გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის მნიშვნელოვნად შესამცირებლად, საშუალო ან მაღალი ინტენსივობის ფიზიკური აქტივობის ხანგრძლივობა კვირაში 560-610 წუთს (დაახლოებით 9-10 საათი) უნდა შეადგენდეს. ჟურნალ British Journal of Sports Medicine-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის ეს შედეგები 3-4-ჯერ აღემატება ამჟამად მიღებულ საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეკომენდაციას, რომელიც კვირაში მინიმუმ 150 წუთით შემოიფარგლება.
მაკაოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ჩინელმა მკვლევრებმა ბრიტანული ბიობანკის (UK Biobank) 17 088 მონაწილის მონაცემები შეისწავლეს, რომელთა საშუალო ასაკი 57 წელი იყო. მეცნიერები 7.8 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ მონაწილეთა ფიზიკურ აქტივობასა და კარდიორესპირატორულ ფიტნესს — ორგანიზმის მიერ ჟანგბადის ათვისების მაქსიმალურ მაჩვენებელს.
ანალიზმა აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც მხოლოდ არსებულ 150-წუთიან სტანდარტს ასრულებდნენ, გულ-სისხლძარღვთა რისკების მხოლოდ მინიმალურ, 8–9%-იან შემცირებას აღწევდნენ. რეალური და მყარი დაცვისთვის (რისკის 30%-ზე მეტით შემცირება) კი კვირაში 560-610 წუთი ინტენსიური ვარჯიში აღმოჩნდა საჭირო, რასაც ექსპერიმენტის მონაწილეთა მხოლოდ 12%-მა მიაღწია.
კვლევამ ასევე გამოავლინა, რომ ფიზიკურად ნაკლებად მომზადებულ ადამიანებს უფრო მეტი მუშაობა სჭირდებათ იგივე შედეგის მისაღებად, ვიდრე სპორტულ ფორმაში მყოფებს. მაგალითად, გულის დაავადებების რისკის 20%-ით შესამცირებლად, დაბალი ფიტნეს-მონაცემების მქონე პირებს კვირაში 370 წუთი აქტივობა დასჭირდათ, ხოლო მაღალი მომზადების მქონე პირებს – 340 წუთი.
მკვლევრების განცხადებით, ვარჯიშის ერთიანი, ყველასთვის მორგებული სტანდარტი უნდა შეიცვალოს პერსონალური მიზნებით. მათი თქმით, ძველი რეკომენდაცია (150 წუთი) მხოლოდ მინიმალური უსაფრთხოების ზღვარია, ხოლო ოპტიმალური შედეგისთვის მომავალმა გაიდლაინებმა მკაფიოდ უნდა გამიჯნოს ფიზიკური დატვირთვის მინიმალური და მაქსიმალური მოცულობები.
წყარო: BMJ

