გულის სრული რუკა ერთ დარტყმაში: რევოლუცია არითმიის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში

გააზიარე

მსოფლიო მასშტაბით, არითმია ყოველ მესამე ზრდასრულ ადამიანს აწუხებს. ის მკვეთრად ზრდის ინსულტის, გულის უკმარისობისა და უეცარი სიკვდილის რისკს. მდგომარეობის სიმძიმეზე მიუთითებს ეკონომიკური ფაქტორიც, ისეთი დარღვევები, როგორიცაა წინაგულების ფიბრილაცია (AF) და პარკუჭოვანი ტაქიკარდია (VT), მხოლოდ ევროპის ჯანდაცვის სექტორს წლიურად 13.5 მილიარდ ევროზე მეტი უჯდება.

მიუხედავად ასეთი მასშტაბებისა, დღეს არსებული თერაპიული მიდგომები კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას. ერთი მხრივ, მედიკამენტოზური მკურნალობა ხშირად ნაკლებეფექტურია და მძიმე გვერდითი მოვლენებით ხასიათდება. მეორე მხრივ, კათეტერული აბლაცია, მკურნალობის შედარებით რადიკალური მეთოდი, ხშირად უძლურია იმ შემთხვევებში, როდესაც არითმიული კერები გულის კედლის ღრმა, ინტრამურალურ შრეებში იმალება. სწორედ ეს დიაგნოსტიკური „უხილავობა“ განაპირობებს იმას, რომ ინვაზიური ჩარევების მიუხედავად, პრობლემის ზუსტი ლოკალიზება ხშირად მაინც ვერ ხერხდება.

ამ გამოწვევის საპასუხოდ, ვალენსიის პოლიტექნიკური უნივერსიტეტისა (UPV) და Corify Care-ის მკვლევრებმა რევოლუციური მეთოდი – გლობალური ვოლუმეტრიული კარტირება შექმნეს. ეს ინოვაცია საშუალებას იძლევა, გულის მხოლოდ ერთი დარტყმით მივიღოთ ოთხივე საკნის სრული, სამგანზომილებიანი გამოსახულება.

Corify Care team

ტექნოლოგიის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ რეალურ დროში აჩვენებს არითმიის გავრცელების იმ გზებს, რომლებიც გულის კედლებსა და ძგიდეებში გადის. ეს სწორედ ის დეტალებია, რომელთა დანახვაც აქამდე არსებული ხელსაწყოებით პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.

ACORYS-ის მუშაობის პრინციპი

ACORYS სისტემის მუშაობის პრინციპი მარტივი და ეფექტურია: პაციენტი იცვამს სპეციალურ, 128-ელექტროდიან ჟილეტს, რომელიც გულის სიგნალებს სხეულის ზედაპირიდან იჭერს. სისტემა ფოტოგრამეტრიისა და მათემატიკური მოდელირების დახმარებით მომენტალურად ქმნის სხეულისა და გულის ინდივიდუალურ 3D მოდელს.

nature
nature
სიმულაციიდან კლინიკურ პრაქტიკამდე

ტექნოლოგიის შესაძლებლობების შესაფასებლად მკვლევრებმა რთული კომპიუტერული მოდელირება გამოიყენეს, რომელმაც უპრეცედენტო სიზუსტე აჩვენა. გულის ძგიდის პათოლოგიების დროს ტრადიციული მეთოდების 30-მილიმეტრიანი ცდომილება ხშირად მცდარი დიაგნოზის მიზეზი ხდება, ახალმა მოცულობითმა მიდგომამ კი ეს მაჩვენებელი ორჯერ შეამცირა.

სიმულაციური წარმატება 50-დან 80 წლამდე ასაკის პაციენტებზე ჩატარებულმა კლინიკურმა კვლევებმაც დაადასტურა. რეალურ პირობებში სისტემამ პარკუჭოვანი ექსტრასისტოლიის კერები უზუსტესად განსაზღვრა და WPW (Wolff parkinson white) სინდრომისთვის დამახასიათებელი იმპულსების გავრცელების „დამატებითი გზები“ ნათლად აჩვენა.

ტექნოლოგია განსაკუთრებით ეფექტური გამტარებლობის დარღვევების, მაგალითად LBBB (ჰისის კონის მარცხენა ფეხის ბლოკადის)-ის მართვისას აღმოჩნდა. სისტემის მიერ შექმნილი 3D ვიზუალიზაციით ექიმებმა „უმართავი“ რიტმი ზუსტად დაინახეს, რამაც კარდიული რესინქრონიზაციული თერაპიის (CRT) იდეალური დაგეგმვა შესაძლებელი გახადა.

გარდა ამისა, სისტემამ ინფარქტის შემდგომი ნაწიბუროვანი ქსოვილი წარმატებით განსაზღვრა. ვინაიდან ნაწიბური იმპულსს არ ატარებს, მისი ლოკალიზაციის ცოდნა დიაგნოსტიკისა და პერსონალიზებული მკურნალობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

ამ ტექნოლოგიური გარღვევის დეტალებში უკეთ გასარკვევად, Medscriptum ვალენსიის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევარსა და Corify Care-ის აღმასრულებელ დირექტორს, ანდრეუ კლიმენტს დაუკავშირდა.

რა იყო გულის ელექტროფიზიოლოგიის სფეროში ის მთავარი გამოწვევები, რომლებმაც ACORYS-ის მოცულობითი კარტირების ტექნოლოგიის შექმნა შთაგაგონათ?

ათწლეულების განმავლობაში გულის არითმიის მკურნალობა ჰგავდა მცდელობას, ბნელ საფეხბურთო სტადიონზე მიმდინარე მოვლენებს მხოლოდ პატარა ფანრით დავკვირვებოდით. ექიმები კათეტერს გულის კედელს წერტილოვნად ახებდნენ, რაც მათ მხოლოდ ლოკალური დეტალების დანახვის საშუალებას აძლევდა, თუმცა პროცესის საერთო სურათი მაინც ბუნდოვანი რჩებოდა.

ჩვენი მთავარი შთაგონება სწორედ ამ „სტადიონზე შუქის ჩართვა“ და „ბრმა“ მკურნალობის პრაქტიკის დასრულება იყო. მთავარ გამოწვევას ფრაგმენტული დაკვირვებიდან გულის გლობალურ ხედვაზე გადასვლა წარმოადგენდა, რაც ექიმს საოპერაციოში მკაფიო “რუკით” შესვლის შესაძლებლობას მისცემდა. ჩვენ ამ მიდგომას „კლინიკურ სიცხადეს“ ვუწოდებთ.

შეგიძლიათ აგვიხსნათ, როგორ ახერხებს სისტემა გულის სრულყოფილი რუკის შექმნას მხოლოდ სპეციალური ჟილეტის რამდენიმეწუთიანი გამოყენებით?

ეს პროცესი შეგიძლიათ რეალურ დროში გულის პერსონალიზებული „Google Maps“-ის შექმნად წარმოიდგინოთ. პროცედურა სრულიად არაინვაზიურია: პაციენტი სენსორებიან ჟილეტს იცვამს, რომელიც სტანდარტულ ეკგ-ს ჰგავს, თუმცა ბევრად უფრო ყოვლისმომცველ მონაცემებს აგროვებს.

ეს ჟილეტი გულის ელექტრულ სიგნალებს პირდაპირ კანის ზედაპირიდან აღიქვამს. ჩვენი ტექნოლოგია ამ მონაცემებს 10 წუთზე ნაკლებ დროში ამუშავებს და მაღალი გარჩევადობის 3D გამოსახულებად თარგმნის. სისტემის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მხოლოდ გულის „ფასადით“ არ ვკმაყოფილდებით; ჩვენ კედლების სიღრმეში შეხედვა და არითმიის ზუსტი წყაროს იდენტიფიცირება მხოლოდ ერთ გულის დარტყმაში შეგვიძლია. ფაქტობრივად, ეს არის სტატიკური ფოტოდან ელექტრული აქტივობის სრულ „სატელიტურ ხედვაზე“ გადასვლა.

რა არის ამჟამინდელი შეზღუდვები, მაგალითად, სხეულის მასის ინდექსის (BMI) გავლენა სიგნალზე ან პარკუჭოვანი ტაქიკარდიის (VT) მაღალი სიჩქარე, და რა გზებით გეგმავთ გეომეტრიული სიზუსტის შენარჩუნებას CT/MRI მონაცემების გარეშე?

ჩვენი დამოკიდებულება მეცნიერული ფაქტების მიმართ სრულიად გამჭვირვალე და ობიექტურია: ვიზუალიზაციის ნებისმიერი ტექნოლოგიის მსგავსად, გარკვეულ სიტუაციებში სიგნალი შეიძლება შედარებით სუსტი აღმოჩნდეს. თუმცა, ჩვენი სისტემა „ჭკვიანური“ ალგორითმებით არის აღჭურვილი, რაც ექიმს მონაცემთა ხარისხის შესახებ წინასწარ აფრთხილებს და მაღალ დიაგნოსტიკურ სიზუსტეს ყოველთვის უზრუნველყოფს.

საინტერესოა ის გარემოება, რომ ადრინდელი გამოწვევები დღეს ჩვენს მთავარ უპირატესობად იქცა. მაგალითად, ძალიან სწრაფი და არასტაბილური ტაქიკარდიების (VT) დროს, როდესაც ტრადიციული კათეტერები რუკის დასახატად საჭირო დროის დეფიციტის გამო ვერ მუშაობენ, ჩვენი სისტემა გადამწყვეტ როლს ასრულებს. ვინაიდან სრული სურათის მისაღებად მხოლოდ ერთი დარტყმა გვჭირდება, ჩვენ იმ არითმიების დაფიქსირება შეგვიძლია, რომელთა კარტირებაც აქამდე შეუძლებლად მიიჩნეოდა. გარდა ამისა, აქტიურად ვმუშაობთ ხელოვნურ ინტელექტზე (AI), რომელიც პაციენტის გულის უნიკალურ ფორმას ავტომატურად ამოიცნობს, რაც უახლოეს მომავალში წინასწარი კომპიუტერული ტომოგრაფიის (CT) საჭიროებას საერთოდ გამორიცხავს.

50-დან 80 წლამდე ასაკის პაციენტებში წარმატებული კლინიკური ვალიდაციის შემდეგ, რა ვადებში გეგმავთ კვლევების გაფართოებას, FDA-ს ავტორიზაციის მოპოვებასა და სისტემის CRT/კარდიოსტიმულატორებთან ინტეგრაციას?

ჩვენ ახლა განვითარების იმ ეტაპზე ვიმყოფებით, რომელსაც პირობითად ჩვენს „Prime Time“-ს ვუწოდებთ. მას შემდეგ, რაც ტექნოლოგია 2500-ზე მეტ პაციენტში წარმატებით დავადასტურეთ და კვლევის შედეგები ავტორიტეტულ ჟურნალში, Nature Communications Medicine-ში გამოვაქვეყნეთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კარდიოლოგიის “უმაღლეს ლიგაში” გადავედით.

ამჟამად FDA-სთან განხილვის აქტიურ ფაზაში ვართ, რაც 2026 წლის განმავლობაში აშშ-ის ბაზარზე შესვლის შესაძლებლობას მოგვცემს. პარალელურად, ჩვენს ერთ-ერთ პრიორიტეტს კარდიოსტიმულატორების (CRT თერაპია) დახვეწა წარმოადგენს. ეს ინოვაცია ექიმს საშუალებას მისცემს, მყისიერად დაინახოს გულის რეაქცია მოწყობილობაზე, რაც აპარატის სრულყოფილი გულისცემისთვის ზუსტ რეგულირებას უზრუნველყოფს.

თქვენი ხედვით, საით მივყავართ ამ ყველაფერს, გახდება თუ არა ACORYS ელექტროფიზიოლოგიის ახალი სტანდარტი? ასევე, რა რჩევას მისცემდით პროფესიონალებს, რომლებიც ამ ტექნოლოგიის პრაქტიკაში გამოყენებით არიან დაინტერესებულნი?

ისევე როგორც თავის დროზე კომპიუტერულმა და მაგნიტურ-რეზონანსულმა ტომოგრაფიამ სხეულის ფიზიკური სტრუქტურის ჩვენებით მედიცინაში რევოლუცია მოახდინა, Corify-ს სისტემაც გულის „ელექტრული ვიზუალიზაციისთვის“ შეიქმნა.

ჩვენ ნამდვილი პარადიგმის ცვლილების მოწმენი ვართ: პირველად ისტორიაში, მთელი გულის კარტირება 4D ფორმატში (სივრცე და დრო) ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შეგვიძლია. გენერირებული მონაცემების მოცულობა იმდენად დიდია, რომ ადამიანისთვის თითოეული გულისცემისა და სიგნალის ხელით ანალიზი პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება. სწორედ ამ პროცესში თამაშობს სასიცოცხლო როლს ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ექიმის ჩანაცვლებას კი არ ისახავს მიზნად, არამედ მის მოწინავე ასისტენტად გვევლინება. AI კლინიცისტებს იმის დანახვაში ეხმარება, რაც აქამდე ადამიანის თვალისთვის უხილავი იყო.

ხელოვნური ინტელექტი მასიურ მონაცემებს ფილტრავს და მხოლოდ კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის, რითაც კლინიკური გუნდის მუშაობის ეფექტურობას საგრძნობლად ზრდის. ჩვენი საბოლოო მიზანი სამედიცინო პერსონალის გაძლიერებაა, რათა სრულყოფილი ინფორმაციით აღჭურვილმა ექიმებმა თითოეული პაციენტისთვის ყველაზე ადეკვატური გადაწყვეტილების მიღება შეძლონ.

მომავალი მომხმარებლებისთვის ჩემი რჩევა შემდეგია: ამ ტექნოლოგიას ნუ შეხედავთ, როგორც უბრალოდ ახალ ინსტრუმენტს, არამედ აღიქვით ის, როგორც სიცხადის ახალი სტანდარტი. ისევე როგორც დღეს ქირურგისთვის ოპერაცია წინასწარი CT სკანირების გარეშე წარმოუდგენელია, მალე არითმიის მკურნალობაც გულის ელექტრული აქტივობის წინასწარი ხედვის გარეშე სრულიად დაუჯერებელი გახდება. დადგა დრო, რომ სამუშაო პროცესში ვარაუდები მყარი მტკიცებულებებით ჩავანაცვლოთ.

წყარო: nature



გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები