უკანასკნელმა კვლევამ, რომელიც ჩატარდა ლონდონის კინგს კოლეჯის, ჰამერსმიტის ჰოსპიტალისა და იმპერიალ კოლეჯის მკვლევრების მიერ, შესაძლოა წვლილი შეიტანოს შიზოფრენიის ნეირობიოლოგიური საფუძვლების ახლებურად გააზრებაში. ჟურნალ “Molecular Psychiatry”-ში გამოქვეყნებული კვლევის შედეგები მიუთითებს იმაზე, რომ შიზოფრენიით დაავადებული ადამიანების თავის ტვინში შესაძლოა აღინიშნებოდეს რკინისა და მიელინის დონეების შემცირება, რაც ამ აშლილობის ახალი ბიომარკერების იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა.
შიზოფრენია მძიმე ფსიქიკური აშლილობაა, რომელსაც ახასიათებს ჰალუცინაციები, აზროვნებისა მოშლილობა, დელუზიები, კონცენტრაციის გაძნელება, დეპრესია, ანჰედონია და ავოლიცია. ყოველივე ეს მნიშვნელოვნად აისახება ადამიანის ცხოვრებაზე.
მიუხედავად მრავალი კვლევისა, მისი ბიოლოგიური და ნერვული საფუძვლების სრულად გაგება ჯერ კიდევ მიმდინარეობს. თუმცა, დადგენილია ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორები, როგორიცაა: გენეტიკური წინაპირობები, თავის ტვინის ტრავმები რიგ შემთხვევებში, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების გაზრდილი რისკი და ტვინის გარკვეულ უბნებში თეთრი ნივთიერების ნაკლებობა.
ცნობილია, რომ რკინა მნიშვნელოვანია ტვინის ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის, ხოლო მიელინი ცხიმოვანი გარსია, რომელიც ნერვულ ბოჭკოებს იცავს და ხელს უწყობს ელექტრული სიგნალების გადაცემას.
კვლევის დროს, მეცნიერებმა გამოიკვლიეს სულ 171 ადამიანის ტვინი. მათ შორის იყო 85 პაციენტი, რომლებსაც შიზოფრენიის დიაგნოზი ჰქონდათ დასმული, და 86 ჯანმრთელი მოხალისე (საკონტროლო ჯგუფი). თავის ტვინის კონკრეტულ რეგიონებში რკინისა და მიელინის დონეების შესაფასებლად გამოყენებული იქნა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის (MRI) მეთოდი.
მიღებული ექსპერიმენტული მონაცემების ანალიზმა აჩვენა რკინისა და მიელინის ანომალიები შიზოფრენიის მქონე ინდივიდების ტვინის სპეციფიკურ სტრუქტურებში, მათ შორის კუდიან ბირთვში (caudate), პუტამენსა (putamen) და ფერმკრთალ ბურთში (globus pallidus).
შედეგებმა გამოავლინა მაგნიტური მგრძნობელობის (magnetic susceptibility) დაქვეითება და საშუალო დიფუზიურობის (mean diffusivity) ზრდა. ეს მიგნებები ადასტურებს, რომ შიზოფრენიის დროს თავის ტვინის ამ რეგიონებში ადგილი აქვს რკინისა და მიელინის შემცველობის შემცირებას.
აღმოჩენილი ცვლილებები ყველაზე მეტად გამოხატული იყო ტვინის იმ რეგიონებში, რომლებიც ოლიგოდენდროციტებით არიან მდიდარი. ვინაიდან ცნობილია, რომ ოლიგოდენდროციტები რკინას იყენებენ მიელინის სინთეზისათვის, კვლევის შედეგები მიანიშნებს ოლიგოდენდროციტების დისფუნქციასა და შიზოფრენიის პათოფიზიოლოგიურ მექანიზმებს შორის არსებულ კავშირზე.
აღნიშნული კვლევის შედეგები მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის შემდგომი სამეცნიერო სამუშაოებისთვის, რომელთა მიზანია დადგინდეს რკინისა და მიელინის დეფიციტის პოტენციური როლი შიზოფრენიის სიმპტომატიკის განვითარებაში. სამომავლოდ, მიღებული აღმოჩენები შესაძლოა გამოყენებული იქნას დაავადების ალტერნატიული თერაპიული სტრატეგიების შემუშავებისთვის, რაც გულისხმობს მიელინის რეპარაციის ან რკინის დონის კორექციის მცდელობებს. მეცნიერები ასევე გეგმავენ აღნიშნული ბიომარკერების შეფასებას ბიპოლარული აშლილობის და შიზოფრენიის განვითარების რისკის მქონე ინდივიდებში.
წყარო: Nature

