თირკმლის ქრონიკული დაავადების მართვის ახალი გაიდლაინი

გააზიარე

თირკმლის ქრონიკული დაავადების მკურნალობის სტანდარტები იცვლება. VA/DoD-ის (აშშ-ის ვეტერანთა საქმეთა სამსახურისა და თავდაცვის დეპარტამენტის) 2025 წლის გაიდლაინი მთავარ პრიორიტეტად პრევენციას ასახელებს. ეს ცვლილება მილიონობით ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან თირკმლის დაზიანება ხშირად „ჩუმად“, გამოხატული სიმპტომების გარეშე პროგრესირებს.

ახალი რეკომენდაციები 2018-2024 წლების უახლეს სამეცნიერო მიღწევებს ეყრდნობა. გაიდლაინში ხაზგასმულია სკრინინგის აუცილებლობა მაღალი რისკის ჯგუფებისთვის. ესენი არიან ადამიანები დიაბეტით, არტერიული ჰიპერტენზიით, გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიებით ან 60 წელს გადაცილებული პირები.

ადრეული დიაგნოსტიკა

თირკმლის მდგომარეობის შესაფასებლად ორი მთავარი მაჩვენებელი გამოიყენება: eGFR (გლომერულული ფილტრაციის სიჩქარე), რომელიც ფილტრაციის უნარს განსაზღვრავს, და UACR (ალბუმინ-კრეატინინის შეფარდება) – ცილის არსებობის გამოსავლენად. ეს უკანასკნელი ორგანოს დაზიანების ყველაზე ადრეული ინდიკატორია.

ფარმაკოთერაპია

გაიდლაინის ძირითადი ნაწილი ფარმაკოთერპიას, კერძოდ, ახალი თაობის პრეპარატებს (SGLT2 ინჰიბიტორებსა და GLP-1 აგონისტებს) ეხება. მართალია, ისინი თავდაპირველად დიაბეტის სამკურნალოდ შეიქმნა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ პარალელურად თირკმლის “დამცავებიც” არიან. მათი გამოყენება 30%-ზე მეტით ამცირებს თირკმლის უკმარისობის რისკს, რაც ბევრი პაციენტისთვის დიალიზის თავიდან აცილების რეალური შანსია.

ვინაიდან მაღალი წნევა თირკმლის დაზიანების მთავარი მიზეზია, ახალი გაიდლაინი სპეციალური დამცავი მედიკამენტებით (ACE ინჰიბიტორებით ან ARB-ებით) მის მკაცრ კონტროლს მოითხოვს. პარალელურად, ყველა პაციენტისთვის, ვინც დიალიზზე არ იმყოფება, რეკომენდებულია სტატინების (სისხლში ქოლესტერინის კონცენტრაციის დასაქვეითებელი მედიკამენტი) მიღება, გულ-სისხლძარღვთა გართულებების შესამცირებლად.

მნიშვნელოვანი სიახლეა კალიუმის შემბოჭველი პრეპარატების გამოყენებაც, რაც ექიმებს საშუალებას აძლევს, მკურნალობა უსაფრთხოდ გააგრძელონ გვერდითი მოვლენების განვითარების გარეშე. 

ცვლილებები შეეხო კონტრასტული კვლევებისთვის (მაგალითად, კომპიუტერული ტომოგრაფიისთვის) მომზადების პროცესსაც. წლების განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ N-აცეტილცისტეინი თირკმლის მწვავე დაზიანების პრევენციის საიმედო გზა იყო, თუმცა 2025 წლის გაიდლაინმა ეს მიდგომა შეცვალა. ორმა მასშტაბურმა რანდომიზებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ ამ პრეპარატს რეალური სარგებელი არ მოაქვს. აღმოჩნდა, რომ ის ვერც თირკმლის ფუნქციას იცავს და არც გრძელვადიან პერსპექტივაში აქვს დადებითი გავლენა. სწორედ ამიტომ, ახალი რეკომენდაციების თანახმად, მისი გამოყენება აღარ არის მიზანშეწონილი. მთავარ დამცავ საშუალებად კი კვლავ ინტრავენური ხსნარები რჩება.

გაიდლაინი ასევე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს „ერთობლივი გადაწყვეტილების“ პრინციპს. ეს იმას ნიშნავს, რომ მკურნალობის გეგმა ექიმისა და პაციენტის აქტიური თანამშრომლობით უნდა შემუშავდეს. განსაკუთრებით ხანდაზმულებში, ადამიანის ცხოვრების ხარისხი და პრიორიტეტები ისევე მნიშვნელოვანია, როგორც კლინიკური შედეგები.

საბოლოო ჯამში, თირკმლის ქრონიკული დაავადების მართვა დღეს უკვე გუნდური პასუხისმგებლობაა. საუკეთესო შედეგისთვის აუცილებელია მულტიდისციპლინური ჯგუფის ჩართულობა: ოჯახის ექიმი, ნეფროლოგი, ფარმაცევტი და დიეტოლოგი კოორდინირებულად უნდა ზრუნავდნენ პაციენტზე, რათა დაავადების პროგრესირება დროულად შეჩერდეს.

წყარო: Annals of internal medicine



გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები