ტექნოლოგიური პროგრესის პარალელურად დღის წესრიგში დგება კითხვა, თუ რის ფასად ხდება ეს განვითარება. ახალი გლობალური კვლევის თანახმად, რომელიც ჟურნალ Journal of the Human Development and Capabilities-ში გამოქვეყნდა, 13 წლამდე ასაკის ბავშვების მიერ სმარტფონების გამოყენებამ, შესაძლოა, მათი ფსიქიკური ჯანმრთელობა სერიოზულად დააზიანოს.
კვლევა, რომელიც 163 ქვეყნის თითქმის 2 მილიონი ინდივიდის თვითშეფასების მონაცემებს ეფუძნება, ცხადყოფს, რომ ბავშვები, რომლებმაც სმარტფონების გამოყენება 13 წლამდე დაიწყეს, უფრო მეტად არიან მიდრეკილი სუიციდური აზრების, ემოციების კონტროლის პრობლემების, დაბალი თვითშეფასებისა და რეალობისგან მოწყვეტისკენ.
Medscriptum-მა ჩაწერა ინტერვიუ ამ კვლევის ავტორთან, თარა თიაგარაჯანთან, რომელიც უფრო დეტალურად მოგვითხრობს, თუ როგორ აისახება სმარტფონების ადრეულ ასაკში მოხმარება მოზარდების მენტალურ ჯანმრთელობაზე. თარა არის ნეირომეცნიერი, მეწარმე და Sapien Labs-ის დამფუძნებელი და მთავარი მეცნიერი, ასევე Madura Microfinance-ის სულისჩამდგმელი, ორგანიზაციისა, რომელიც ინდოეთში ეკონომიკურად გაჭირვებულ ქალებს ეხმარება.
ინტერვიუ თარა თიაგარაჯანთან
თქვენი კვლევა ადრეულ ასაკში სმარტფონის მოხმარებასა და ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესებას შორის მკაფიო კორელაციას აჩვენებს. შეგიძლიათ, აგვიხსნათ, რა ფსიქოლოგიური მექანიზმები უდევს საფუძვლად ამ ტენდენციას?
კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ ადრეულ ასაკში სმარტფონის მოხმარება დაკავშირებულია სოციალური მედიის გამოყენებასთან, რაც არსებითად ზრდის კიბერბულინგის რისკს, ძილის რეჟიმის დარღვევას და, საბოლოო ჯამში, აუარესებს მოზარდის სოციალურ ურთიერთობებს. ეს ფაქტორები კი, შესაძლოა, უარყოფითად აისახოს ბავშვის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. თუმცა, აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ეს მიზეზებიც სრულად ვერ ხსნის აღნიშნული გამოწვევის არსს და სხვა სიღრმისეულ ფაქტორებს, მაგალითად, ძალადობრივი ან ინტიმური შინაარსის კონტენტის მოხმარებას ადრეულ ასაკში, ასევე, აქვს დიდი გავლენა.
რატომ არიან მოზარდები განსაკუთრებით მოწყვლადნი ეკრანების ზემოქმედებით გამოწვეული მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მიმართ?
ვირტუალური სამყაროს უარყოფითი გავლენა ბავშვებზე მხოლოდ ეკრანების ზემოქმედებით არ აიხსნება. პრობლემა სხვა რამეშია:
როცა ბავშვებს 13 წლამდე ასაკში უკვე აქვთ წვდომა ინტერნეტზე, იზრდება იმის რისკი, რომ ნახავენ ისეთ კონტენტს, რაც მათთვის შესაფერისი არ არის (მაგალითად, ძალადობა ან პორნოგრაფია). ასევე, სოციალურ მედია სავსეა ნეგატიური ვიდეო/ფოტო კონტენტით და სიძულვილის ენით, რაც მათზე უარყოფითად ზემოქმედებს.
იმის გამოც, რომ ბავშვები სმარტფონებს იყენებენ, მათ ნაკლები დრო რჩებათ პირისპირ კომუნიკაციისთვის. ყოველივე ეს აფერხებს სოციალური უნარების განვითარებას. ბავშვებს, რომლებიც სმარტფონებს ადრეული ასაკიდან იყენებენ, უჭირთ ემოციების, სხეულის ენის აღქმა, რაც სოციალურ ურთიერთობებში დაბრკოლებებს უქმნით. შედეგად, მათ შეიძლება გაუჭირდეთ სხვებთან ურთიერთობა და ზრდასრულ ასაკში ნაკლებად აქტიური სოციალური ცხოვრება ჰქონდეთ განსხვავებით წინა თაობებისგან.
ჩვენი კვლევის მიხედვით, ინტერნეტამდელ ეპოქაში, ბავშვები სრულწლოვანების ასაკამდე 20,000-ზე მეტ საათს სოციალიზაციას უთმობდნენ, ხოლო სმარტფონების ეპოქის ბავშვები სოციალურ ურთიერთობებში 5,000 საათზე ნაკლებ დროს ატარებენ.
საქართველოში და სხვა მრავალ განვითარებად ქვეყანაში ახალგაზრდები სერიოზული მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების წინაშე დგანან. თუმცა, შეზღუდული ეკონომიკური რესურსებისა და საზოგადოებაში არსებული ცნობიერების დაბალი დონის გამო, ბევრი მათგანი ფსიქოლოგიური დახმარების გარეშე რჩება. თქვენი აზრით, როგორ აისახება ვირტუალური რეალობისგან გამოწვეული სტრესი განვითარებადი ქვეყნების მოწყვლად ჯგუფებზე?
ციფრული ზემოქმედების შედეგები მოზარდებზე, შესაძლოა, მსგავსი იყოს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მიუხედავად. თუმცა, რა თქმა უნდა, დამატებითი სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორები ამძიმებს ვირტუალური რეალობის მავნე ზემოქმედებას. ნებისმიერ შემთხვევაში, მოზარდობის ასაკში ციფრული ზემოქმედების შესაზღუდად მიმართული პოლიტიკა, რომელიც ბავშვების კეთილდღეობაზეა ორიენტირებული, შეამცირებს ფსიქოლოგიური დახმარების საჭიროებას.
თქვენი კვლევა დაბალ თვითშეფასებასა და ემოციურ არასტაბილურობას სმარტფონების მოხმარებას უკავშირებს, თუმცა ასევე მიუთითებს ისეთ ფუნდამენტურ მიზეზებზე, როგორებიცაა, მაგალითად, კიბერბულინგი, ძილის რეჟიმის დარღვევა და სოციალური სტრესი. როგორ შეიძლება ამ მრავალშრიანი გამოწვევების პრაქტიკულად გადაწყვეტა განვითარებად ქვეყნებში, სადაც არ არსებობს ფსიქიკური ჯანმრთელობის მკურნალობის მდგრადი სისტემა?
კიბერბულინგი, დარღვეული ძილის რეჟიმი და სოციალური სტრესი, შესაძლოა, გამოწვეული იყოს სმარტფონების ადრეული ასაკიდან მოხმარებით, ისევე როგორც სხვა გარეშე ფაქტორებით. საუკეთესო გზა ამ პრობლემების მოსაგვარებლად პრევენციაა – ყველაზე სრულყოფილ ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემასაც კი არ შეუძლია პრობლემის გადაჭრა, თუ ის მიზნად არ დაისახავს ძირეული მიზეზების აღმოფხვრას.
ბევრ მშობელს აქვს განცდა, რომ ციფრული სისტემის ხაფანგშია მოქცეული, რომლის გაკონტროლებაც არ შეუძლია: სკოლები აპლიკაციაზე დაფუძნებულ კომუნიკაციას მოითხოვენ, ბავშვები ონლაინ ურთიერთობენ და სატელეკომუნიკაციო კომპანიები აგრესიულად უწევენ რეკლამას სმარტფონების ადრეული ასაკიდან მოხმარებას. როგორც ნეირომეცნიერი, რას ეტყოდით მშობლებს, რომლებიც ამ გარემოში თავს უძლურად გრძნობენ? რა პრაქტიკული რჩევების მიცემა შეგიძლიათ მათთვის აღნიშნული გამოწვევის დასაძლევად?
საუკეთესო გამოსავალი არის სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე მიღებული გადაწყვეტილება. ბევრი ქვეყანა განიხილავს 13 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სმარტფონების აკრძალვა, მაგრამ ამას, რა თქმა უნდა, დრო დასჭირდება. იქამდე სანამ ასეთი ცვლილებები ძალაში შევა, მშობლებს შემდეგს ვურჩევდი:
- მოითხოვეთ თქვენი შვილის სკოლისგან ისეთი პოლიტიკის გატარება, რომელიც სასწავლო დაწესებულებაში სმარტფონებს აკრძალავს.
- უფრო მეტი დრო დაუთმეთ შვილთან პირისპირ კომუნიკაციას ტელეფონის გარეშე – ისინი იმეორებენ თქვენს ქცევას. თუ თქვენ მუდმივად ტელეფონზე ხართ მიჯაჭვული, შვილს ჯანსაღი ქცევის მაგალითს ვერ მისცემთ.
- სანამ ტელეფონს აჩუქებთ, ესაუბრეთ იმაზე, როგორ მოიქცნენ თავაზიანად ონლაინ სივრცეში, როგორ ატვირთონ კონტენტი, როგორ აარიდონ თავი კიბერბულინგს და როგორ ამოიცნონ ფიშინგის შემთხვევები.
- დაბლოკეთ გარკვეული აპლიკაციები მათ სმარტფონში, რომლებიც შეზღუდავს მათ წვდომას ძალადობრივ და პორნოგრაფიულ კონტენტზე.
- ხშირად ესაუბრეთ იმაზე, თუ რას აკეთებენ ონლაინ სივრცეში და სთხოვეთ გაჩვენონ, რა საიტებს სტუმრობენ.
საქართველოს მსგავს ქვეყნებში მენტალური ჯანმრთელობა კვლავ სტიგმად რჩება, ხოლო ინსტიტუციური მხარდაჭერა მინიმალურია. როგორ ფიქრობთ, მსგავსი გლობალური კვლევები შეიძლება თუ არა დაეხმაროს სახელმწიფო დონეზე პოლიტიკის შემუშავების იმ რეგიონებში, სადაც ბავშვთა ფსიქოლოგიას ჯერ კიდევ სათანადო ყურადღება არ ექცევა?
ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების უმრავლესობა გარემო ფაქტორებითაა გამოწვეული: კონტენტი, რომელსაც ადამიანები მოიხმარენ, ოჯახური ურთიერთობები, საკვები და ქიმიური ნივთიერებები, რომლებსაც ისინი იღებენ. ჩვენი კვლევა მიზნად ისახავს ამ მიზეზების გაგებას, რათა შემუშავდეს პოლიტიკა, რომელიც შექმნის უფრო ჯანსაღ გარემოს და შეამცირებს საზოგადოებაში ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს.
არის თუ არა საკმარისი ბავშვებისთვის მხოლოდ ის რომ ვასწავლოთ სმარტფონების სწორად მოხმარება იმ რისკების შესამცირებლად, რასაც ადრეული ასაკიდან მათი გამოყენება იწვევს?
რა თქმა უნდა, არა. პრეფრონტალური ქერქი განვითარებას ბავშვობიდან იწყებს. ადამიანები სრულ სიმწიფესა და იმპულსების კონტროლს მხოლოდ 20-25 წლის ასაკში აღწევენ. ბავშვები ასევე ცნობისმოყვარეები არიან და ერთხელ ნანახი (მაგალითად, პორნოგრაფია ან ძალადობა) ვეღარ წაიშლება მათი მეხსიერებიდან. მაგალითისთვის, ჩვენ არ ვაძლევთ მანქანებს ძალიან მცირეწლოვან ბავშვებს მხოლოდ იმ მითითებით, რომ ფრთხილად იარონ; ასევე, არ ვაძლევთ ნარკოტიკებს და არ ვთხოვთ, პასუხისმგებლობით გამოიყენონ. იგივე ითქმის სმარტფონების შემთხვევაშიც.
თქვენ გვირჩევთ, რომ შეიზღუდოს სმარტფონებისა და სოციალური მედიის გამოყენება ბავშვებისთვის. რა პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა შეუძლია მთავრობას ან სკოლას ამ რეკომენდაციების ეფექტიანად შესასრულებლად?
აღნიშნული აკრძალვების მთავარი გამოწვევა აღსრულების მექანიზმია. სამთავრობო დონეზე, სოციალური მედიის კომპანიებს მომხმარებლის რეგისტრაციის უნდა მოეთხოვოთ ასაკის რეალური დამოწმება, სანამ პლატფორმაზე დაუშვებენ, ნაცვლად იმისა, რომ უბრალოდ ჰქონდეთ მოსანიშნი ველი, რომელშიც მომხმარებელი თავად ადასტურებს, რომ არის გარკვეულ ასაკს მიღწეული. დარღვევის შემთხვევაში ასევე უნდა დაწესდეს მნიშვნელოვანი ჯარიმა. გარდა ამისა, შესაძლოა შეიქმნას ისეთი მექანიზმები, რომლებიც გამოავლენს და აღნიშნავს კონტენტს, რაც ბავშვებს გარკვეულ საიტებზე შესვლის საშუალებას არ მისცემს.
როდესაც სკოლა აწესებს სმარტფონის აკრძალვის წესს, ამ აკრძალვას თან უნდა ახლდეს კონკრეტული შედეგები. მაგალითად, თუ მოსწავლეს ტელეფონი კამპუსში აღმოაჩნდება, ის უნდა ჩამოერთვას.
და ბოლოს, რა როლი უნდა ითამაშონ ტექნოლოგიურმა კომპანიებმა ბავშვების დაცვაში იმ ქვეყნებში, სადაც რეგულაციები სუსტია ან არ არსებობს? უნდა დაწესდეს საერთაშორისო გაიდლაინები, თუ ცვლილება ადგილობრივი დონიდან უნდა დაიწყოს?
არა მგონია, რომ ტექნოლოგიური კომპანიები საკუთარი ინიციატივით დაიწყებენ ბავშვების დაცვაზე ზრუნვას, თუ ამის მარეგულირებელი კანონი არ იარსებებს. ცვლილებები მოსახლეობის მხრიდან ზეწოლის შედეგად უნდა დაიწყოს.

