სტენფორდის კვლევა: სხვადასხვა ორგანო განსხვავებული ტემპით ბერდება

გააზიარე

ოდესმე გიფიქრიათ, რატომ ინარჩუნებს ზოგი ადამიანი სიცოცხლის ბოლომდე სიჯანსაღეს, ზოგს კი ახალგაზრდობაშივე უვითარდება სერიოზული დაავადებები? სტენფორდის მეცნიერებმა ამ კითხვას მარტივი სისხლის ტესტის საშუალებით უპასუხეს. მათ შეძლეს ცალკეული ორგანოების ბიოლოგიური ასაკი განესაზღვრათ.

ეს მიღწევა გვიჩვენებს არა მხოლოდ იმას, თუ რომელი ორგანო ბერდება სწრაფად, არამედ პროგნოზირებს სერიოზული დაავადებების, მათ შორის ალცჰაიმერის, განვითარების რისკს.

კვლევის დეტალები: 

მეცნიერებმა პლაზმური პროტეომიკის მეთოდი გამოიყენეს, რომელიც სისხლში არსებული ათასობით ცილის შესწავლას გულისხმობს. მათ ბრიტანეთის ბიობანკიდან 40-დან 70 წლამდე ასაკის თითქმის 45,000 ზრდასრულის სისხლის ნიმუშები გააანალიზეს. მეცნიერებმა 3,000-მდე ცილის დონე გაზომეს და ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შეაფასეს 11 ორგანოს (ტვინი, გული, თირკმელები, ფილტვები და სხვა) „ბიოლოგიური ასაკი“

ამის შემდეგ, გუნდმა შეადარა თითოეული ადამიანის ორგანოთა ცილოვანი „ხელწერა“ (ანუ ცილების უნიკალური პროფილი), შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფის საშუალო მაჩვენებლებს. ამ შედარების საფუძველზე შეიქმნა ახალი საზომი ერთეული, ე.წ. „ორგანოს ასაკი“, რომელიც გვიჩვენებს, რამდენად სწრაფად ან ნელა მიმდინარეობს დაბერების პროცესი თითოეულ ორგანოში.

ძირითადი მიგნებები: 

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტვინის ბიოლოგიური ასაკი: მაგალითად, ადამიანებს, რომლებსაც „ხანდაზმული ტვინი“ აქვთ, დაახლოებით 12-ჯერ მეტი ალბათობა აქვთ, რომ მომდევნო ათწლეულში ალცჰაიმერის დიაგნოზი დაუსვან. მათ ასევე 82%-ით მაღალი აქვთ სიკვდილის რისკი მომდევნო 15 წლის განმავლობაში, „ახალგაზრდა ტვინის“ მქონე თანატოლებთან შედარებით.

ორგანოები სხვადასხვა სიჩქარით ბერდება: ეს პროცესი არ არის თანადროული. შესაძლოა, ერთი ორგანო ინარჩუნებდეს “ახალგაზრდობას”, მეორე კი უფრო სწრაფად ბერდებოდეს.

იმუნიტეტის როლი კრიტიკულია: თუ თქვენი იმუნური სისტემა “ახალგაზრდაა”, ეს ნიშნავს, რომ უფრო დიდხანს იცოცხლებთ და უკეთ გაუმკლავდებით ასაკთან დაკავშირებულ დაავადებებს.

ცხოვრების წესი ორგანოების ასაკზე მოქმედებს: მავნე ჩვევები, როგორიცაა მოწევა, არაჯანსაღი კვება და ვარჯიშის ნაკლებობა, აჩქარებს ორგანოების დაბერებას. 

ზოგიერთი მედიკამენტი აახალგაზრდავებს: აღმოჩნდა, რომ იბუპროფენი, გლუკოზამინი და ვიტამინები შეიძლება დაკავშირებული იყოს თირკმელების, ტვინისა და პანკრეასის უფრო ახალგაზრდა ბიოლოგიურ ასაკთან.

ეს აღმოჩენები მართლაც იმედისმომცემია, მაგრამ მკვლევრები აღნიშნავენ, რომ არსებობს გარკვეული შეზღუდვებიც: მათ შორის, საჭიროა კვლევაში უფრო მეტი ჯგუფის ჩართვა და გრძელვადიანი მონაცემების შეგროვება, რათა დაბერების პროცესი დროთა განმავლობაში შეისწავლონ.

ბიოლოგიური ასაკის ცნება, ერთი მხრივ, გვეხმარება დაბერების პროცესის უკეთ გაგებაში, მეორე მხრივ კი, შესაძლოა, საზოგადოებისთვის დამთრგუნველი აღმოჩნდეს. იმის გასარკვევად, თუ რა პოტენციალი აქვს ამ ტესტებს რეალურად და რა აფერხებს მათ კლინიკურ პრაქტიკაში დანერგვას, მედსკრიპტუმი ესაუბრა კვლევის ერთ-ერთ წამყვან ავტორს ჰემილტონს (Hamilton Oh), რომელიც ცნობილია ნეირომეცნიერებაში, იმუნოლოგიასა და დაბერების ბიოლოგიაში ჩატარებული კვლევებით.

სალომე ჩხეიძე: შეგიძლიათ გაიხსენოთ რა იყო თქვენი პირველი რეაქცია, როდესაც ნახეთ, რომ ტვინის ბიოლოგიური ასაკი ასე მჭიდროდ იყო დაკავშირებული ხანგრძლივ სიცოცხლესთან? 

ჰემილტონი: თავიდან მიჭირდა დაჯერება, რადგან მოულოდნელი იყო, რომ დღეგრძელობასთან ასეთი მჭიდრო კავშირი მხოლოდ ტვინისა და იმუნური სისტემის ბიოლოგიურ ასაკს ჰქონდა. სხვა ორგანოების შემთხვევაში მსგავსი რამ არ დაფიქსირებულა. თუმცა, მონაცემების დეტალური ანალიზის შემდეგ ყველაფერი ლოგიკური გახდა. ტვინსა და იმუნურ სისტემას მთელ ორგანიზმზე აქვს გავლენა, ამიტომ სავარაუდოა, რომ სწორედ ეს ორი სისტემა თამაშობს გადამწყვეტ როლს ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის კონტროლში.

სალომე ჩხეიძე: სამეცნიერო კვლევები ხშირად დაბერებას განიხილავს როგორც ნელ და თანდათანობით პროცესს. კვლევისას გქონდათ თუ არა მომენტი, როცა გააცნობიერეთ, რომ ერთი და იმავე ადამიანის ორგანოები შეიძლება სხვადასხვა სიჩქარით ბერდებოდეს?

ჰემილტონი: დიახ, რა თქმა უნდა. მე და ჩემმა ხელმძღვანელმა ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში უკვე ვნახეთ, რომ სხვადასხვა ორგანო განსხვავებული ტემპით ბერდება. ჩვენ გვინდოდა, დაგვედგინა, რამდენად ვრცელდებოდა ეს კანონზომიერება ადამიანებზე. როდესაც ვნახეთ, რომ ზოგიერთი ორგანო უფრო ნელა ბერდებოდა, ზოგი კი სწრაფად, და ესეც ინდივიდების მიხედვით განსხვავდებოდა, ეს დიდი აღმოჩენა იყო. ამას აუცილებლად დიდი გავლენა ექნება ზუსტ მედიცინაზე (precision medicine).

სალომე ჩხეიძე: ამ აღმოჩენების გათვალისწინებით, ფიქრობთ თუ არა, რომ უკვე დროა საზოგადოებამ „ხანდაზმულობა“ ბიოლოგიური, და არა ქრონოლოგიური ასაკის მიხედვით უნდა განსაზღვროს? 

ჰემილტონი: ეს საკმაოდ კომპლექსური საკითხია და ვფიქრობ, ჯერ კიდევ ადრეა ამ განსაზღვრების შესაცვლელად. მართალია, ეს სფერო ამ მიმართულებით ვითარდება, თუმცა დღესდღეობით ბიოლოგიური ასაკის ტესტები ჯერ კიდევ არ არის საკმარისად სანდო კლინიკური პრაქტიკისთვის. როგორც კი ტესტები დაიხვეწება, შესაძლოა ქრონოლოგიური ასაკის ნაცვლად ბიოლოგიურ ასაკზე გავამახვილოთ ყურადღება. მაგალითად, მკურნალობის დანიშვნისას ექიმები უკვე იყენებენ ისეთ ინდიკატორებს, როგორიცაა ქოლესტერინის დონე, რაც ირიბად გვაწვდის ინფორმაციას ბიოლოგიური დაბერების შესახებ. კულტურულ დონეზე კი, ბიოლოგიური ასაკის გააზრება დაგვეხმარება, რომ დაავადებების პრევენციაზე უფრო ადრეული ასაკიდანვე ვიზრუნოთ.

სალომე ჩხეიძე: იყო თუ არა თქვენს კვლევაში ისეთი მოულოდნელი შემთხვევები, რომელმაც ახალი კითხვები გააჩინა?

ჰემილტონი: დიახ, ერთი საინტერესო აღმოჩენა იყო ის, რომ ზოგიერთ ადამიანს ერთი ორგანო გაცილებით უფრო “დაბერებული” ჰქონდა, ვიდრე დანარჩენი. ეს ჩვენთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. თავიდან ვფიქრობდით, ხომ არ იყო ეს ტექნიკური შეცდომა, მაგრამ დავინახეთ, რომ ამ მოვლენას დაავადების რისკთან ჰქონდა კავშირი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეს რეალურია. ასევე, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ორგანოს ბიოლოგიურ ასაკსა და დაავადების რისკს შორის კავშირი განსხვავდება სხვადასხვა ორგანოსა და დაავადების მიხედვით, ამიტომ ამ მონაცემებს დიდი სიფრთხილით უნდა მივუდგეთ.

სალომე ჩხეიძე: თქვენი მონაცემები ადასტურებს, რომ ორგანიზმის მდგრადობისთვის (resilience) ცხოვრების წესს დიდი მნიშვნელობა აქვს. როგორ შეიძლება თქვენმა კვლევამ გააღრმაოს პერსონალიზებული ინტერვენციები?

ჰემილტონი: მომავალში, ორგანოს სპეციფიკური ბიოლოგიური ასაკის გაზომვა დაგვეხმარება იმის დადგენაში, თუ რომელი პაციენტი უკეთესად რეაგირებს დაბერების საწინააღმდეგო მედიკამენტებზე. მაგალითად, თუ კონკრეტული პრეპარატი ზოგიერთ ადამიანში ამცირებს ორგანოს ასაკს, ზოგიერთში კი არა, ეს საშუალებას მოგვცემს, გამოვავლინოთ მკურნალობაზე რეაგირებადი პირები და მათთვის ინდივიდუალური თერაპია შევარჩიოთ. ამ მეთოდის საშუალებით, პაციენტებს ასევე შეეძლებათ, უკეთ გაიგონ ცხოვრების წესის ცვლილებების ან სხვა თერაპიების ეფექტურობა.

სალომე ჩხეიძე: იმის გათვალისწინებით, რომ ეს ტესტები ჯერ არ არის მზად რუტინული კლინიკური გამოყენებისთვის, როგორ აუხსნიდით მათ მნიშვნელობას მედსკრიპტუმის მკითხველს?

ჰემილტონი: ეს კვლევა ერთ-ერთი პირველია, რომელიც გვიჩვენებს, რომ შესაძლებელია თითოეული ორგანოს ბიოლოგიური ასაკის ცალ-ცალკე გაზომვა. სავარაუდოდ, კიდევ ხუთიდან ათ წლამდე იქნება საჭირო, რათა ეს ტესტები საკმარისად სანდო გახდეს კლინიკური გამოყენებისთვის. თუმცა, ამის შემდეგაც კი, ექიმები ბიოლოგიურ ასაკს მხოლოდ მაშინ გაზომავენ, თუ ეს მათ კონკრეტული სამედიცინო რეკომენდაციების გაცემაში დაეხმარებათ. 

მაგალითად, იმის ცოდნა, რომ თქვენი ტვინის ბიოლოგიური ასაკი ნორმაზე მაღალია, მხოლოდ მაშინ იქნება სასარგებლო, თუ ამის გამოსასწორებლად რაიმე ეფექტური მეთოდი არსებობს. თუ პაციენტს ვეტყვით, რომ მისი ტვინი “დაბერებულია”, მაგრამ არ შევთავაზებთ მკურნალობის ან პრევენციის გზებს, ეს ინფორმაცია უფრო მეტად საზიანო და სტრესული იქნება, ვიდრე სასარგებლო. ამიტომ, ტესტების მიზანია არა მხოლოდ პრობლემის გამოვლენა, არამედ პარალელურად მისი გადაჭრის გზების შეთავაზება. საბოლოოდ, პაციენტებს ყოველთვის ექნებათ უფლება, თავად აირჩიონ, გაიკეთონ თუ არა მსგავსი ტესტები.

სალომე ჩხეიძე:  და ბოლოს, რაზე მუშაობს თქვენი გუნდი ამჟამად?

ჰემილტონი: მე ვაპირებ გამოვიკვლიო, თუ როგორ მოქმედებს ქრონიკული ფსიქოლოგიური სტრესი დაბერებაზე, განსაკუთრებით კი რა როლს ასრულებს ტვინისა და იმუნური სისტემის კავშირი სისტემურ ანთებაში. ჩემი ხელმძღვანელი კი აანალიზებს უჯრედების ტიპის სპეციფიკურ დაბერებას ორგანოებში, რათა გავიგოთ, თუ როგორ ბერდება უჯრედების სხვადასხვა პოპულაცია, მაგალითად, ნეირონები და გლიური უჯრედები. ეს აღმოჩენები გააღრმავებს ჩვენს ცოდნას დაბერების შესახებ უჯრედულ დონეზე და წესით უნდა გამოქვეყნდეს რამდენიმე წელიწადში.

იხილეთ კვლევა სრულად შემდეგ ბმულზე: https://www.nature.com/articles/s41591-025-03798-1

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები