UT Health San Antonio-ს მეცნიერებმა ლუპუსის სამკურნალოდ პირველი პოტენციური პრობიოტიკი აღმოაჩინეს

გააზიარე

ტეხასის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის (UT Health San Antonio) მკვლევრებმა ნაწლავის მიკრობიომსა და ლუპუსის (სისტემური წითელი მგლურა, Systemic Lupus Erythematosus — SLE) პათოგენეზს შორის პოტენციური პათოფიზიოლოგიური კავშირი გამოავლინეს, რაც ამ აუტოიმუნური დაავადების მკურნალობისთვის ახალ პერსპექტივას ქმნის. ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ლუპუსით დაავადებულ პაციენტებში მნიშვნელოვნად მცირდება ნაწლავის ეკოსისტემის ერთ-ერთი ძირითადი კომენსალური ბაქტერიის — Faecalibacterium prausnitzii-ს პოპულაცია. ცხოველურ მოდელებში ამ მიკროორგანიზმის რეინტროდუქციამ დაავადების აქტივობის ბიომარკერების დონე მნიშვნელოვნად შეამცირა, რაც F. prausnitzii-ს ლუპუსის მკურნალობისთვის პერსპექტიულ პრობიოტად წარმოაჩენს.

სისტემური წითელი მგლურა ქრონიკული, მულტისისტემური აუტოიმუნური დაავადებაა, რომელიც მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში დაახლოებით 1.5 მილიონ ადამიანს აღენიშნება. დაავადების დროს იმუნური სისტემა შეცდომით უტევს ორგანიზმის ჯანმრთელ ქსოვილებსა და ორგანოებს. პათოლოგიური პროცესი შეიძლება მოიცავდეს სახსრებს, კანს, თირკმლებს, გულს, ფილტვებს, ელენთასა და ცენტრალურ ნერვულ სისტემას. ლუპუსის კლინიკური მიმდინარეობა გამოირჩევა მაღალი ჰეტეროგენულობით, რაც ხშირად აფერხებს მის დროულ დიაგნოსტიკას, არსებული მკურნალობა კი ძირითადად სიმპტომების მართვასა და ორგანოთა შეუქცევადი დაზიანების პრევენციაზეა ორიენტირებული. მიმდინარე სტანდარტული თერაპია ეფუძნება იმუნოსუპრესანტებსა და კორტიკოსტეროიდებს, თუმცა მათი ხანგრძლივი გამოყენება ასოცირებულია მძიმე მეტაბოლურ, კარდიოვასკულურ და ინფექციურ გართულებებთან. სწორედ ამიტომ, უსაფრთხო და მიზანმიმართული თერაპიული ალტერნატივების აღმოჩენა თანამედროვე რევმატოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში დაგროვილი მტკიცებულებები მიუთითებს, რომ სისტემური წითელი მგლურას (SLE) პათოგენეზი მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული ნაწლავის მიკრობიომის დისბალანსთან (დისბიოზთან). ამ მიმართულებით, სხვადასხვა კვლევამ უკვე აღწერა მინიმუმ სამი ბაქტერიული შტამი, რომელთა პოპულაციის ცვლილებები მჭიდროდ ასოცირდება დაავადების პროგრესირებასთან. UT Health San Antonio-ს მკვლევართა ჯგუფმა კი დაადგინა, რომ SLE-ით დაავადებული პაციენტების ნაწლავის მიკრობიომში მნიშვნელოვნად მცირდება Faecalibacterium prausnitzii-ის რაოდენობა. აღნიშნული კომენსალური ბაქტერია გამოირჩევა ანთებისსაწინააღმდეგო თვისებებით და მონაწილეობს დიეტური ბოჭკოების ფერმენტაციაში, რის შედეგადაც წარმოიქმნება ბუტირატი — მოკლეჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავა (short-chain fatty acid, SCFA), რომელიც მსხვილი ნაწლავის ეპითელური უჯრედების ენერგიის ძირითად წყაროს წარმოადგენს. ბუტირატი კრიტიკულად მნიშვნელოვანია მუცინის დამცავი ბარიერის სტრუქტურული და ფუნქციური მთლიანობის შესანარჩუნებლად, რაც ხელს უწყობს ნაწლავის ლორწოვანის ჰომეოსტაზის დაცვას და ზღუდავს პათოლოგიური იმუნური პასუხის განვითარებას. F. prausnitzii-ის შემცირებისას ფერხდება ბოჭკოების მეტაბოლიზმი, ქვეითდება ბუტირატის წარმოქმნა, ზიანდება მუცინის ბარიერი, იზრდება ნაწლავის გამტარიანობა და ყალიბდება პროანთებითი მიკროგარემო, რომელიც ხელს უწყობს აუტოიმუნური პროცესების პროგრესირებას. მიუხედავად იმისა, რომ F. prausnitzii-ს ობლიგატური ანაერობულობა (ჟანგბადისადმი მაღალი მგრძნობელობა) ართულებს მის ინტეგრაციას სტანდარტულ პრობიოტიკულ პრეპარატებში, მისი ბიოაქტიური მეტაბოლიტების სამომავლო შესწავლა გზას უხსნის მიკრობიომზე მიზანმიმართული, ნაკლებად ტოქსიკური თერაპიული სტრატეგიების განვითარებას.

აღნიშნულ თერაპიულ პოტენციალს ასევე ადასტურებს პრეკლინიკური ექსპერიმენტების შედეგები, რომელთა მიხედვითაც ცხოველურ მოდელებში Faecalibacterium prausnitzii-ის რეინტროდუქციამ ნაწილობრივ აღადგინა იმუნური რეგულაცია, მნიშვნელოვნად შეამცირა დაავადების აქტივობის ბიომარკერები და ორგანოპროტექტორული ეფექტი გამოავლინა თირკმლებსა და ელენთაზე. მიღებული მონაცემები მიუთითებს, რომ ბაქტერიის თერაპიული ეფექტი, სავარაუდოდ, განპირობებულია როგორც ნაწლავის ეპითელური ბარიერის ფუნქციის აღდგენით, ისე სისტემური იმუნური ჰომეოსტაზის მოდულაციით.

პრეკლინიკურ ეტაპზე მიღებული პერსპექტიული შედეგების მიუხედავად, აღნიშნული მიდგომის კლინიკურ პრაქტიკაში დანერგვა დაკავშირებულია მნიშვნელოვან ბარიერებთან. Faecalibacterium prausnitzii ხასიათდება ექსტრემალური ლაბილურობით ჟანგბადის მიმართ, სწრაფად კარგავს ბიოლოგიურ აქტივობას და არ არის წარმოდგენილი ფართოდ ხელმისაწვდომ კომერციულ პრობიოტიკულ პრეპარატებში. შესაბამისად, მისი თერაპიული ვალიდაცია საჭიროებს სტაბილური ფარმაცევტული ფორმულაციების შემუშავებას, ოპტიმალური დოზირების რეჟიმების განსაზღვრასა და გრძელვადიანი კლინიკური ეფექტიანობის სისტემურ შეფასებას. კვლევის ავტორები მომდევნო ეტაპზე გეგმავენ იმ ბიოაქტიური მეტაბოლიტების იდენტიფიცირებას, რომლებიც განაპირობებენ იმუნური რეგულაციისა და ანთებითი პასუხის მოდულაციას, ასევე დიეტური ნახშირწყლების, ნაწლავის მიკრობიომისა და იმუნური სისტემის მრავალდონიანი ურთიერთქმედების ანალიზს. ამგვარად, აღნიშნული აღმოჩენა შესაძლოა გახდეს საფუძველი სისტემური წითელი მგლურას მიკრობიომზე დაფუძნებული, უფრო მიზანმიმართული და ხელსაყრელი თერაპიული სტრატეგიების განვითარებისათვის.

წყარო: medicalxpress.com

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები