2026 წლის 5 ოქტომბერს ისეთი სიხარულით გავიღვიძე, თითქოს მეც სტენფორდელი მკვლევარის შვილი ვყოფილიყავი. და უფრო მეტიც, ამ აღმოჩენის მომლოდინე პაციენტის ბედნიერებით სავსემ გავაგრძელე შესაძლებლობის შესწავლა.
იმ დღეს ნობელის პრემია ოპტოგენეტიკის აღმოჩენისთვის გაიცა. მილიონობით ადამიანისთვის ეს დიდი სამეცნიერო სიახლე იყო. ჩემთვის კი – მომავლის იმედი.
ხუთი თვეა ორმხრივი კოხლეარული იმპლანტებით ვცხოვრობ. ამ ხნის განმავლობაში ყოველდღე ვსწავლობ, როგორ ერგება ტვინი ახალ რეალობას, როგორ ცდილობს გადააბიჯოს ბარიერებს, როგორ იმახსოვრებს და სწავლობს ელექტრო სიგნალების გაშიფვრას.
როცა გავიგე, რომ მეცნიერებმა სინათლის გამოყენებით ნერვული უჯრედების ზუსტი მართვის გზა შექმნეს, პირველი კითხვა იყო: შეიძლება თუ არა, ოდესღაც, სინათლემ სმენაც უფრო ბუნებრივი გახადოს?
ნობელის კომიტეტმა თავადაც მიუთითა, რომ ოპტოგენეტიკას მომავალში კოხლეარული იმპლანტების გაუმჯობესების პოტენციალი აქვს. მეც მათ შორის ვარ. ვეცდები ავხსნა, რატომ:
- რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა?
საქმე იმაშია, რომ აღიარებული ჯილდო ფიზიოლოგიასა და მედიცინაში ოპტოგენეტიკის აღმოჩენისთვის გადაეცათ კარლ დისეროთს (სტენფორდის უნივერსიტეტი, აშშ), პეტერ ჰეგემანს (ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი, გერმანია) და გეორგ ნაგელს (ვიურცბურგის უნივერსიტეტი, გერმანია). მათი აღმოჩენა ნეირობიოლოგიის საზღვრებს სცდება და ნერვული სისტემის მუშაობის შესწავლის სრულიად ახალ შესაძლებლობებს ქმნის: გერმანელმა მეცნიერებმა წყალმცენარე ქლამიდომონადა/Chlamydomonas-ში სინათლით გახსნადი იონური არხი შეისწავლეს. ამერიკელმა დისეროთმა ამ ცილის გენი ნერვულ უჯრედებში შეიყვანა და დაადასტურა, რომ უჯრედები სინათლეზე რეაგირებენ. შედეგად, მეცნიერები ცოცხალ ტვინში ცალკეული ნეირონების სინათლით ჩართვა ან გამორთვას მოახერხებენ.
სინათლის გამოყენებით მკვლევრებს შეუძლიათ გააცოცხლონ მოგონებები, წარმოქმნან გრძნობები, მართონ ქცევები და შეისწავლონ ის ნეირონები, რომლებიც ჩართულნი არიან სხვადასხვა ფსიქიატრიულ და ნევროლოგიურ დარღვევებში.
- რას ამბობს ნობელის კომიტეტი აღმოჩენის შესახებ?
ნობელის კომიტეტის ოფიციალურ განცხადებაში თავი „იმედი ახალი სამედიცინო მკურნალობისთვის“ რამდენიმე მიმართულებას ეხება:
ფსიქიკური და ნევროლოგიური დაავადებები: ოპტოგენეტიკამ ბევრად გაზარდა ჩვენი გაგება იმისა, როგორ მუშაობს ტვინი დეპრესიის, შფოთვის, შიზოფრენიის, ალცჰაიმერისა და პარკინსონის დროს. ცხადია, ეს ჯერ კვლევის ეტაპია და არა მკურნალობა.
მხედველობის აღდგენა: მიმდინარე კლინიკურ კვლევებში ცდილობენ მხედველობის აღდგენას პიგმენტური რეტინიტის გამო დაბრმავებულ ადამიანებში. როცა ბადურაში სინათლისადმი მგრძნობიარე ცილა შეიყვანეს, პაციენტმა მხედველობის ნაწილი დაიბრუნა და სპეციალური სათვალის დახმარებით მაგიდაზე საგნების გარჩევა და აღება შეძლო.
ორგანიზმის სხვა სისტემები: ოპტოგენეტიკა გულისა და ნაწლავის ნერვული კავშირების შესწავლასაც ეხმარება.
და ბოლოს, კომიტეტი სმენადაქვეითების საკითხსაც ახსენებს:
„ასევე არსებობს იმედი, რომ ოპტოგენეტიკას შეუძლია გააუმჯობესოს კოხლეარული იმპლანტები. ამჟამად ეს იმპლანტები სმენის ნერვს ელექტროენერგიით ასტიმულირებენ. თუ ამის ნაცვლად ოპტოგენეტიკის გამოყენება გახდა შესაძლებელი, იმპლანტმა შესაძლოა სმენის ნერვის უფრო მაღალი სიზუსტით გააქტიურება შეძლოს.“
სმენის პრობლემების მართვა სიაში ჯერ იმედის სახითაა, თუმცა ეს რემარკა უკვე იმედზე მეტია ჩემთვის. 2026 წლის მაისამდე, ვიდრე იმპლანტების საკითხს საბოლოოდ გადავწყვეტდი, ვიკვლევდი, რა მიმართულებით მუშაობდნენ მეცნიერები და მქონდა თუ არა ახალი აღმოჩენების ლოდინის დრო. მკვეთრი გაუარესების გამო, ვეღარ დაველოდე. თუმცა მთელი ის ინფორმაცია, რომელიც კლინიკებთან, კვლევით ორგანიზაციებთან და საჯარო წყაროებიდან მოვიპოვე, ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ ამ მიმართულებით სრულიად განსხვავებული სამუშაოები მიმდინარეობს, მაგრამ ისინი ჯერ პროტოკოლში არ შედის და უკვე დამტკიცებული შესაძლებლობებით მომიწია სარგებლობა.
დღეს, იმპლანტებით ცხოვრების ხუთთვიანი გამოცდილებით, ვაკვირდები, როგორ ეგუება ტვინი ტექნოლოგიას და როგორ იცვლება აღქმა დაბალი და მაღალი სიხშირის ელექტროდების სტიმულაციისას. ამიტომ ვფიქრობ, ეს აღმოჩენაც კი ზღვაში წვეთია იმ შესაძლებლობებზე, ჩვენ ტვინს რომ გააჩნია.
ეს მხოლოდ დასაწყისია.
- ტექნოლოგიური ნახტომი: ელექტროენერგიიდან სინათლემდე
დღევანდელი კოხლეარული იმპლანტები სმენის ნერვს ელექტრული იმპულსებით ასტიმულირებენ. ისინი მეტყველების გარჩევის საშუალებას იძლევიან, მაგრამ ელექტრული დენი შიდა ყურის სითხეში ფართოდ ვრცელდება და ერთდროულად ბევრ მეზობელ ბოჭკოს აქტიურებს. ამიტომ ზოგჯერ ხმა ნაკლებად მკაფიოა, განსაკუთრებით, ხმაურსა და მუსიკის მოსმენისას.
უკვე გასაჯაროებული ინფორმაციებიდან, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ოპტოგენეტიკა სხვა გზას გვთავაზობს – თუ სმენის ნერვის უჯრედებში სინათლისადმი მგრძნობიარე ცილის გენს შეიყვანენ, შესაძლოა ცალკეული ბოჭკოების უფრო ზუსტი გააქტიურება მოხერხდეს. ამ ნაწილში ხმის და სინათლის გავრცელების ფიზიკურ კანონებზე ბევრს არ დავწერ. ეს მიმართულება ჯერ ადრეულ ეტაპზეა: მას ცხოველებზე იკვლევენ და პირველი კლინიკური კვლევები ახლა იწყება. ალბათ, საჭირო იქნება გენური თერაპიაც და ახალი ტიპის იმპლანტიც.
- რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს აღმოჩენამ სმენადაქვეითებულებს?
კოხლეარული იმპლანტი თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ნეიროპროთეზია. იმპლანტი უკვე სრულფასოვან, დამოუკიდებელ და პროფესიულ ცხოვრებაში აბრუნებს ადამიანს. მაგალითად, ჩემი იმპლანტები ხელოვნური ინტელექტის მაღალი მხარდაჭერით არეგულირებენ ახლო და შორ ხმებს, მეტროს ხმაურს, ექვემდებარებიან პროგრამირების ჩარჩოს. ოპტოგენეტიკა კი შესაძლოა იყოს გზა უკეთესი მომავლისკენ. თუ ის ადამიანებშიც იმუშავებს, იმედი მაქვს, გაუმჯობესდება:
ბუნებრივთან უფრო ახლო ჟღერადობა: მუსიკისა და ხმის ტემბრის აღქმა;
მეტყველების გარჩევა ხმაურში, რადგან სიგნალები ნაკლებად გადაიფარება;
სმენითი დაღლილობის დაძლევის გზა: შესაძლოა ტვინს ნაკლები ძალისხმევა დასჭირდეს სტიმულების გარჩევადობისას, რაც სმენადაქვეითებული ადამიანისთვის ფაქტიურად მუდმივი გადაღლის და თავის აუტანელი ტკივილის გარეშე ცხოვრებას ნიშნავს.
ცხადია, ეს ჩემი, როგორც დაინტერესებული და ინფორმირებული პაციენტის ახალი მოლოდინია და არა გარანტია.
2025 წლის 13 ნოემბრიდან, სწორედ სტენფორდის უნივერსიტეტის რეკომენდაციით, ResearchMatch-ის მონაწილე ვარ. ეს უფასო ეროვნული რეესტრია, რომელიც მოხალისეებს და მკვლევარებს ერთმანეთს აკავშირებს და აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტების (NIH) მხარდაჭერით მოქმედებს. ამ პორტალში ადამიანები, რომლებიც კვლევებში მონაწილეობას თავად ირჩევენ, ინფორმაციას ტოვებენ და მკვლევარები შესაბამის მოხალისეებს პირდაპირ უკავშირდებიან.
ნობელის პრიზის გამოცხადების შემდეგ მივწერე დოროთის, სტენფორდის უნივერსიტეტის ძალიან ყურადღებიან და პასუხისმგებლიან ადამიანს, რომ გახარებული ვარ ამ აღმოჩენით და ვულოცავ მთელ გუნდს. ისევ დავადასტურე მზაობა, უკვე ორი იმპლანტით ჩავერთო ნებისმიერ კვლევაში, რომელიც სმენადაქვეითებასთან გამკლავებას და ახალი ტექნოლოგიების გამოცდას შეეხება.
დიდი ბედნიერებაა ცივილიზაციის ნაწილად ყოფნა.
ახლა შეიძლება პაციენტი ვარ, მაგრამ ისევ სტენფორდელი მკვლევარის სიტყვებით გამოვხატავ მომავლის მოლოდინს – Now I can relax!
ავტორი: ნათია კაპანაძე, ჟურნალისტი

