ულტრადამუშავებული საკვების ჭარბი მოხმარება ფარული ინსულტის ნიშნებთან დააკავშირეს — ახალი კვლევა

გააზიარე

ჟურნალ JAMA Network Open-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, ჯანმრთელ ზრდასრულებში ულტრადამუშავებული საკვების ჭარბი მოხმარება ტვინის დაზიანების ნიშნებთან ასოცირდება. ეს ცვლილებები კი, თავის მხრივ, მომავალში კლინიკური ინსულტისა და მეხსიერების პრობლემების განვითარების ალბათობას ზრდის.

მაკმასტერის უნივერსიტეტისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის კვლევითი ინსტიტუტის (PHRI) მეცნიერებმა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის (MRI) მეშვეობით თითქმის 9 000 ადამიანის ტვინი შეისწავლეს. ანალიზმა აჩვენა, რომ იმ მონაწილეებში, რომლებიც ყველაზე დიდი რაოდენობით ულტრადამუშავებულ საკვებს იღებდნენ, მცირე ზომის დაზიანებული უბნები ტვინში გაცილებით ხშირად ფიქსირდებოდა, ვიდრე მათში, ვინც ასეთ პროდუქტებს ყველაზე ნაკლებად მოიხმარდა.

კერძოდ, ყველაზე მაღალი მოხმარების ჯგუფში მსგავსი ცვლილებების გამოვლენის ალბათობა 40%-ით მაღალი აღმოჩნდა. მართალია, ეს მიკროდაზიანებები აშკარა სიმპტომებს არ იწვევს, მაგრამ ისინი ადრეულ გამაფრთხილებელ ნიშნებად მიიჩნევა, რომლებიც ინსულტის ან მეხსიერების გაუარესების დაწყებამდე წლებით ადრე შეიძლება გაჩნდეს.

“გულწრფელად გითხრათ, ამ შედეგს არ ველოდი. ჩვენ შევისწავლეთ საშუალო ასაკის კანადელები, რომლებსაც გულის პრობლემები არ ჰქონიათ და არც ჯანმრთელობის სხვა ჩივილები აღენიშნებოდათ. როგორც წესი, ასეთი სახის დაზიანება იმ მდგომარეობებთან ასოცირდება, რომელთა შესახებაც გაცილებით ხანდაზმულ ასაკში გვსმენია და ვმკურნალობთ”, — აღნიშნავს კვლევის პირველი ავტორი და მაკმასტერის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, რასელ დე სოუზა.

კვლევაში მონაწილეობა 35-იდან 69 წლამდე ასაკის ადამიანებმა მიიღეს. მონაცემებმა აჩვენა, რომ მონაწილეებს, რომლებიც ყველაზე მეტ ულტრადამუშავებულ პროდუქტს მიირთმევდნენ, სხეულისა და მუცლის ღრუს ღრმა ცხიმის უფრო მაღალი მაჩვენებელი ჰქონდათ. მუცლის ცხიმის ეს ტიპი ანთებით პროცესებსა და სისხლძარღვების დაზიანებას უკავშირდება, რამაც ტვინამდეც შეიძლება მიაღწიოს.

აღსანიშნავია, რომ ულტრადამუშავებულ საკვებსა და ტვინის დაზიანებას შორის კავშირი უფრო მკაფიო ქალებში აღმოჩნდა — ყველაზე მაღალი მოხმარების ჯგუფში მყოფ ქალებს დაზიანების ნიშნები თითქმის 2-ჯერ უფრო ხშირად უფიქსირდებოდათ, ვიდრე ყველაზე დაბალი მოხმარების ჯგუფის წევრებს.

“ჩვენი მიგნებები მიუთითებს, რომ კვების რაციონსა და ტვინის ჯანმრთელობას შორის კავშირი შეიძლება მანამ გამოვლინდეს, სანამ ადამიანებს მეხსიერების ან აზროვნების შესამჩნევი პრობლემები შეექმნებათ. ეს ემატება იმ მზარდ მტკიცებულებებს, რომელთა მიხედვითაც, ის, თუ რას მიირთმევენ ადამიანები 30, 40, 50 და 60 წლის ასაკში, მოგვიანებით მათი ტვინის ჯანმრთელობას განსაზღვრავს”, — აცხადებს კვლევის უფროსი ავტორი, სონია ანანდი.

მკვლევართა განმარტებით, ულტრადამუშავებული საკვები ხშირად დიდი რაოდენობით ნატრიუმს, დამატებულ შაქარსა და ნაჯერ ცხიმებს შეიცავს, ხოლო უჯრედისით, ვიტამინებითა და მინერალებით ღარიბია. კვლევის ფარგლებში ასეთი პროდუქტები მონაწილეთა დღიური რაციონის საშუალოდ 25%-ს შეადგენდა, ყველაზე აქტიურ მომხმარებლებში კი ეს წილი 45%-მდე იზრდებოდა (ყველაზე დაბალი მოხმარების ჯგუფში — მხოლოდ 16%). პარალელურად, ულტრადამუშავებული საკვების მოხმარების ზრდასთან ერთად, მინიმალურად დამუშავებული პროდუქტების (ხილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის) წილი 68%-იდან 41%-მდე მცირდებოდა.

“ადამიანები, რომლებიც მეტ ულტრადამუშავებულ საკვებს იღებდნენ, მას უბრალოდ კი არ ამატებდნენ ჩვეულ რაციონს, არამედ ეს პროდუქტები ჯანსაღ, ნატურალურ საკვებს ანაცვლებდა”, — დასძენს დე სოუზა.

ავტორები ერთ მნიშვნელოვან დეტალსაც აღნიშნავენ: ვინაიდან მონაწილეები მხოლოდ ერთხელ შეაფასეს და მათზე დროში ხანგრძლივი დაკვირვება არ მომხდარა, მკვლევრები დაზუსტებით ვერ ამბობენ, რომ ტვინის ეს ცვლილებები პირდაპირ ულტრადამუშავებულმა საკვებმა გამოიწვია.

“ჩვენ გვჭირდება გრძელვადიანი კვლევები, რომლებიც განმეორებითი MRI სკანირებით ადამიანებს დროთა განმავლობაში დააკვირდება, რათა გავარკვიოთ, შეუძლია თუ არა ულტრადამუშავებული საკვების შემცირებას ტვინის ამ ცვლილებების შენელება ან პრევენცია. მსგავსი დაკვირვება უკვე მიმდინარეობს”, — განმარტავს რასელ დე სოუზა.

წყარო: MedicalXpress

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები