საფრანგეთში ჩვილთა საკვების შესაძლო ფატალური დაბინძურების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება. ჯანდაცვის უწყებები ორი ჩვილის გარდაცვალების მიზეზებს, სავარაუდოდ, ტოქსინით დაბინძურებულ პროდუქტს უკავშირებენ. ქალაქ პესაკში ერთ-ერთი ახალშობილი Nestle-ს წარმოების Guigoz-ის ფხვნილს მოიხმარდა, რის გამოც გამომძიებლები პროდუქტსა და ტრაგიკულ შემთხვევას შორის კავშირს აქტიურად ეძებენ.
პროდუქციის ბაზრიდან გაწვევას სამი მსხვილი კომპანია იწყებს. Nestle-მ, Lactalis-მა და Danone-მა გაყიდვიდან იმ პარტიების ამოღება გადაწყვიტეს, რომელთა დაბინძურების სავარაუდო მიზეზიც გულისრევისა და ღებინების გამომწვევი ტოქსინი – ცერეულიდი გახდა.
Nestle-მ საფრანგეთის ბაზრიდან Guigoz-ის ფხვნილი უკვე გამოითხოვა, თუმცა შვეიცარიული კომპანია ფატალურ შემთხვევებთან კავშირს ჯერჯერობით არ აღიარებს. რძის პროდუქტების საერთაშორისო მწარმოებელმა, Lactalis-მა, პროდუქცია 18 ქვეყნის ბაზრიდან ამოიღო, Danone-მა კი, უსაფრთხოების მიზნით, სინგაპურისთვის განკუთვნილი პარტია სრულად შეაჩერა. მწარმოებელთა განცხადებით, ყველა ეს ღონისძიება მხოლოდ პრევენციულ მიზნებს ემსახურება.
ქალაქ პესაკში ჩვილის გარდაცვალების ფაქტს ბორდოს პროკურატურა იკვლევს. ანჟერში მომხდარი მეორე შემთხვევის დეტალები ამ ეტაპზე არ საჯაროვდება. საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტრო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პროდუქტსა და ლეტალურ შედეგს შორის მიზეზშედეგობრივი კავშირი ჯერჯერობით დადგენილი არ არის.
საფრანგეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შესაძლო საფრთხის წყარო უკვე ამოიცნო. სავარაუდო მიზეზად ჩინური მომწოდებლისგან მიღებული, არაქიდონის მჟავით (ARA) მდიდარი ზეთი სახელდება, რომელიც საბავშვო კვებაში ჩვილის ტვინის განვითარების ხელშესაწყობად გამოიყენება. ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა 10 დღეში გახდება ცნობილი.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვილისთვის ყველაზე უსაფრთხო არჩევანი დედის რძეა, ბევრი ოჯახისთვის ხელოვნური კვება აუცილებლობას წარმოადგენს. ექსპერტები მშობლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ და პროდუქციის პარტიის კოდების გადამოწმებას ურჩევენ. ამ ეტაპზე გამოძიებას საფრანგეთი ხელმძღვანელობს, მიმდინარე პროცესს კი საერთაშორისო საზოგადოება ყურადღებით აკვირდება.
წყარო: Reuters

