მოწყობილობა ქრონიკული ჭრილობების მონიტორინგისთვის

გააზიარე

მელბურნის სამეფო ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (RMIT) მკვლევართა ჯგუფმა შექმნა რევოლუციური მოწყობილობა, რომელიც ჭრილობის შეხორცებას რეალურ დროში აკვირდება – სახვევების ხშირი მოხსნის გარეშე. ამ გამოგონებას აქვს პოტენციალი, შეცვალოს ჭრილობების მოვლის პრაქტიკა და შეამციროს ინფექციების განვითარების რისკი.

ჟურნალ “Advanced NanoBiomed Research”-ში აღწერილი ახალი მოწყობილობა უსადენოდ აკონტროლებს ჭრილობების შეხორცების მნიშვნელოვან მაჩვენებლებს, მათ შორის ანთების ნიშნებს, pH დონეს და ტემპერატურას. ეს მონაცემები გადამწყვეტია ინფექციისა და ქსოვილების აღდგენის სხვადასხვა ეტაპის შესაფასებლად.

კვლევის ხელმძღვანელი, დოქტორ პიტერ ფრენსის მეთიუ ელანგო განმარტავს: “ჭრილობების მდგომარეობის შეფასების ტრადიციული მეთოდი ხშირად მოითხოვს სახვევების მოხსნას, რაც ინფექციის განვითარების რისკს ზრდის და მკურნალობის პროცესს აფერხებს.“ მისივე თქმით, ახალი მოწყობილობა ამცირებს ფიზიკურ კონტაქტს და მონაცემებს Bluetooth-ის საშუალებით გადასცემს, რაც საშუალებას აძლევს ექიმებს რეალურ დროში, დისტანციურად აკონტროლონ ჭრილობა.

მკვლევრების შეფასებით, მასობრივი წარმოების შემთხვევაში, ამ ტექნოლოგიის ღირებულება ერთ მოწყობილობაზე 5 დოლარზე ნაკლები იქნება. ადაპტაციის შესამოწმებლად მოწყობილობა ადამიანის ხელზე განათავსეს. გაირკვა, რომ ის მარტივად ერგება მრუდე ზედაპირებს, რაც გადამწყვეტი იქნება ტექნოლოგიის პრაქტიკული გამოყენებისთვის.

ქრონიკული ჭრილობები მილიონობით ადამიანისთვის სერიოზული პრობლემაა, რაც ტვირთად აწვება ჯანდაცვის სისტემებს. მაგალითად, მხოლოდ ავსტრალიაში დაახლოებით 500 000 ადამიანი ცხოვრობს ქრონიკული ჭრილობებით, რაც ყოველწლიურად 3 მილიარდი დოლარი უჯდება ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას.

ეს ტექნოლოგია შექმნილია მელბურნის სამეფო ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (RMIT) მიერ. ის დააპატენტა პროფესორ მადჰუ ბჰასკარანის გუნდმა, რომელიც მოქნილ სენსორულ სისტემებზე მუშაობს.

პროფესორ ბჰასკარანის თქმით, სილიკონის სენსორულ სისტემას შეუძლია მრავალი ბიომარკერის აღმოჩენა. ამასთან,  მისი გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოსტირებისთვის.

ეს ინოვაცია გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს ქრონიკული ჭრილობების მქონე მილიონობით ადამიანისთვის მთელ მსოფლიოში, ასევე – ჯანდაცვის სექტორისთვის, რადგან ასეთი პაციენტების მკურნალობა ჯანდაცვის სისტემებს საკმაოდ ძვირი უჯდებათ.

გუნდი ეძებს პარტნიორებს, რომ ახალი სამედიცინო მოწყობილობა საავადმყოფოებში  გამოსცადოს. მნიშვნელოვანია, რომ ეს დამაიმედებელი ინოვაცია დაეხმარება პაციენტებს გამოჯანმრთელებაში და, ამავდროულად, შეამცირებს ჯანდაცვის სისტემის ხარჯებს.

წყარო: RMIT

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები