ანტიბიოტიკორეზისტენტობის სიმწვავეს ყოველდღიური კლინიკური პრაქტიკა ადასტურებს, სადაც პათოგენის ელიმინაციისკენ მიმართული თერაპიები ხშირად უშედეგოდ სრულდება. თუმცა, პრობლემის სათავე მხოლოდ ბაქტერიების გენეტიკური მდგრადობა არ არის. უმთავრეს დაბრკოლებას მათი კოლექტიური თავდაცვის მექანიზმები, ბიოაპკები ქმნის. ეს სტრუქტურა სამკურნალო აგენტებისთვის ფიზიკურ ზღუდეს წარმოადგენს და მათ სამიზნე წერტილამდე შეღწევაში უშლის ხელს.
სწორედ ამ კომპლექსური სტრუქტურების დასაშლელად შეიქმნა სპილენძზე დაფუძნებული ახალი ნაერთი, BMDC (N-benzyl-N-methyldithiocarbamate). ის ეფექტური ალტერნატივაა იმ პათოგენების წინააღმდეგ, რომლებიც ვანკომიცინისა და სხვა სტანდარტული ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობას ავლენენ.
BMDC-ის მოქმედების მექანიზმი
BMDC-ის მოქმედების პრინციპი ბაქტერიის შიგნით სპილენძის იონების აქტიურ ტრანსპორტირებაზეა დაფუძნებული. ის მოქმედებს როგორც გამტარი, რომელიც პათოგენის ციტოპლაზმაში მეტალის შეღწევას მკვეთრად აჩქარებს.
კვლევამ აჩვენა, რომ ამ ნაერთის გამოყენებისას უჯრედშიდა სპილენძის დონე 30 წუთში 70-ჯერ იზრდება. ბაქტერიაში მეტალის მაღალი კონცენტრაცია მძლავრ ჟანგვით სტრესს იწვევს. პეროქსიდების დონის მატება სასიცოცხლო ცილებს ანადგურებს და უჯრედის სტრუქტურას შლის.
ეს პროცესი ბაქტერიის ენერგიის სრულ კოლაფსს იწვევს. უჯრედული ენერგიის მაჩვენებელი 84-90%-ით ეცემა, რაც პათოგენს გამრავლებისა და სასიცოცხლო ფუნქციების მართვის უნარს ართმევს.
კვლევის დეტალები
კვლევის ფარგლებში BMDC-ის ეფექტურობა ისეთ მეტალებთან კომბინაციაში შეფასდა, როგორიცაა სპილენძი და თუთია. ძირითად სამიზნეს მეტიცილინ-რეზისტენტული სტაფილოკოკი (MRSA) და Staphylococcus epidermidis – პათოგენები წარმოადგენდა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან პნევმონიის, სისხლის სისტემური ინფექციებისა და იმპლანტებთან ასოცირებული გართულებების განვითარებაზ არიან.
ლაბორატორიულ პირობებში მეტალ-BMDC ნაერთებმა მაღალი ეფექტურობა აჩვენა. სპილენძი-BMDC კომპლექსმა თავისუფლად მცურავი MRSA-ს ზრდა მყისიერად შეაჩერა და პოპულაცია 24 საათის განმავლობაში სტაბილურად დაბალ ნიშნულზე შეინარჩუნა. თუთია-BMDC ნაერთმაც მძლავრი ბაქტერიოციდული მოქმედება გამოავლინა.

მომწიფებულ ბიოაპკებში ბაქტერიული მასა 64-87%-ით შემცირდა, ცოცხალი უჯრედების რაოდენობა კი 99.9%-ით დაეცა. საინტერესოა ვანკომიცინთან კომბინაციაც: სპილენძ-BMDC-მ და სტანდარტულმა ანტიბიოტიკმა მძლავრი თერაპიული სინერგია გამოავლინა. ეს კომბინაცია მაქსიმალურ ეფექტს მცირე დოზებით აღწევს, რაც თირკმელების ტოქსიკურ დაზიანებას გამორიცხავს.
ლაბორატორიულმა კვლევამ აჩვენა, რომ სპილენძი-BMDC-ის კომპლექსს ბაქტერიული ბიოაპკების ეფექტურად დაშლა შეუძლია. თუმცა, შემდეგი ეტაპი კლინიკური კვლევებია, რომლებმაც ნაერთის უსაფრთხოება და ეფექტურობა უნდა დაადასტუროს.
წყარო: American Society for Microbiology

