კავკასიის რეგიონში პაციენტს დონორის გული პირველად გადაუნერგეს. აზერბაიჯანში ჩატარებული ეს ოპერაცია გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ეროვნული სამედიცინო მიღწევა – მან ახალი კლინიკური შესაძლებლობა გაუჩინა პაციენტებს მთელ რეგიონში, სადაც მანამდე გულის ტრანსპლანტაცია მიუწვდომელი იყო.
აღნიშნული მიღწევა გულის უკმარისობისადმი მიძღვნილ თბილისის საერთაშორისო ფორუმზე განიხილეს, რომელიც 25-26 სექტემბერს გაიმართა. ფორუმზე რეგიონისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სპეციალისტები შეიკრიბნენ, რათა გულის უკმარისობის მკურნალობის განვითარების პერსპექტივებზე ემსჯელათ. შეხვედრა მნიშვნელოვანი პლატფორმა აღმოჩნდა იმის გასააზრებლად, თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ ოპერაციას არა მხოლოდ აზერბაიჯანისთვის, არამედ მთელ კავკასიაში ტრანსპლანტოლოგიისა და მულტიდისციპლინური კარდიოლოგიის წინსვლისთვის.
ამ ისტორიულ მომენტს საფუძველი დაახლოებით 25 წლის განმავლობაში ეყრებოდა. ბაქოს ცენტრალური კლინიკის დირექტორი, მედიცინის დოქტორი ქამრან მუსაევი იხსენებს, როგორ იქმნებოდა ეს ბაზა გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის, ინტენსიური თერაპიის, ექსტრაკორპორული მემბრანული ოქსიგენაციისა (ECMO) და სისხლის მიმოქცევის მექანიკური დამხმარე სისტემების განვითარებასთან ერთად.
დღეს ჩვენ განვიხილავთ კავკასიის რეგიონში ჩატარებული გულის პირველი გადანერგვის ისტორიულ მნიშვნელობას და იმას, თუ რატომ მოხერხდა ეს მხოლოდ ახლა. შეგიძლიათ განგვიმარტოთ ის ძირითადი – როგორც კლინიკური, ისე ორგანიზაციული – ბარიერები, რომელთა გადალახვაც თქვენ და თქვენს გუნდს მოგიწიათ ამ ოპერაციის ჩასატარებლად?
უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადავუხადო პროფესორ ზვიად ყიფიანსა და თქვენ ამ ინტერვიუსთვის.
ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ გულის გადანერგვა მხოლოდ ქირურგიული პროცედურა არაა. გულის უკმარისობის მქონე ზოგიერთ პაციენტს (რომელთაც შორსწასული უკმარისობის მქონე პაციენტებს ვუწოდებთ) მკურნალობის სტანდარტულ მეთოდებზე მეტი ესაჭიროება. ეს შეიძლება მოიცავდეს ოპტიმალურ მედიკამენტურ თერაპიას, აპარატულ მკურნალობას, სისხლის მიმოქცევის მექანიკურ მხარდაჭერას ან ხელოვნური გულის იმპლანტაციას. საბოლოო ჯამში, ასეთი პაციენტების ნაწილისთვის ყველაზე ეფექტიანი სამკურნალო საშუალება სწორედ გულის გადანერგვაა.
ჩვენი დღევანდელი ცოდნით, გულის ტრანსპლანტაცია გულის შორსწასული უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის საუკეთესო გამოსავალია. როგორც მოგეხსენებათ, ეს შესაძლებლობა ადრე არც ჩემს ქვეყანაში, აზერბაიჯანში, არც საქართველოში და არც კავკასიის რეგიონის სხვა რომელიმე კუთხეში პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი არ იყო. ეს უდიდესი გამოწვევა გახლდათ, თუმცა ამავდროულად ჩვენს მთავარ მოტივაციად იქცა: გვსურდა, ვითარება შეგვეცვალა.
ჩემს ცენტრში, ბაქოს ცენტრალურ კლინიკაში, 2000-იანი წლების დასაწყისიდან ვახორციელებთ მაღალტექნოლოგიურ გულ-სისხლძარღვთა ქირურგიას, ინტერვენციულ კარდიოლოგიასა და ინტენსიურ თერაპიას. 2008 წელს დავნერგეთ ECMO-სა და Levitronix-ის სისტემები, 2013 წლიდან კი გულის დამხმარე მოწყობილობების იმპლანტაცია დავიწყეთ. ეს ცალკეული პროექტები არ იყო – ეს გახლდათ საწყისი ნაბიჯები გულის ტრანსპლანტაციის პროგრამის დასაფუძნებლად.
როგორც უკვე აღვნიშნე, გულის გადანერგვა მხოლოდ ერთი ცალკეული ოპერაცია ან პრესტიჟული ქირურგიული ჩარევა არ არის. თუ გულის ტრანსპლანტაციის დაწყება გსურთ, მდგრადი პროგრამა უნდა შექმნათ. ასეთი პროგრამის განვითარება ყველა ქვეყანას სჭირდება – მათ შორის აზერბაიჯანს, საქართველოსა და რეგიონის სხვა სახელმწიფოებს.
გულის ტრანსპლანტაციის ეროვნული პროგრამა რამდენიმე ძირითადი კომპონენტისგან შედგება. რა თქმა უნდა, თითოეულ ქვეყანას საკუთარი სპეციფიკა აქვს, თუმცა ზოგიერთი მოთხოვნა უნივერსალურია.
პირველი – ინფრასტრუქტურაა. საჭიროა მაღალტექნოლოგიური კლინიკები, რომელთაც გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის, გულზე ღია ოპერაციების, თანამედროვე ინტენსიური თერაპიისა და მოწინავე კარდიოლოგიური სერვისების უზრუნველყოფა შეუძლიათ. რატომ? იმიტომ, რომ გულის გადანერგვას მულტიდისციპლინური გუნდი სჭირდება, რომელიც წარმატებული მკურნალობისა და პაციენტის მოვლის გარანტია იქნება.
მეორე კომპონენტი – გადამზადებული მულტიდისციპლინური გუნდია. აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა ქირურგები, რომელთაც გულის ტრანსპლანტაციაში სპეციალური მომზადება აქვთ გავლილი, ასევე მოწინავე კარდიოლოგიური განყოფილება, რეანიმატოლოგები, ანესთეზიოლოგები, ექთნები და მომიჯნავე სამედიცინო პერსონალი.
მესამე – სამართლებრივი ბაზაა. აუცილებელია სათანადო კანონმდებლობა და საზოგადოებრივი მზაობა. ეს მოიცავს რელიგიურ, სოციალურ, ეთიკურ და ხარჯების ანაზღაურებასთან დაკავშირებულ ფაქტორებს. ყველა ეს კომპონენტი ერთდროულად უნდა განვითარდეს.
თუ ამ სამ ელემენტს წარმატებით დანერგავთ, გულის გადანერგვის ოპერაციების დაწყებას შეძლებთ.
ჩემს ქვეყანას ამ გზის გასავლელად დაახლოებით 25 წელი დასჭირდა. თურქეთში, სტამბოლის რეზიდენტურის დასრულების შემდეგ, ბაქოში დავბრუნდი და მუშაობა სამშობლოში დავიწყე. ამ 25 წლის განმავლობაში ჩვენ შევძელით გულის ტრანსპლანტაციის მდგრადი პროგრამის შექმნა.
გულის გადანერგვის პირველი ოპერაცია 2025 წლის ოქტომბერში ჩატარდა. როგორც აღნიშნეთ, ეს კავკასიის რეგიონში გულის გადანერგვის პირველი პრეცედენტი იყო. თუმცა ღრმად მწამს, რომ ჩვენი პირველი გამოცდილება მოტივაციას მისცემს და ხელს შეუწყობს მსგავსი პროგრამების განვითარებას სხვა ცენტრებშიც – აზერბაიჯანში, საქართველოში და რეგიონის სხვა ქვეყნებში. მზად ვართ, ეს გამოცდილება ქართველ კოლეგებსაც სიამოვნებით გავუზიაროთ.
გულის ტრანსპლანტაციის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ასპექტსაც მინდა შევეხოთ, რადგან ამ პროცესს ორი მხარე აქვს. ერთ მხარესაა რეციპიენტი, რომლის სიცოცხლეც შესაძლოა გადანერგვაზე იყოს დამოკიდებული, მეორე მხარეს კი – დონორი და მისი ოჯახი. ეთიკური ასპექტები უკვე ვახსენეთ, მაგრამ თქვენს შემთხვევაში უშუალოდ დონორის ოჯახზე მინდა გკითხოთ. ახლობელი ადამიანის გულის გაღებაზე დათანხმება იოლი არ არის… როგორი ვითარება იყო თქვენს ქვეყანაში და შეცვალა თუ არა იგი ამ წარმატებულმა ოპერაციამ?
სრული ჭეშმარიტებაა. თქვენ მთელი ამ ტრანსპლანტაციური პროცესის საკვანძო საკითხს შეეხეთ.
რა თქმა უნდა, გსურს, რეციპიენტს ტრანსპლანტაციის ოპერაცია ჩაუტარო, მაგრამ ამისთვის დონორი გჭირდება. პირველმა შემთხვევამ ჩვენ – და პირადად მე – არაერთი გაკვეთილი გვასწავლა. უმთავრესი კი ის იყო, თუ რაოდენ რთულია დონორების მოძიება.
სხვათა შორის, შემიძლია გითხრათ, რომ მას შემდეგ გულის კიდევ სამი გადანერგვა ჩავატარეთ. ყოველმა საწყისმა ოპერაციამ დაგვანახა, რომ ყველაზე დიდი და ურთულესი გამოწვევა სწორედ ორგანოების დონაციას უკავშირდება.
ამჟამად დონორებად ტვინის სიკვდილის მქონე პაციენტებს ვიყენებთ. თუმცა, ჩვენს ქვეყანაში არსებული საკანონმდებლო ბაზა პაციენტის ოჯახის თანხმობას მოითხოვს. მანამ, სანამ ოჯახები დონაციას დათანხმდებიან, საზოგადოებაში ორგანოების გაღების მიმართ უფრო ფართო მზაობა უნდა ჩამოყალიბდეს, ამის მიღწევა კი მარტივი არ არის.
ჩვენი გეოგრაფიული და სოციალური გარემოებები ერთმანეთს ჰგავს. ქართული და აზერბაიჯანული საზოგადოებები მრავალი თვალსაზრისით ძალიან ახლოსაა ერთმანეთთან. თუმცა მწამს, რომ თუ ვითარების შეცვლა გვსურს – განსაკუთრებით ტრანსპლანტაციასთან დაკავშირებული გამოწვევების კუთხით – დადებითი შედეგების მიღწევა შეგვიძლია.
აზერბაიჯანში ზოგიერთი ოჯახი დათანხმდა, რომ მათი ახლობლების ორგანოები სხვა პაციენტებისთვის გადაენერგათ. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს დონორებს და, განსაკუთრებით, მათ ოჯახებს. მიმაჩნია, რომ ისინი ჩვენი საზოგადოების ნამდვილი გმირები არიან.
პირველი ნაბიჯების გადადგმა ნებისმიერ სფეროში რთულია. შესაძლოა, სწორედ ამ ოპერაციამ დაუდოს სათავე რეალურ ცვლილებებს.
თუ გაქვთ მიახლოებითი მონაცემები გულის ტრანსპლანტაციის მოთხოვნასთან დაკავშირებით? თქვენს ქვეყანაში რამდენ პაციენტს ესაჭიროება გულის გადანერგვა?
აზერბაიჯანის მოსახლეობა დაახლოებით 10 მილიონია – 10 მილიონზე ოდნავ მეტი – და ჩვენი მონაცემებით, გულის გადანერგვა ყოველწლიურად დაახლოებით 300 პაციენტს ესაჭიროება.
თუმცა, გასულ წელს გულის გადანერგვის მხოლოდ სამი ოპერაცია ჩავატარეთ. დადებითი ისაა, რომ მომლოდინეთა სია იზრდება. ჩვენს კლინიკაში ამჟამად 60-ზე მეტი პაციენტია ოფიციალურად დარეგისტრირებული და დონორს ელოდება.
ისიც ვიცი, რომ ორგანოთა დონორად დარეგისტრირებულ ადამიანთა რიცხვიც საოცრად მატულობს. ორგანოთა დონაციისა და ტრანსპლანტაციის ჩვენი ცენტრის მონაცემებით, აზერბაიჯანის 10 000-ზე მეტმა მოქალაქემ უკვე განაცხადა თანხმობა, რომ დონორი გახდეს.
შედარებისთვის: ერთი ან ორი წლის წინ ეს რიცხვი სულ რაღაც 10 ან 15 იყო. ახლა კი 10 000-ს აჭარბებს.
ამის მოსმენა მართლაც იმედისმომცემია და მომავლის რწმენას გვმატებს. თუმცა, ვიცით, რომ გულის ტრანსპლანტაცია საოპერაციო ბლოკში არ სრულდება; ეს ხანგრძლივი პროცესია და, მრავალი თვალსაზრისით, ყველაფერი სწორედ ამის შემდეგ იწყება…
ეს ერთიანი, განუყოფელი პროცესია. ღრმად მწამს, რომ გულის წარმატებული გადანერგვა მხოლოდ ერთი ქირურგიული პროცედურა არ არის. ის საოპერაციო ბლოკში არც იწყება და არც მთავრდება.
ცხადია, ჩემთვის, როგორც ქირურგისთვის, საოპერაციო ეტაპი შედარებით მარტივი და უსაფრთხოა. გადანერგვამდე და მის შემდგომ არსებული პერიოდი კი ბევრად უფრო რთულია. რატომ? იმიტომ, რომ გჭირდება ძლიერი მულტიდისციპლინური გუნდი, რათა უზრუნველყო სათანადო წინასაოპერაციო შეფასება, რეციპიენტისა და დონორის ზუსტი შერჩევა.
ასევე აუცილებელია ორი ცალკეული ქირურგიული გუნდი: ერთი ოპერაციას დონორს უკეთებს, მეორე – რეციპიენტს. პროცესი ამითაც არ სრულდება.
მიმაჩნია, რომ ოპერაციის შემდეგ ყველაზე საპასუხისმგებლო ეტაპი იწყება. საჭიროა მაღალკვალიფიციური რეანიმატოლოგები, ექთნები, ჰისტოლოგები, პათოლოგები, თერაპევტები და მომიჯნავე დარგების მრავალი სხვა სპეციალისტი. წარმატებული შედეგის მიღწევა მხოლოდ მათი შეთანხმებული და თავდადებული მუშაობითაა შესაძლებელი.
ხომ ვერ გვეტყვით, როგორ გრძნობს პაციენტი თავს ამჟამად?
ძალიან კარგად არის. როგორც უკვე აღვნიშნე, ოქტომბერში ტრანსპლანტაციიდან ზუსტად ერთი წელი შესრულდება და ის თავს შესანიშნავად გრძნობს.
აღსანიშნავია ისიც, რომ იგი საქართველოს საზღვართან საკმაოდ ახლოს ცხოვრობს.
მადლობა, რომ გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება და სათავე დაუდეთ რაღაც გაცილებით დიდს. იმედი მაქვს, ეს წარმატება შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს არა მხოლოდ აზერბაიჯანში, არამედ მთელ კავკასიის რეგიონში.
დიდი მადლობა. მჯერა, რომ აზერბაიჯანში ჩვენი პირველი ნაბიჯები და გულის გადანერგვის მიმართულებით დაგროვილი გამოცდილება სტიმულს მისცემს ცენტრებს საქართველოში და კავკასიის სხვა ქვეყნებშიც. იმედი მაქვს, ეს ერთჯერად ისტორიულ მომენტად არ დარჩება.

