back to top

სეფსისის “სეზონური დისკუსია” უნდა დასრულდეს…

გააზიარე

სეფსისის საერთაშორისო დღის მოახლოებასთან ერთად, სტატისტიკური მონაცემები გვახსენებს ამ გლობალური პრობლემის სიმწვავეს  –  ყოველ სამ წამში სეფსისით ერთი ადამიანი იღუპება, ყოველი მეხუთე სიკვდილის მიზეზიც სეფსისია. თუმცა, სექტემბრის დასრულების შემდეგ, სეფსისის შესახებ საუბარი აქტუალურობას კარგავს და მას სხვა, უფრო “ხმაურიანი” თემები ცვლის. მთავარი გამოწვევა სეფსისზე ფოკუსის შენარჩუნებაა. იმისთვის, რომ ამ პრობლემით დაინტერესება დროებითი არ იყოს. სეფსისის გლობალური ალიანსის ორგანიზებით 5 სექტმებერს მედიის წარმომადგენლებისთვის ჩატარდა ვებინარი.

ვებინარის მთავარი მიზანი იყო ჟურნალისტებისთვის მიეწოდებინა სანდო ფაქტები, რეალური ისტორიები და ეფექტური ინსტრუმენტები, რაც მათ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში დაეხმარებოდათ. ერთ საათიან შეხვედრაზე ექსპერტებმა, სეფსის გადატანილმა ადამიანებმა და აქტივისტებმა ყურადღება გაამახვილეს საგანგაშო რეალობაზე: მიუხედავად ლეტალური გამოსავლის სიხშირისა, საზოგადოების ინტერესი არასკმარისია. ამ დაავადების სიმძიმე ყველაზე მეტად მოწყვლად ჯგუფებსა  (ბავშვებში, ქალებში, ხანდაზმულებში და იმუნოკომპრომეტირებულებში) და შეზღუდული რესურსების მქონე ქვეყნებში იგრძნობა. 

ვებინარზე ყურადღება გამახვილდა იმაზე, რომ სეფსისით გამოწვეული სიკვდილიანობა ხშირად პრევენცირებადია ადრეული დიაგნოსტიკით, დროული მკურნალობითა და სათანადო პროტოკოლების დაცვით. სეფსისის სტატისტიკა შემაშფოთებელია და აჭარბებს გულის შეტევისა თუ ინსულტის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვს, თუმცა ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დღის წესრიგში სათანადო ადგილს მაინც ვერ პოულობს. 194 ქვეყნიდან მხოლოდ 15-ს აქვს სეფსისის მართვის ეროვნული სტრატეგია, რაც პრევენციის, მკურნალობისა და ცნობიერების ამაღლების კუთხით დიდ ხარვეზებს ქმნის.

ჟურნალისტებს მოუწოდეს, აქტიურად ჩაერთონ ამ პრობლემის მოგვარებაში და სეფსისზე მუდმივი ყურადღების მიპყრობით, ის „ჩუმი მკვლელიდან“ აღიარებულ სამედიცინო გადაუდებელ მდგომარეობად აქციონ. ამ გამოწვევის საპასუხოდ, ვებინარზე წარადგინეს „5 ფაქტი × 5 ნაბიჯი“-ის მოდელი. ხუთი ფაქტი სეფსისის გლობალურ ტვირთსა და მის მძიმე შედეგებს ასახავს, ხოლო ხუთი ქმედება პრევენციის, მკურნალობის, პოლიტიკისა და ადვოკატირების მიმართულებით სამოქმედო გეგმას გვთავაზობს.

გზავნილი მკაფიოა: სეფსისის გარშემო სიჩუმე უნდა დასრულდეს, რადგან თითოეული გაზიარებული ამბავი სიცოცხლის გადარჩენისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.



გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები