აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტომ (FDA) ზურგის ტვინის დაზიანების მქონე ზრდასრული პირებისთვის პირველი თვითბალანსირებადი პერსონალური ეგზოჩონჩხი, სახელწოდებით Eve (მწარმოებელი: Wandercraft) დაამტკიცა.
ინოვაციური მოწყობილობა ეტლით მოსარგებლე პაციენტებს საშუალებას აძლევს, დისტანციური მართვის პულტის გამოყენებით, წამოდგნენ, იარონ და ყოველდღიური აქტივობები ხელების დახმარების გარეშე (hands-free) შეასრულონ. ეგზოჩონჩხი განკუთვნილია ბრტყელ ზედაპირებზე, შიდა სივრცეებსა და მიმდებარე გარე ტერიტორიებზე გამოსაყენებლად. უსაფრთხოების მიზნით, მოწყობილობის გამოყენება სპეციალურად გადამზადებული თანმხლები პირის მეთვალყურეობას მოითხოვს.
სამ სხვადასხვა კლინიკურ ცენტრში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ პაციენტებსა და მათ თანმხლებ პირებს ეგზოჩონჩხის მართვის ათვისება წარმატებით შეუძლიათ. ფუნქციური და პრაქტიკული ტესტირების შედეგად, მონაწილეებმა ყოველდღიური ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება აღნიშნეს. კერძოდ, გაიზარდა მათი ფსიქოლოგიური კეთილდღეობა და გამძლეობა ყოველდღიური რუტინის შესრულებისას, შემცირდა ქვედა კიდურების სპასტიურობა (კუნთების დაჭიმულობა) და გაუმჯობესდა მჯდომარე მდგომარეობაში ბალანსის შენარჩუნების უნარი. ზოგიერთმა პაციენტმა ძილის ხარისხისა და შარდის ბუშტისა თუ ნაწლავების ფუნქციონირების გაუმჯობესებაზეც მიუთითა.
როგორც კესლერის ფონდის (Kessler Foundation) ზურგის ტვინის სტიმულაციის ცენტრის დირექტორი, დოქტორი გეილ ფორესტი (Gail Forrest) განმარტავს, კვლევის შედეგებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს შეფასების მეთოდიკა: „ამ მიგნებებს ღირებულს ხდის ის ფაქტი, რომ ტექნოლოგია შეფასდა არა მხოლოდ ინჟინრული ეფექტურობის კუთხით, არამედ იმის მიხედვითაც, თუ რამდენად უსაფრთხოდ შეძლეს მომხმარებლებმა და მათმა თანმხლებმა პირებმა მისი რეალურ, ყოველდღიურ აქტივობებში ინტეგრირება“.
წყარო: MedicalXpress

