სმარტფონში “სქროლვა” თვალების გადაძაბვასთან ერთად უძილობასაც იწვევს

გააზიარე

კვლევამ, რომელიც Journal of Eye Movement Research-ში გამოქვეყნდა, დაადასტურა, რომ სოციალური მედიის ხანმოკლე ვიდეოების, „რილსების“ ყურება სულ რაღაც ერთ საათში იწვევს თვალების მნიშვნელოვან გადაძაბვას. აღმოჩნდა, რომ პრობლემა მხოლოდ გაჯეტებთან გატარებულ დროს არ უკავშირდება, გადამწყვეტია ისიც, თუ რა ტიპის კონტენტს უყურებთ.

კვლევის დეტალები:

მსოფლიოში სმარტფონების გამოყენება მკვეთრად გაიზარდა. მობილური ტელეფონის მომხმარებელთა 90%-ს უკვე სმარტფონი აქვს. ადამიანები ყოველდღიურად საათობით ატარებენ დროს ეკრანთან, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის თვალის ჯანმრთელობას. კვლევა ინდოეთში ჩატარდა, რომელშიც 30 ახალგაზრდა მონაწილეობდა.

მეცნიერებმა გამოიყენეს სპეციალური, პორტატული თვალის მონიტორინგის სისტემა, რომელიც ინფრაწითელი კამერებით იყო აღჭურვილი. ამ სისტემის დახმარებით, ისინი აკვირდებოდნენ ისეთ პარამეტრებს, როგორებიცაა დახამხამების სიხშირე და გუგის ზომა, რაც თვალის დაძაბულობაზე მიუთითებს.

ექსპერიმენტის ფარგლებში, მონაწილეები ერთი საათის განმავლობაში კითხულობდნენ ელექტრონულ წიგნებს, უყურებდნენ ვიდეოებს და ათვალიერებდნენ სოციალურ მედიას, მეცნიერები კი მათ მონაცემებს რეალურ დროში აფიქსირებდნენ.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ სოციალური მედიის „რილსები“ თვალის გადაღლის მთავარი მიზეზია. ეს გამოწვეულია ეკრანის სიკაშკაშის და კონტენტის სწრაფი ცვლილებით, რაც თვალს მუდმივად ადაპტაციას აიძულებს. შედეგად, დახამხამების სიხშირე 54-61%-ით მცირდება, ხოლო თვალი 39-42%-ით დიდხანს რჩება ღია, რაც დაძაბულობის ძირითადი ნიშანია. საინტერესოა, რომ ელექტრონულ წიგნებსა და ვიდეოებს ასეთი ეფექტი არ მოუხდენია.

გუგის ზომის ცვლილება
წყარო: MDPI. გუგის ზომის ცვლილება: (a) გადიდებული, (b) შემცირებული

რა შეიძლება გამოიწვიოს თვალების დაძაბვამ?

მხედველობის დაბინდვა

თვალების სიმშრალე

თავის ტკივილი

ძილის დარღვევა (ლურჯი სინათლის გამო)

სმარტფონების ფართო გავრცელებისა და ეკრანთან გატარებული დროის ზრდის გათვალისწინებით, ამ რისკების გაცნობიერება აუცილებელია საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის. 

ეს კვლევა ხაზს უსვამს, რომ თვალის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ეკრანთან გატარებული დროის კონტროლი კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ჯანდაცვის სფეროში ასეთი კვლევები სწორი ციფრული ჩვევების ჩამოსაყალიბებლად გამოიყენება. მაგალითად, შეიძლება შეიქმნას რეკომენდაციები, რომლებიც სოციალურ მედიაზე გატარებული დროის შეზღუდვასა და რეგულარული შესვენებების დაწესებას გვთავაზობს. ასევე, შესაძლოა, მომავალში შეიქმნას ისეთი პროგრამებიც, რომლებიც მომხმარებელს თვალის დაძაბვის შესახებ რეალურ დროში აცნობებს.

წყარო: MDPI

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები