საქართველოს სამედიცინო სპეციალობათა ასოციაციის (GAMS) ორგანიზებით 15 ნოემბერს ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია “ხერხემლის და ზურგის ტვინის დარღვევები – გამოვწვევები”. შეხვედრამ ნათლად აჩვენა რომ დღეისთვის სამეცნიერო ინოვაციები უპირისპირდება პრაქტიკულ სირთულეებს. ამ კლინიკურ პრობლემათა გადაჭრის საუკეთესო გზა კი დიაგნოსტიკური პროცესის მაქსიმალური დახვეწა და მკურნალობის მკაცრად ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებაა.
კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო, რამდენად ეფექტურად შეიძლება დაეხმაროს რეგენერაციული თერაპია (დაზიანებული ქსოვილის აღდგენის მეთოდები) ზურგის ტვინის დაზიანების (SCI) მქონე პაციენტებს.
მკვლევრებმა განსაკუთრებით გაამახვილეს ყურადღება იმაზე, როგორ დავეხმაროთ ტვინსა და ნერვებს ახალი კავშირების შექმნაში, რათა პაციენტებმა უკეთ შეძლონ მოძრაობა და ფუნქციის აღდგენა. როგორ უნდა ვუმკურნალოთ ხანგრძლივ ტკივილსა და სპასტიურობას (კუნთების უნებლიე დაჭიმულობას). ზურგის ტვინის დაზიანების მართვა მომავალში მულტიდისციპლინური მიდგომით მოხდება, რადგან თანამედროვე მედიცინაში ერთდროულად გამოიყენება: ფარმაკოლოგია, კოგნიტიური მეთოდები (ტვინის/ქცევის ტრენინგი) და ნეირომოდულაცია (ელექტრული ან მაგნიტური სტიმულაცია). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კონფერენციამ აჩვენა, რომ ზურგის ტვინის დაზიანების მართვა მომავალში მოხდება ერთობლივად, სადაც ტვინის პლასტიურობა, მედიკამენტები და თანამედროვე ტექნოლოგიები ერთმანეთს შეავსებენ.
მიუხედავად თერაპიული მიდგომების ამგვარი პროგრესისა, ზუტგის ტვინის დაზიანების შედეგების შეფასება კვლავაც რჩება კომპლექსურ ამოცანად, რაც ხშირად იწვევს პროგნოზულ გაურკვევლობას. სწორედ აქ იჩენს თავს სტრუქტურა-ფუნქციის პარადოქსი (SCI): რატომ ეწინააღმდეგება რადიოლოგიური მონაცემები ხშირად კლინიკურ მანიფესტაციას? აღნიშნული შეუსაბამობა გვახსენებს, რომ კლინიკური გადაწყვეტილების მიღება მოითხოვს არაერთგვაროვანი მონაცემების ინტეგრირებულ ანალიზს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ოპტიმალური თერაპიული სტრატეგია.
ამასთან, შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სპინალურ ინსულტებს ახალგაზრდებში – იშვიათი მდგომარეობა, რომლის მართვას ართულებს გაიდლაინებისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მონაცემების სიმწირე. წარმოდგენილი იყო კლინიკური შემთხვევებიც, რომელთა ანალიზმაც გამოავლინა იშვიათი ეტიოლოგიების კრიტიკული როლი დიფერენციალურ დიაგნოზში. ყურადღების მიღმა არ დარჩენილა მიელიტებიც, რომელთა განხილვაც ამჟამად სპექტრული პათოლოგიების სახით ხდება, ნაცვლად ადრე არსებული, მხოლოდ გაფანტულ სკლეროზზე ორიენტირებული, მონოლითური შეხედულებისა.
ბოლო პერიოდში საქართველოში ნეიროდეგენერაციული პათოლოგიების მზარდი ინციდენტობის საკითხმა, განსაკუთრებული აქტუალობა შესძენა ამ ჯგუფის დაავადებებს. ვინაიდან ამ ეტაპზე ამიოტროფული გვერდითი სკლეროზის შეჩერება შეუძლებელია, დისკუსია ფოკუსირებული იყო ადრეულ დიაგნოზზე, მულტიდისციპლინური გუნდის ჩართულობასა და პალიატიური ზრუნვის აუცილებლობაზე. ხაზგასმით აღინიშნა, რომ პაციენტის სიცოცხლის ხარისხის შენარჩუნება მოითხოვს სიმპტომური მართვის სტრატეგიულ დაგეგმვას, რაც გულისხმობს სუნთქვითი, კვებითი და ფსიქოსოციალური მხარდაჭერის ინტეგრირებას.
მრავალი გამოწვევის პარალელურად, ვერ უარვყოფთ მნიშვნელოვან პროგრესს, რაც უკანასკნელ პერიოდში განხორციელდა; ეს წინსვლა ორიენტირებულია იმაზე, რომ მკურნალობა მაქსიმალურად იყოს მორგებული პაციენტის საჭიროებებსა და კომფორტზე. სწორედ ამის დასტურს წარმოადგენდა შიტალ პატელის მოხსენებაც, რომელიც მიასთენია გრავისის მკურნალობის ინოვაციურ გზებს მიეძღვნა, კერძოდ, Immunovant-ის ახალი მედიკამენტის წარდგენას, რომლის მიღებაც პაციენტებს სახლიდან გაუსვლელად, აუტოინექციის გზით შეუძლიათ. ამ მედიკამენტის გამოჩენა მესამე ფაზის კვლევას ემყარება, რომელშიც საქართველოც არის ჩართული, რაც ახლო მომავლში თერაპიული მიდგომების გაუმჯობესებას გვპირდება.

