back to top

თბილისის მერია რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტის დაფინანსებას იწყებს…

გააზიარე

„რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ძვირად ღირებულ მედიკამენტის დაფინანსების პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსდება თბილისის მერიის ვებგვერდზე, ხოლო განაცხადების მიღება დაიწყება მიმდინარე წლის სექტემბრიდან“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

თბილისის მოქალაქეებმა, მედიკამენტის დასაფინანსებლად საჭირო მატერიალიზებული ვაუჩერის მისაღებად, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს უნდა მიმართონ. 

„თბილისის მერია პირველი სექტემბრიდან  მედიკამენტ „აქტემრას“ მისაღებად მატერიალიზებულ ვაუჩერებს გასცემს. რევმატოიდული ართრიტი ქრონიკული, პროგრესირებადი ავტოიმუნური დაავადებაა, რომელიც სახსრების ანთებით პროცესს, შემდეგ მათ დეფორმაციას, საბოლოოდ კი, მოქმედებისა და გადაადგილების შეზღუდვას იწვევს. მედიკამენტოზური მკურნალობის საფუძველზე კი, შესაძლებელია დაავადების პროგრესის შეჩერება და მისი რემისიის ეტაპზე გადასვლა. აღნიშნულის შედეგად კი, პროგრამის მოსარგებლეები ქმედუნარიანები ხდებიან და მათი ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, მოქალაქე განცხადებით მიმართვამდე ბოლო ორი წლის განმავლობაში უწყვეტად და ამავდროულად, პროგრამაში ჩართვის დროისთვის რეგისტრირებული უნდა იყოს თბილისის მუნიციპალიტეტში.

თბილისის მერიის აღნიშნულ პროგრამაში ჩაერთვრბიან რევმატოიდული ართრიტის დიაგნოზის მქონე საქართველოს მოქალაქეები, რომელთა ქულა DAS28 ინდექსით არის 3.2 ან მასზე მეტია. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს, მედიკამენტი დაუფინანსდებათ სრულად, 100%-ით, ხოლო ყველა სხვა მოსარგებლეს – 80%-ით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ძვირად ღირებული მედიკამენტის დაფინანსების მისაღებად, განცხადებას უნდა ერთვოდეს: 

პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის საინფორმაციო ბარათი;

ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა №IV-100/ა, რომელიც უნდა მოიცავდეს სრულყოფილ ინფორმაციას ევროპული (EULAR) ან/და ამერიკული (ACR) „გაიდლაინებით“ გათვალისწინებული კვლევების ჩატარებისა და მათი შედეგების თაობაზე;

ინფორმაცია გამოყენებული სინთეზური მამოდიფიცირებელი პრეპარატების ან/და ამავე პრეპარატების მიმართ წინააღმდეგ ჩვენების/აუტანლობის დაფიქსირების შესახებ;

კონსილიუმის ვადიანი დასკვნა, პაციენტისთვის შესაბამისი მედიკამენტით მკურნალობის ჩატარების აუცილებლობისა და პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მზაობის თაობაზე;

კალკულაცია მედიკამენტის მიმწოდებელი ორგანიზაციიდან; სხვა დოკუმენტი, ქვეპროგრამის განმახორციელებლის მოთხოვნის შესაბამისად.

სამწუხაროდ, აქამდე  არ არსებობდა რაიმე სახის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ მოქალაქეებს რეაბილიტაციაში მიეხმარებოდა და გარდა იმისა, რომ ყოფას შეუმსუბუქებდა, დააბრუნებდა მათ ეკონომიკაში ბევრად იმაზე უკეთესად, ვიდრე დღეს არიან.  

მერიის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა რამდენიმეწლიანი საინფორმაციო კამპანია სახელად „ყველაფერი ჩვენს ხელშია“.  ამ კამპანიის ფარგლებში ექიმი რევმატოლოგები, პაციენტები და მათი მხარდაჭერები რამდენჯერმე შეიკრიბნენ და   სახელმწიფო სტრუქტურებს არა ერთხელ შეახსენეს დაავადების მკურნალობის ხელმისაწვდომობის აუცილებლობა. ერთ-ერთი ღონისძიების დასასრულს პაციენტებმა თაბაშირით საკუთარი დაზიანებული ხელების ყალიბები  შექმნეს. ეს იყო ფაქტობრივად ინვიდუალური გზავნილები სახელმწიფო სტრუქტურებისთვის, თუ რამდენად რთულია რევმატოიდულ ართრიტთან ერთად ცხოვრება, როცა სახსრები არ გემორჩილება.

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები