back to top

დევიდ კესლერი GLP-1 პრეპარატების შესახებ: რჩევები ექიმებსა და პაციენტებს

გააზიარე

დღევანდელობაში უამრავი ადამიანისთვის ჯანსაღი წონის შენარჩუნება არა უბრალოდ ნებისყოფის, არამედ ფსიქოლოგიური დამოკიდებულებისა და გარემოს წინააღმდეგ ბრძოლის საკითხია. დღესდღეობით  არაჯანსაღი და მაღალკალორიული პროდუქტების სიჭარბე სწორი კვებითი ჩვევების შენარჩუნებას ართულებს. ამ ფონზე GLP-1 მედიკამენტების, ოზემპიკისა და ზეპაუნდის, გამოჩენამ სრულიად შეცვალა სიმსუქნესთან ბრძოლის სტრატეგია. თუმცა, იმისთვის, რომ სასურველი შედეგის მიღწევა უსაფრთხო იყოს, აუცილებელია უპირატესობებთან ერთად, მოსალოდნელი რისკებიც გააზრებაც.

FDA-ს (ამერიკის საკვებისა და წამლის ადმინისტრაცია) ყოფილი ხელმძღვანელი, ექიმი დევიდ კესლერი, საუბრობს GLP-1 პრეპარატების პოტენციალზე. ის აღნიშნავს, რომ ამ მედიკამენტებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს გარდაქმნა შეუძლიათ, მაგრამ ამავე დროს მოგვიწოდებს სიფრთხილისკენ, რადგან ჯერ კიდევ ბევრი რამ არის უცნობი მათი ხანგრძლივი გამოყენებისა და რეალური ეფექტურობის შესახებ.

კესლერმა GLP-1 პრეპარატების გავლენა პირველად 2023 წელს საკუთარ თავზე გამოსცადა, როდესაც წამლის მიერ გამოწვეული მადის დაქვეითების გამო, საყვარელი კერძის ბოლომდე მირთმევაც კი გაუჭირდა. ეს პრეპარატები ჰორმონს, გლუკაგონის მსგავს პეპტიდ-1-ს, ბაძავენ. ისინი ამცირებენ საკვებზე მოთხოვნილებას, რადგან გავლენას ახდენენ ტვინის ჯილდოს სისტემასა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სიგნალებზე. 

კესლერი, რომელიც წლების განმავლობაში სწავლობდა სიმსუქნის ბიოლოგიურ საფუძვლებსა და ულტრა-დამუშავებული საკვების მიმართ დამოკიდებულებას, მიიჩნევს, რომ ეს მედიკამენტები ძლიერი ინსტრუმენტია, რომელსაც შეუძლია შეცვალოს მედიცინის მიდგომა არა მხოლოდ წონის მართვისადმი, არამედ ზოგადად მეტაბოლური ჯანმრთელობისადმი.

ის განმარტავს, რომ GLP-1 პრეპარატები მეტაბოლური ცხიმოვანი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება. ვისცერალური (შინაგანი) ცხიმის დაგროვება სასიცოცხლო ორგანოების, მაგალითად, ღვიძლისა და პანკრეასის ირგვლივ, ხშირად იწვევს ინსულინრეზისტენტობას. სწორედ ამ მდგომარეობის გამო ვითარდება შემდგომში დიაბეტი. გარდა ამისა, ამ ტიპის ცხიმი სერიოზულად ზრდის გულ-სისხლძარღვთა, თირკმლისა და მეტაბოლური დაავადებების განვითარების რისკს. ამ ვისცერული ცხიმის შემცირებით, პრეპარატებს შეუძლიათ მნიშვნელოვნად გააუმჯობესონ ორგანოების მდგომარეობა და ქრონიკული დაავადებების მართვით, თავიდან აგვაცილონ ორგანოთა დაზიანება.

ჭარბი წონის უარყოფითი გავლენა ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევითაც დასტურდება, რომლის თანახმადაც,  BMI (სხუელის მასის ინდექსი) 30-35-ს შორის სიცოცხლის ხანგრძლივობას საშუალოდ 3 წლით ამცირებს, ხოლო 35-ზე მაღალი მაჩვენებელი 10 წლამდე ან უფრო მეტითაც. 

კესლერი აღნიშნავს, რომ ჭარბი რაოდენობით საკვების მიღება მხოლოდ ნებისყოფის სიმცირე არ არის. ამის მთავარი მიზეზი დამოკიდებულების გამომწვევი, ულტრა-დამუშავებული საკვებია, რომელიც ტვინის ჯილდოს სისტემის “გადატვირთვისთვის” არის შექმნილი. GLP-1 მედიკამენტები კი ბიოლოგიურ დონეზე თრგუნავენ ამ პროცესებს და ამცირებენ მადას, რითაც სხვა სტრატეგიებთან ერთად მკურნალობის ეფექტურ ფარმაკოლოგიურ საშუალებას ქმნიან.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ეს პრეპარატები მკურნალობის მხოლოდ ერთი-ერთი კომპონენტია. უმეტესობა GLP-1 აგონისტებს 8-9 თვის განმავლობაში იღებს, რის შემდეგაც მათი შეწყვეტა ხშირად წონის აღდგენას იწვევს. ამიტომ, გრძელვადიანი შედეგისთვის, აუცილებელია მედიკამენტების შერწყმა ჯანსაღ კვებასთან, ქცევით თერაპიასა და ფიზიკურ აქტივობასთან, რათა პაციენტებმა საკვებთან და მეტაბოლურ ჯანმრთელობასთან სწორი დამოკიდებულება ჩამოიყალიბონ.

კესლერი ასევე საუბრობს პრეპარატების კუჭ-ნაწლავის მხრივ გვერდით ეფექტებზე, როგორებიცაა გულისრევა და კუჭის დაცლის შეფერხება. მისი აზრით, ეს არ არის მხოლოდ უარყოფითი მოვლენები, არამედ ის მექანიზმებია, რომლებიც პაციენტს ნაკლები საკვების მიღებას აჩვევს. ამიტომ, ის მოუწოდებს სპეციალისტების გუნდს აქტიური ჩართულობისკენ, რათა დოზები ზუსტად იყოს შერჩეული ეფექტურობისა და პაციენტთა ამტანობის შესაბამისად.

სამედიცინო პრაქტიკასა და კვლევებზე საუბრისას, კესლერი აღნიშნავს, რომ პირველადი რგოლის ექიმების უმეტესობას აკლია სიმსუქნისა და მეტაბოლური დაავადებების მართვისთვის საჭირო გამოცდილება. ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სასწრაფოდ გვჭირდება კვლევები, რათა პასუხი გაეცეს კრიტიკულ კითხვებს პრეპარატების გამოყენების შესახებ: რამდენი ხანი უნდა მიიღონ პაციენტებმა ისინი? შეიძლება თუ არა პრეპარატების მიღება ციკლურად, გარკვეული ინტერვალებით? როგორია იდეალური დოზირების პროტოკოლები? ამ მტკიცებულებების გარეშე, ბევრ პაციენტს მაღალი ხარჯების შემდეგ წონის ხელახლა მატების რისკი შეექმნება.

მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, კესლერი ოპტიმისტურად აფასებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის GLP-1 პრეპარატების პოტენციალს. ის მეტაბოლური ცხიმოვანი დაავადების წინააღმდეგ ბრძოლას თამბაქოსთან ბრძოლის ისტორიულ წარმატებას ადარებს. კესლერი სიმსუქნეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის უდიდეს მარცხად მიიჩნევს, ხოლო ამ პრეპარატებს – გარდამტეხ მომენტად, რომელსაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია.

წყარო: Harvard Medicine



გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები