შაქრის დამცავი ფენა: ახალი გზა ტიპი 1 დიაბეტის პრევენციისთვის

გააზიარე

წარმოიდგინეთ, რომ პანკრეასის უჯრედების დაცვა დიაბეტისგან ჩვეულებრივი შაქრის მოლეკულით შეგვიძლია. ეს დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ სწორედ ამ მექანიზმს სწავლობენ მეიოს კლინიკის მეცნიერები. მათ დაადგინეს, რომ პანკრეასის ინსულინის წარმომქმნელ ბეტა უჯრედებს, იმუნური სისტემის შეტევისგან,  სპეციალური შაქრის მოლეკულა იცავს. ამ მოლეკულას კი ST8Sia6 ფერმენტი წარმოქმნის.

კვლევა თაგვებზე ჩატარდა, რომლებსაც ტიპი 1 დიაბეტი ჰქონდათ. ბეტა უჯრედების „შაქრით დაფარვამ“ ხელი შეუწყო ადგილობრივ იმუნურ ტოლერანტობას. ეს ნიშნავს, რომ უჯრედები აღარ ნადგურდებოდა და დიაბეტიც აღარ ვითარდებოდა.

ტიპი 1 დიაბეტის დროს, მკურნალობა, ძირითადად, სიმპტომების შემსუბუქებაზეა მიმართული, რადგან იმუნური სისტემის შეტევის შეჩერება ჯერჯერობით შეუძლებელია. აღმოჩენა, რომ ბეტა უჯრედების დაცვა იმუნური რეაქციისგან შაქრის „დამცავი ფენით“ შეიძლება, სრულიად ახალ შესაძლებლობებს ქმნის დაავადების პროგრესირების შესაჩერებლად.

ძირითადი მიგნებები: 

დიაბეტის პრევენცია: თაგვებში, რომელთა ბეტა უჯრედებშიც ST8Sia6 ფერმენტი იყო, აუტოიმუნური დიაბეტი 90%-ით ნაკლებად განვითარდა.

ადგილობრივი იმუნიტეტის ბალანსი: ST8Sia6-ის შაქრის საფარი ამცირებს ანთებას პანკრეასის უჯრედებში, Siglec რეცეპტორების მეშვეობით.

სრული იმუნიტეტის შენარჩუნება: თაგვების ორგანიზმის სხვა ნაწილებში იმუნური რეაქციები ჩვეულებრივ მიმდინარეობდა, რაც მიუთითებს მიზანმიმართულ, უსაფრთხო მიდგომაზე.

უჯრედების დაცვა: ბეტა უჯრედები არ დაზიანებულა და სრულფასოვნად განაგრძობდა მუშაობას, რის შედეგადაც დიაბეტის პროგრესირება შეფერხდა.

ხანგრძლივი ეფექტი: დამცავი ეფექტი ST8Sia6-ის მოქმედების შეწყვეტის შემდეგაც შენარჩუნდა, რაც ხანგრძლივ ტოლერანტობაზე მიუთითებს.

ტრანსპლანტაციის გაუმჯობესება: ეს მიდგომა გააუმჯობესებს პანკრეასის უჯრედების ტრანსპლანტაციის შედეგებს, იმუნიტეტის დამთრგუნველი წამლების გარეშე.

მკვლევრები ახლა იმის დადგენას ცდილობენ, შეძლებს თუ არა შაქრის ეს საფარი ბეტა უჯრედების დაცვას მაშინაც კი, თუ აუტოიმუნური პროცესი უკვე დაწყებულია. მსგავსი შემთხვევები რეალურ კლინიკურ პრაქტიკაში გვხვდება.

გარდა ამისა, არსებობს პოტენციალი, რომ ეს მიზანმიმართული იმუნური რეგულაცია სხვა ანთებითი ან აუტოიმუნური დაავადებების სამკურნალოდაც გამოიყენონ.

 

წყარო: JCI

 

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები