ინოვაციური ტესტი, რომელიც გლუტენს საკვებში სამ წუთზე ნაკლებ დროში ავლენს

გააზიარე

საუკუნეების განმავლობაში ხორბალი მსოფლიოს თითქმის ყველა კულტურისთვის უმნიშვნელოვანესი პროდუქტი იყო. თუმცა, დღეს გლუტენი – ხორბლის ძირითადი ცილა – მილიონობით ადამიანისთვის ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებთან ასოცირდება. გლუტენით გამოწვეული დაავადებები, მაგალითად, ცელიაკია და ალერგია ხორბალზე, გლუტენის შემცველი საკვების მკაცრად შეზღუდვას მოითხოვს. მაგრამ ყოველდღიურ რაციონში ფარული გლუტენისა და ჯვარედინი დაბინძურების (გლუტენის მოხვედრა საკვებში იმ ზედაპირებიდან, სადაც გლუტენის შემცველი პროდუქტი მუშავდებოდა) რისკი ამ ამოცანას საგრძნობლად ართულებს.

Journal of Agricultural and Food Chemistry – ში გამოქვეყნებული კვლევა წარმოგვიდგენს LEO სისტემას. ეს არის სწრაფი და პორტატული ტესტი, რომელსაც საკვებში გლუტენის აღმოჩენა სამ წუთზე ნაკლებ დროში შეუძლია. LEO აერთიანებს აპრობირებულ ტექნოლოგიებს – გვერდითი ნაკადის ანალიზს, სმარტფონზე დაფუძნებულ გამოსახულების ანალიზსა და ნივთების ინტერნეტს (IoT). ამ კომბინაციის წყალობით, LEO გლუტენის სწრაფ, ზუსტ და მარტივ დეტექციას სთავაზობს როგორც რიგით მომხმარებლებს, ისე კვების ინდუსტრიას, ექიმებსა და მარეგულირებელ ორგანოებს.

საკვებზე ალერგია გლობალური პრობლემაა. ის აწუხებს ბავშვების 8%-ს და ზრდასრულების 13%-ს, რაც ჯანდაცვის სისტემას ყოველწლიურად დაახლოებით 25 მილიარდი დოლარი უჯდება. ხორბალთან დაკავშირებული იმუნური რეაქციები, მათ შორის ცელიაკია, საკმაოდ გავრცელებული და სერიოზული დაავადებაა. უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, აუცილებელია, რომ საკვები გლუტენისგან ნამდვილად თავისუფალი იყოს, თუმცა, მკაცრი რეგულაციების მიუხედავად, ჯვარედინი დაბინძურება კვლავ დიდ პრობლემას წარმოადგენს.

გლუტენის ტრადიციულ ტესტებს, მაგალითად, ELISA-ს, ჩასატარებლად დაახლოებით სამი საათი სჭირდება და ამავდროულად რთულ ლაბორატორიულ პროცედურებს მოიცავს. პროცესის ხანგრძლივობა ზრდის გლუტენის შემთხვევით მოხმარების რისკს, განსაკუთრებით რესტორნებსა და გადამუშავებულ საკვებში, რაც გლუტენზე მგრძნობიარე ადამიანებისთვის უსაფრთხო საკვებზე ხელმისწავდომობას ზღუდავს.

როგორ მუშაობს LEO ტესტი?

LEO (Lateral flow Enhanced by Optical imaging) აერთიანებს ორ მიდგომას ერთ ზოლზე: კონკურენტულ დეტექციასა და „სენდვიჩის“ ანალიზის ფორმატს. ამ ორმაგი მეთოდის წყალობით, LEO-ს შეუძლია სხვადასხვა კონცენტრაციის გლუტენის მაღალი სიზუსტით აღმოჩენა და ცრუ უარყოფითი შედეგების პრაქტიკულად გამორიცხვა, რაც სხვა ტესტებში ხშირად გვხვდება.

  • O (Control) ხაზი – ამოწმებს, მუშაობს თუ არა ტესტი სწორად.
  • E (Eating) ხაზი – კონკურენტული ანალიზის (მეთოდი, რომლის დროსაც გარკვეული ნივთიერების (ამ შემთხვევაში, გლუტენის) რაოდენობის დასადგენად ის სხვა, მსგავს ნივთიერებას „ეჯიბრება“) დახმარებით 10 ppm  კონცენტრაციის გლუტენს ავლენს.
  • L (Limit) ხაზი – „სენდვიჩის“ ანალიზის გამოყენებით გლუტენს 5 ppm კონცენტრაციაზე აფიქსირებს, თუმცა 20 ppm-ზე მაღალი კონცენტრაციისას მისი სიზუსტე შეიძლება შემცირდეს.
წყარო: ACS Publications, ნახ. 1. (A) რაოდენობრივი გვერდითი ნაკადის მოდელის სტრუქტურა. (B) კოდების სისტემა ახალი გვერდითი ნაკადის მოდელისთვის. (C) კოდების სისტემის ინტეგრაცია „ნივთების ინტერნეტთან“ (IoT). მონაცემების განახლება შესაძლებელია ღრუბლოვან პლატფორმაზე გლუტენის შემცველობის გასაანალიზებლად, ხოლო მომხმარებლებს შეუძლიათ ტესტ-ზოლის გამოსახულების გადაღება და ატვირთვა სმარტფონის მეშვეობით.

ტესტი იონური სითხის გამოყენებით სწრაფად გამოყოფს გლიადინს – გლუტენის კომპონენტს, რომელიც იმუნურ რეაქციებზეა პასუხისმგებელი. შედეგს სამ წუთზე ნაკლებ დროში იძლევა, რაც ELISA-სთან შედარებით დროის უმნიშვნელო მონაკვეთია. ვალიდაციის კვლევებმა აჩვენა, რომ ტესტი 98%-ზე მეტი სიზუსტით ემთხვევა ELISA-ს შედეგებს. როგორც ჩანს, LEO ტესტი სრულად აკმაყოფილებს და აჭარბებს კიდეც FDA-ს უსაფრთხოების ნორმას. ეს იმიტომ, რომ FDA-ს სტანდარტით, უსაფრთხოდ ითვლება საკვები, რომელშიც გლუტენის შემცველობა 20 ppm-ზე ნაკლებია, ხოლო LEO-ს შეუძლია გლუტენის აღმოჩენა 5 ppm-დანაც კი, რაც გაცილებით უფრო ზუსტი მაჩვენებელია.

LEO-მ 100%-იანი სიზუსტე აჩვენა გლუტენით გამდიდრებულ საკვებში, რამაც დაადასტურა მისი მაღალი სპეციფიკურობა. მან დადებითი შედეგი მხოლოდ ხორბლის შემცველ პროდუქტებზე აჩვენა, მიუხედავად იმისა, რომ საკვებში რძე ან სხვა ნივთიერებებიც იყო. რეალურ გარემოში, რესტორნებში ჩატარებულმა ტესტირებამ გამოავლინა ჯვარედინი დაბინძურება ისეთ კერძებშიც კი, რომლებიც გლუტენისგან თავისუფლად ითვლება, მაგალითად, კარტოფილი ფრი და სალათები. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სწრაფი ტესტირების მნიშვნელობას.

ლეო (LEO) სისტემა სმარტფონის აპლიკაციასთან ერთად მუშაობს. ამით მომხმარებლებს შეუძლიათ შედეგების მარტივად გაანალიზება და გაზიარება. აპლიკაცია საშუალებას იძლევა, შეიქმნას „საკვების რუკები“, სადაც აღინიშნება გლუტენისგან თავისუფალი და უსაფრთხო ადგილები, რომლებიც სხვა მომხმარებლებმა უკვე შეამოწმეს. ამგვარი გამჭვირვალობა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს გლუტენისგან თავისუფალ კვებას.

გლუტენის გარდა, პლატფორმა ადაპტირებადია სხვა გავრცელებული ალერგენებისთვისაც, როგორიცაა არაქისი, თხილი, რძე და მოლუსკები. მისი გამოყენება ასევე შესაძლებელია ნუკლეინის მჟავებისა და ტოქსინების გამოსავლენად. ეს მრავალმხრივი პოტენციალი LEO-ს გლობალურად უსაფრთხო და საკვების ანალიზის მნიშვნელოვან ინსტრუმენტად აქცევს.

 

წყარო: Journal of Agricultural and Food Chemistry



გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები