back to top

შაქრის შემცვლელები და მათი რეალური ზეგავლენა – ინტერვიუ ნუტრიციოლოგ რუსუდან ღვამიჩავასთან

გააზიარე

ერითრიტოლი, პოპულარული შაქრის შემცვლელი, რომელიც ხშირად გვხვდება უშაქრო და კეტო პროდუქტებში, დიდი ხნის განმავლობაში უსაფრთხოდ ითვლებოდა, თუმცა, ახალი კვლევის მიხედვით, ის შესაძლოა ტვინის სისხლძარღვებს აზიანებდეს და ინსულტის რისკს ზრდიდეს.

კოლორადოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოიკვლიეს, თუ როგორ მოქმედებს ერითრიტოლი ტვინის სისხლძარღვების ამომფენ უჯრედებზე. ამ აღმოჩენამ გამოავლინა, რა კავშირი აქვს სისხლში ერითრიტოლის მაღალ დონეს გულის შეტევისა და ინსულტის გაზრდილ რისკსთან.

ამ რისკების ცოდნა მნიშვნელოვანია, რადგან მილიონობით ადამიანი ყოველდღიურად მოიხმარს ერითრიტოლს და მას შაქრის უსაფრთხო შემცვლელადაც მიიჩნევს.  კვლევა მნიშვნელოვან კითხვებს აჩენს და გვავალდებულებს უკეთ შევისწავლოთ ხელოვნური დამატკბობლების უსაფრთხოება და მათი გავლენა ჩვენს ჯანმრთელობაზე. 

რას წარმოადგენს ერითრიტოლი?

ერითრიტოლი არის შაქრის სპირტი, რომელიც 2001 წლიდან აქტიურად გამოიყენება (დამტკიცებულია FDA-ის მიერ). განსაკუთრებით პოპულარულია მათ შორის, ვინც აკონტროლებს წონას და სისხლში შაქრის დონეს, რადგან მინიმალურ გავლენას ახდენს ინსულინის დონეზე.

ის ბუნებრივად გვხვდება ზოგიერთ ხილსა და ფერმენტირებულ საკვებში, ასევე წარმოიქმნება ადამიანის ორგანიზმშიც. თუმცა, ბოლო დროს შეშფოთებას იწვევს ახალი კვლევები, რომელიც მიუთითებს, რომ ერითრიტოლის მაღალი დონე შესაძლოა დაკავშირებული იყოს სისხლის შედედების გაზრდილ რისკთან.

რა აღმოაჩინა კვლევამ?

ლაბორატორიულ ექსპერიმენტებში მკვლევრებმა გამოიყენეს ადამიანის ტვინის მიკროსისხლძარღვების უჯრედები. მათ ზედმიწევნით შეამოწმეს ჟანგვითი სტრესის მაჩვენებლები, აზოტის ოქსიდისა და ენდოთელინ-1-ის (სისხლძარღვების შემავიწროვებელი) წარმოება, ასევე სისხლის შედედების დაშლაში (ფიბრინოლიზში) მონაწილე ძირითადი ფერმენტები.

შემდგომ სისხლძარღვების უჯრედები დაამუშავეს ერითრიტოლის იმ რაოდენობით, რამდენიც ერთ ქილა ხელოვნური დამატკბობლის შემცველ სასმელშია — დაახლოებით 30 გრამი. სულ რაღაც სამ საათში ამ უჯრედებში გამოვლინდა შემდეგი ცვლილებები:

თითქმის ორჯერ გაიზარდა იმ მავნე თავისუფალი რადიკალების (რეაქტიული ჟანგბადის სახეობების) წარმოება, რომლებიც უჯრედებს აზიანებენ.

გაიზარდა ანტიოქსიდანტური ფერმენტების დონე, რაც ნიშნავს, რომ უჯრედები ჟანგვითი სტრესის ქვეშ იყვნენ.

მნიშვნელოვნად შემცირდა აზოტის ოქსიდის წარმოება. ეს აუცილებელი ნაერთია, რომელიც სისხლძარღვებს მოდუნებასა და სისხლს შეუფერხებლად მიმოქცევაში ეხმარება.

წინა მასშტაბური კვლევებით სისხლში ერითრიტოლის მაღალი დონე გულის შეტევისა და ინსულტის გაზრდილ რისკებს უკავშირდებოდა. ეს ახალი უჯრედული კვლევა კი, ამ დაკვირვებების ბიოლოგიურ მტკიცებულებებს გვაწვდის.

რა ალტერნატივები არსებობს?

ექსპერტები ერითრიტოლის ზომიერად გამოყენებას გვირჩევენ. რაც შეეხება ნატურალურ დამატკბობლებს, როგორიცაა თაფლი ან ფინიკის სიროფი, მათი მიღება უფრო უსაფრთხოა, რადაგან ანტიოქსიდანტებსაც შეიცავენ. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ მათმა გამოყენებამ შესაძლოა საკმაოდ იმოქმედოს სისხლში შაქრის დონეზე. 

არაკალორიული დამატკბობლებიდან სტევია ან monk fruit-ის (ბერის ხილის) ექსტრაქტი უკეთესი ალტერნატივაა, რადგან არ იწვევს ერითრიტოლის მსგავსს ჟანგვით სტრესს.

ამ მიმართულებით საჭიროა უფრო მეტი კლინიკური კვლევა, თუმცა მანამდე, ვისაც მაღალი რისკი აქვს, უმჯობესია ერითრიტოლი შეზღუდოს და უპირატესობა ნატურალურ, შედარებით უსაფრთხო ალტერნატივებს მიანიჭოს.

ამ მნიშვნელოვან საკითხზე, Medscriptum-ი ნუტრიციოლოგ რუსუდან ღვამიჩავას ესაუბრა. ინტერვიუში მან გაგვიზიარა რეკომენდაციები იმის შესახებ, თუ რა ალტერნატივები შეგვიძლია გამოვიყენოთ და, ზოგადად, რა უნდა გავითვალისწინოთ ჯანსაღი კვებისას.

სალომე ჩხეიძე: ერითრიტოლი წლებია შაქრის უსაფრთხო შემცვლელად მიიჩნევა.  გვაქვს თუ არა შეშფოთების საფუძველი ამ ახალი კვლევის ფონზე, რომელიც პოტენციურ რისკებზე მიუთითებს?

რუსუდან ღვამიჩავა: ნამდვილად საინტერესო სიახლეა. ერითრიტოლი წლებია გამოიყენება, როგორც ხელოვნური დამატკბობელი და აქამდე მის უსაფრთხოებაზე რაიმე განსაკუთრებული პრობლემა არ ყოფილა. მას საკმაოდ ხშირად მოიხმარენ, რადგან ძალიან ბიუჯეტურია იმ კომპანიებისთვის, რომლებიც აწარმოებენ საკვებს. ამასთანავე, მას აქვს ძალიან დაბალი გლიკემიური ინდექსი და განსაკუთრებით კომფორტულია მათთვის, ვისაც აქვს დიაბეტი და სჭირდება შაქრის დონის რეგულაცია.

ბოლო კვლევებმა აჩვენა კავშირი სისხლში ერითრიტოლის მაღალ დონესა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გაზრდილ რისკს შორის. მიუხედავად იმისა, რომ ეს სანდო კვლევაა, მისი ავტორებიც აღნიშნავენ, რომ საბოლოო დასკვნებისთვის საჭიროა უფრო გრძელვადიანი და მასშტაბური კვლევები. ამიტომ, ჯერჯერობით არ შეგვიძლია პირდაპირი მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადასტურება. თუმცა, როგორც კვლევამ აჩვენა 30 გრამი ერითრიტოლის მიღებამ შესაძლოა თრომბოციტების აგრეგაცია გამოიწვიოს, რაც, თავის მხრივ, თრომბოზის რისკს ზრდის. ეს აღმოჩენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მაღალი რისკი აქვს. თრომბოზი შეიძლება გახდეს ინფარქტის, ინსულტის ან გულ-სისხლძარღვთა სხვა სერიოზული პრობლემების მიზეზი. ეს რისკი განსაკუთრებით საყურადღებო იქნება ხანდაზმულებისთვის. თუმცა, ვიმედოვნებ, რომ კიდევ უფრო მეტი კვლევა გვექნება მომავალში და სხვა ორგანიზაციებიც – იგივე FDA, რომელმაც დაამტკიცა ეს დამატკბობელი – გადახედავენ ამ საკითხს.

სალომე ჩხეიძე: ბევრი ერითრიტოლს უშაქრო და კეტო პროდუქტებში უნებლიედ, არამიზანმიმართულად მოიხმარს. რა ფაქტორები (მაგალითად, დოზა, სიხშირე ან ჯანმრთელობის მდგომარეობა) განსაზღვრავს მის პოტენციურ ზიანს?

რუსუდან ღვამიჩავა: რეალურად ერითრიტოლი დაახლოებით 70%-ით უფრო ტკბილია, ვიდრე შაქარი. ამიტომ, გრამების თვალსაზრისით, ის ყოველთვის უფრო მცირე რაოდენობით იქნება გამოყენებული პროდუქტებში ვიდრე, მაგალითად შაქარი, რადგან ძალიან ტკბილია. თუმცა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, გამოყენების სიხშირე და რაოდენობა. კვლევაში ნახსენები 30 გრამი ერითრიტოლი შეიძლება მარტივად დაგროვდეს, თუ ადამიანი ყოველ დღე ერთდროულად რამდენიმე პროდუქტს მოიხმარს, რომელშიც ეს დამატკბობელი შედის. თუმცა, ალბათ მნიშვნელოვანია, დაველოდოთ სხვა ტიპის კვლევებსაც, რადაგან ფაქტია, ჯერეჯრობით მაკონტროლებელ ორგანოებს არ ჩაუთვლიათ საჭიროდ, ამ პროდუქტთან დაკავშირებით,  რაიმე სახის გაფრთხილების გავრცელება.

სალომე ჩხეიძე: როგორც აღნიშნეთ, დაბალი გლიკემიური ინდექსის გამო, ერითრიტოლი უსაფრთხო ალტერნატივად ითვლებოდა დიაბეტის მქონე ადამიანებისთვის. ამ შემთხვევაში გადაწონის თუ არა   სარგებელი რისკს?

რუსუდან ღვამიჩავა: ჯერჯერობით ნამდვილად რთულია ამის თქმა, მაგრამ ინდივიდუალური მიდგომა ძალიან მნიშვნელოვანია. ვიცით, რომ ერითრიტოლი  არ ზრდის გლუკოზის/ინსულინის დონეს, რაც დიაბეტის მართვის დროს ნამდვილად ძალიან დადებითი თვისებაა. თუმცა, ამ ახალი მონაცემებით, შეიძლება ვისაუბროთ სხვა ზიანზე, რომელსაც მაგალითად გლიკემიურ ინდექსთან კავშირი არ აქვს. ვგულისხმობ თრომბოციტების გააქტიურებასა და ანთებითი პროცესის სტიმულაციას, რაც შესაძლოა ერითრიტოლის ძალიან ცუდი მხარე აღმოჩნდეს. ნამდვილად ღირს, რომ დაველოდოთ საბოლოო შედეგებს, თუმცა, ამ ეტაპზე, ამის დადასტურება რთულია.

სალომე ჩხეიძე: რომელ ნატურალურ ან ხელოვნურ დამატკბობლებს გვირჩევდით ერითრიტოლის ნაცვლად და რატომ? რა უნდა გავითვალისწინოთ ალტერნატიული პროდუქტების არჩევისას?

რუსუდან ღვამიჩავა: ბუნებრივი ვარიანტებიდან გამოვარჩევდი სტევიას და monk fruit-ს (ბერის ხილი), ორივეს ძალიან დაბალი გლიკემიური ინდექსი აქვს და მათ მავნე ზემოქმედებაზე ჯერჯერობით კვლევები არ არსებობს. თუმცა, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ პროდუქტის დამუშავების ხარისხსა და შემადგენლობას.  ზოგიერთი პროდუქტი მხოლოდ წმინდა ექსტრაქტს შეიცავს, მაგრამ ბაზარზე ხშირად გვხვდება სხვა ინგრედიენტებთან შერეული ვარიანტებიც. მაგალითად, პროდუქტს გარედან შეიძლება ეწეროს სტევია, მაგრამ შემადგენლობის წაკითხვისას აღმოჩნდება, რომ სტევიას შემცველობა 20%-ია სხვა დამატკბობლის კი – 80%. ერითრიტოლისგან განსხვავებით, monk fruit და სტევია მწარმოებლისთვის უფრო ძვირია. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ პროდუქტის გარე ეტიკეტს არ ვენდოთ. აუცილებელია, ყურადღება მივაქციოთ შემადგენლობას, განსაკუთრებით, თუკი ის სხვადასხვა დამატკბობლის ნაზავია. ამგვარად გვეცოდინება, ზუსტად რა ტიპის პროდუქტს ვყიდულობთ.

სალომე ჩხეიძე: როდესაც FDA-ის მიერ დამტკიცებული ინგრედიენტები წლების შემდეგ მოულოდნელ რისკებს ავლენს, ბუნებრივია, რომ მომხმარებელი სკეპტიკურად განეწყოს. როგორ უნდა მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება კვებასთან დაკავშირებით, როცა ნუტრიციოლოგიაში მუდმივი ცვლილებებია?

რუსუდან ღვამიჩავა: მნიშვნელოვანია ზუსტად გვესმოდეს, რომ მეცნიერება, განსაკუთრებით როცა ის კვებასა და ზოგადად ჯანმრთელობის სფეროს ეხება,  დინამიური და მუდმივად განვითარებადია. ეს ნიშნავს, რომ კვლევებმა შეიძლება გამოავლინოს ისეთი ფაქტები, რაც წარსულში საერთოდ არ დაფიქსირებულა. ამიტომ მომხმარებელი უნდა დაეყრდნოს, პირველ რიგში, მაღალი დონის სამეცნიერო წყაროებს და არა – სოციალურ ქსელებს. ძალიან კარგი იქნება,  ზოგადად ადამიანს თუ ექნება ჯანსაღი კვების მინიმალური, საბაზისო განათლება, მაგალითად, ეცოდინება როგორ წაიკითხოს საკვების ეტიკეტი. ეს დაეხმარება მას, გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი. ასევე, მნიშვნელოვანია,  არ ავყვეთ კვების ტრენდებს მხოლოდ იმიტომ, რომ პოპულარულია ან ვიღაცისთვის ეფექტური აღმოჩნდა. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ გავითვალისწინოთ ჩვენი პირადი ჯანმრთელობის გამოწვევები და სწორედ ამის საფუძველზე მივიღოთ უფრო გონივრული გადაწყვეტილებები.

სალომე ჩხეიძე: რა პრაქტიკულ რჩევებს მისცემდით მედსკრიპტუმის მკითხველს, რომელთაც სურთ რისკების შემცირება, მაგრამ არ არიან მზად უარი თქვან დამატკობობლის შემცველ საკვებსა თუ სასმელებზე?

რუსუდან ღვამიჩავა: ვეტყოდი ალბათ, რომ თუკი ყოველდღიურად ან დღეში რამდენიმეჯერ იყენებთ სხვადასხვა პროდუქტს, რომელიც შეიცავს დამატკბობელს, უნდა გაითვალისწინოთ, რომ მოხმარების სიხშირე ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ შაქრის არარსებობა ავტომატურად არ ნიშნავს, რომ პროდუქტი აუცილებლად ჯანსაღია. ხშირად, ეტიკეტზე წარწერა “sugar free” ნიშნავს იმას, რომ გემოს გასაუმჯობესებლად მასში ბევრი არაჯანსაღი ცხიმია დამატებული. 

რაც შეეხება დამატკბობლებს, პირველ რიგში, შეგვიძლია გადავხედოთ იმ პროდუქტების შემადგენლობას, რომლებსაც აქამდე მოვიხმარდით და შევამოწმოთ, რამდენ მათგანშია ერითრიტოლი. საქართველოს ბაზარზე სხვადასხვა ქვეყნის წარმოების სტევიაც აქტიურად გვხვდება, ამიტომ, შესაძლოა, ერითრიტოლი სწორედ სტევიათი ჩავანაცვლოთ, რაც ამ ეტაპზე ნამდვილად უსაფრთხოა. 

რაც შეეხება სხვა ინგრედიენტებს, მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ დამატკბობლებზე არ გავამახვილოთ ყურადღება. ეტიკეტის წაკითხვის ცოდნა სხვა ინგრედიენტების გაგებასაც გულისხმობს. ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ მხოლოდ შაქრის თავიდან აცილება და მისი ხელოვნური დამატკბობლებით ჩანაცვლება არ არის გამოსავალი. მთავარია ტკბილეულის გემოს აღქმის ცვლილება და ზოგადად ტკბილი გემოს შემცირება. რაც უფრო იშვიათად მივიღებთ ტკბილეულს (რაც არ გულისხმობს მის სრულად ამოღებას რაციონიდან), მით უფრო მარტივად შევძლებთ ტკბილზე ჩვენი მოთხოვნილების გაკონტროლებას. ამ ცვლილებით ტკბილეული აღარ გახდება ჩვენი ყოველდღიური რაციონის აუცილებელი ნაწილი. თუ ამას შევძლებთ, ეს რეალურად ჩვევის შეცვლას ნიშნავს, რაც  ჩვენი სასურველი შედეგის საუკეთესო გარანტიაა.

კიდევ ერთი ფაქტი ხელოვნური დამატკბობლების შესახებ ის არის, რომ მათ ხშირად ახასიათებთ, საჭმლის მომნელებელი სისტემის მოქმედების მხრივ, ცვლილებები, კერძოდ შებერილობა, დისკომფორტი ან ფაღარათი. ეს გვერდითი მოვლენები ინდივიდუალურია, თუმცა არც ისე იშვიათი. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ყურადღება მივაქციოთ როგორ ვგრძნობთ თავს კონკრეტული პროდუქტის მიღების შემდეგ, რადგან ჩვენს შეგრძნებებზე დაკვირვება ყველაზე კარგად თავად შეგვიძლია.

სალომე ჩხეიძე: და ბოლოს როგორც კვების ექსპერტისთვის, შეცვალა თუ არა ამ ახალმა მტკიცებულებამ თქვენი პირადი მიდგომა ან რეკომენდაციები შაქრის შემცვლელების მიმართ?

რუსუდან ღვამიჩავა: როგორც აღვნიშნე ამ სფეროში ყოველდღიურად ჩნდება ახალი ინფორმაცია, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მუდმივად ვადევნოთ თვალი სიახლეებს. ეს კვლევა ჩემთვისაც საინტერესო იყო და დამაფიქრა. პირადად მე, ყოველთვის ზომიერებას ვემხრობი და იმას, რომ ჩვენს რაციონში მეტად იყოს რეალური, მთლიანი საკვები (ე.წ. whole foods). მაგალითად, ტკბილის წყარო შეიძლება იყოს ხილი, რომელიც არ არის გადამუშავებული საკვები და შაქრის გარდა, შეიცავს უჯრედისსა და სხვა ნუტრიენტებსაც. 

ერითრიტოლზე და სხვა დამატკბობლებზე დამოკიდებულების ნაცვლად, გირჩევდით, რომ რაციონში მეტი რეალური საკვები იყოს. პროცესირებული საკვების ზომიერი მოხმარება პრობლემა არ არის, მაგრამ ის არ უნდა იყოს რაციონის ძირითადი ნაწილი. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ რეკომენდაციები ადამიანს ინდივიდუალურად მოვარგოთ და არ დავყოთ საკვები მკაფიოდ „კარგ“ და „აკრძალულ“ კატეგორიებად. ადამიანებს სჭირდებათ როგორც ის საკვები და ნუტრიენტები, რაც ჩვენი ორგანიზმის სხვადასხვა პროცესისთვის აუცილებელია, ასევე – სიამოვნების მიღებაც, რაც ჯანსაღი კვებისას არ გამოირიცხება. ამიტომ კვებითი სიამოვნება შეიძლება ძალიან ბუნებრივად ჩაჯდეს ამ ყველაფერში. 

წყარო: Journal of Applied Physiology

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები