14–15 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა კონფერენცია „გადაუდებელი მედიცინისა და ინტენსიური თერაპიის თანამედროვე საკითხები“. ღონისძიების ერთ-ერთ გამორჩეულ და საპატიო სტუმარს წარმოადგენდა კრიტიკული მედიცინის, გადაუდებული და ინტენსიური თერაპიის, შოკისა და სეფსისის მსოფლიო ფედერაციების პრეზიდენტი, ბარონი ჟან-ლუი ვინსენტი. პროფესორი ვინსენტი არის აღნიშნულ დარგებში საერთაშორისო გაიდლაინებისა და კლინიკური პროტოკოლების ავტორი, რომელთა იმპლემენტაცია დღეს მსოფლიო მასშტაბით ხორცელდება.
კონფერენციამ მოიცვა კარდიორესპირატორული სისტემის მწვავე უკმარისობის მართვის თანამედროვე მიდგომები, მწვავე ინფექციებისა და შოკის მართვის განახლებული რეკომენდაციები. სწორედ სეფსისისა და შოკური მდგომარეობების მართვის ახალი გაიდლაინები წარადგინა ბატონმა ვინსენტმა, სადაც ასევე ისაუბრა კრიტიკული პაციენტების მართვის თანამედროვე კონცეფციებზე, მათ შორის სითხით დატვირთვის სტრატეგიებზე და ახალ ხედვებზე.
მედსკრიპტუმმა ბარონ ჟან-ლუი ვინსენტთან ჩაწერა ინტერვიუ, რომელშიც მან ისაუბრა სწრაფი რეაგირების ჯგუფების ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე, პერსონალიზებული მედიცინის განვითარების პერსპექტივებსა და ხელოვნური ინტელექტის მზარდ როლზე თანამედროვე კლინიკურ პრაქტიკაში.
როგორ ეხმარება პალატებში პაციენტების შეფასებისთვის სწრაფი რეაგირების ჯგუფების შექმნა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოთავსების თავიდან აცილებას?
სწრაფი რეაგირების ჯგუფის ჩამოყალიბება პაციენტის მძიმე კლინიკური მდგომარეობის ამოსაცნობად ვფირობ, ძალიან საჭიროა. ასეთ დროს გუნდი აფასებს პაციენტს და შეუძლიათ დროულად ამოიცნონ მწვავედ გაუარესებული პაციენტები და დაეხმარონ მათ. ეს შეამცირებს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში პაციენტების მოთავსების ალბათობას. სწრაფი რეაგირების ჯგუფები საჭიროა, რადგან პალატებში მომუშავე მედპერსონალი არ ფლობს საკმარის გამოცდილებასა და ცოდნას, რათა გაუმკვლავდნენ კრიტიკულ მდგომარეობებს. სწორედ ამიტომ, მათ სჭირდებათ დახმარება სპეციალისტებისგან. სწრაფი რეაგირების ჯგუფის გამოძახება პალატის ექიმებს სატელეფონო ზარით ან სპეციალური ღილაკებით უნდა შეეძლოთ. ასეთ დროს ჯგუფი მივა ადგილზე და დაეხმარება პალატის ექიმს პაციენტის მართვაში. კიდევ უფრო გრძელვადიანი პერსპექტივაა რომ ეს ყველაფერი მოხდეს ავტომატურად, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით. წარმოსახვაში ეს პროცესი ასე გამოიყურება: ყველა პაციენტის სასიცოცხლო მონაცემი იქნება ერთ დიდ მონიტორზე გამოტანილი და მუდმივად გაკონტროლებული. როდესაც კონკრეტული პაციენტის სასიცოცხლო მონაცემები მკვეთრად შეიცვლება, ამას ხელოვნური ინტელექტი ამოიცნობს და ავტომატურად მოხდება საჭიროების შემთხვევაში სიგნალის ჩართვა და სწრაფი რეაგირების ჯგუფი გამოძახება, ადამიანის ჩარევის გარეშე. ეს მომავლის ხედვაა, რომელიც ვფიქრობ შეამცირებს იმ რეაგირების დროს რომელიც ადამიანური ფაქტორებით და დატვირთული მედპერსონალის გამო, ზოგჯერ არასაკმარად სწრაფია.
რა სარგებელი აქვს პერსონალიზებულ მედიცინას და როგორ შეიძლება მისი ინტეგრირება კლინიკურ პრაქტიკაში ისე, რომ უსაფრთხოება და პროტოკოლებთან ბალანსი შენარჩუნდეს?
მე არ ვემხრობი პროტოკოლიზებულ მკურნალობას. ეს ძალიან ამერიკული კონცეფციაა, რადგან მათ აკლიათ სპეციალიზებული ექიმები და უნდათ, რომ ყველაფერი ექთნებმა აკეთონ და მართონ. ამიტომ, მათთვის ყველაფერი უნდა იყოს პროტოკოლიზებული . რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანა და სამედიცინო დაწესებულება იყენებს პროტოკოლებს, მარტივი და სტანდარტიზდებადი კლინიკური მდგომარეობებისთვის, მაგრამ კომპლექსური საკითხები, როგორიცაა სეფსისის მენეჯმენტი, რესპირაციული დისტრესი, აქ შეუძლებელია ერთი იდეალური პროტოკოლის შექმნა, რომელიც ყველა პაციეტნზე იქნება მორგებული. ასეთი კომპლექსური მდგომარეობების მართვა ინდივიდუალურია და საჭროებს პერსონალიზებულ მედიცინას, რადგან ყველა პაციენს აქვს საკუთარი ისტორია, პრობლემა, რომლის შესაბამისადაც ექიმებმა უნდა შექმნან ინდივიდუალური თერაპიის გეგმა. სწორედ ინდივიდუალიზაციაში დაგვეხმარება სამომავლოდ ხელოვნური ინტელექტი. ჩვენ ნელ ნელა მივდივართ ამ მიმართულებით და არა პროტოკოლიზებული მედიცინისკენ, სადაც პრტოკოლი მხოლოდ ერთია ყველასთვის.
ბოლო წლებში რომელი პროტოკოლის ან სამედიცინო ხედვის ცვლილება იყო ყველაზე მნიშნველოვანი, რომელმაც დიდი გავლენა იქონია მწვავე მედიცინასა და ინტენსიურ თერაპიაზე?
ეს პერსონალიზებული მედიცინისკენ სწრაფვაა, რომელსაც ნელ-ნელა ვუბრუნდებით. ის ყოველთვის არსებობდა, მაგრამ რამდენიმე წლის წინ დიდი აქცენტი გაკეთდა პროტოკოლიზებულ მკურნალობაზე, ყველაფერი ერთ ჩარჩოში მოექცა და აიწყო ხელოვნური ინტელექტის გარეშე. ეს სისტემა დღეს აღარ მუშაობს. ამიტომ ახალი აქცენტები დღეს მკურნალობის პერსონალიზებაზე კეთდება, რადგან ყველა სიმპტომური პაციენტი განსხვავებულია სხვებისგან. მაგალითად სეფსისი ძალიან ჰეტეროგენულია. შეიძლება თანაარსებობდეს მრავალი ძირითადი პრობლემა, რაც სეფსისს იწვევს და მკურნალობამ უნდა გაითვალისწინოს თითოეული მათგანი, რომლისგანაც სეფსისი ვითარდება. ასეთ დროს ჩვენ პერსონალიზებულ მედიცინას ვუბრუნდებით. პაციენტზე მორგებული მედიცინის მაგალითად შეგვიძლია გამოვიყენოთ სითხით დატვირთვა. სითხის მიღება არ ნიშნავს მხოლოდ 1 ან 2 ლიტრის მიცემას და მორჩა. ეს ასე არ არის, ზოგი პაციენტსთვის შეიძლება ორი ლიტრი სითხე ზედმეტი აღმოჩნდეს და სითხით გადაიტვირთოს, ზოგი პაციენტისთვის შეიძლება ორ ლიტრზე მეტი ინტრავენური სითხე საკმარისი არ აღმოჩნდეს. სწორედ ასეთი შემთხვევების გამო ფორმულაზე და პროტოკოლზე მიყოლა შეუძლებელი და არასწორია, ეს არ მუშაობს.
რა როლი აქვს ხელოვნური ინტელექტისა და ტელემედიცინის ინტეგრაციას ყოველდღიურად მედიცინაში?
ხელოვნურ ინტელექტი და ტელემედიცინა უფრო სწრაფად ააქტიურებს ყველაფერს, ამიტომ ამ სისტემების გამოყენება ტექნოლოგიების ერაში დროის მოგებაა. მათ შეუძლიათ უფრო სწრაფად ინტეგრირდნენ მედიცინის სხვადასხვა დარგში. მიუხედავად იმისა, რომ იმპლემენტაცია საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, ის ასევე ზოგავს გარკვეულ ხარჯებს, რადგან პაციენტებს ხშირად სჭირდებათ დიდი დროით განთავსება კლინიკაში. ხელოვნურ ინტელექტს და ტელემედიცინას შეუძლია შეამციროს პაციენტის კლინიკაში დაყოვნების პერიოდი, პაციენტები უფრო დროულად და ეფექტურად იმკურნალებენ, შემდეგ გაეწერებიან ბინაზე. ეს დიდი სარგებელია კლინიკისთვის, რადგან პაციენტის ზედმეტად დაყოვნება გართულებულ სამედიცინო მდგომარეობებთანაა დაკავშირებული, ასეთი პაციენტების მკურნალობა უფრო ძვირი ჯდება. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა ეხება როგორც მაღალი, ასევე საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებსაც. მართალია, კლინიკას მოუწევს დიდი თანხის ინვესტირება ტექნოლოგიაში, თუმცა ეს შეამცირებს დანახარჯს უშუალოდ მედპერსონალზე. ამიტომ ვფიქრობ, ეს გლობალურად შეამცირებს ჯანდაცვის ხარჯებს და წარმატებული სამომავლო ინვესტიცია იქნება. ხელოვნური ინტელექტი ასევე დაეხმარება ექიმს დროული გადაწყვეტილების მიღებაში და კრიტიკული პაციენტის მართვაში.
რა გზებით შეიძლება ინვაზიურობის მინიმუმამდე დაყვანა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და რომელია ბოლო დროს ძირითადი მიღწევები, რომლებიც ხელს უწყობს კრიტიკული პაციენტების ნაკლებად ინვაზიურ მართვას?
სამწუხაროა, რომ შეუძლებელია ინვაზიური მეთოდების სრულიად ამოღება, რადგან კრიტიკული პაციენტების მართვა საკმაოდ კომპლექსური პროცესია. თუმცა, დღეს მედიცინაში არსებობს ნაკლებად ინვაზიური მიდგომები, მაგალითად როგორიცაა ექსტრაკორპორეალური მემბრანული ოქსიგენაცია(ECMO). მისი დახმარებით შესაძლებელია ენდოტრაქეალური ინტუბაციის თავიდან არიდება რესპირატორული უკმარისობის პაციენტებში. ECMO ნაკლებად ინვაზიური და დამზოგველი მეთოდია, რადგან ამ ტექნიკის გამოყენებით შესაძლებელია პაციეტნს თავიდან ავარიდოთ მედიკამენტოზური სედაცია.
თქვენი აზრით, რა არის დღეს კრიტიკული მედიცინის ყველაზე აქტუალური, პასუხგაუცემელი საკითხები, რომელსაც მეტი კვლევა ჭირდება?
კრიტიკული მედიცინის დღევანდელ აქტუალურ გამოწვევას წარმოადგენს პაციენტის ძირითადი პათოფიზიოლოგიური პროცესის საფუძველზე უფრო ეფექტური და მიზნობრივი თერაპიული ჩარევების პოვნა. მაგალითად, თუ პათოლოგიას გადაჭარბებული ანთებითი პასუხი განაპირობებს, შესაძლოა ანთების საწინააღმდეგო სტრატეგიების კვლევა და თერაპიულ მიდგომების შერჩევა. ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტს აქვს შეძენილი იმუნოსუპრესია, საჭირო ხდება იმუნური სისტემის სტიმულირება და შესაბამისი იმუნომოდულაციური მიდგომების გამოყენება. ამგვარი დიფერენცირებული სტრატეგიების შესაქმნელად აუცილებელია უფრო ღრმა და მასშტაბური კვლევები, რომლებიც გაამყარებს თერაპიის მეცნიერულ საფუძველს. შესაბამისად, თანამედროვე მედიცინაში, განსაკუთრებით კრიტიკულ მედიცინაში, კვლევების ინტენსიური ჩატარება წარმოადგენს კლინიკური პროგრესისა და უფრო პერსონალიზებული მკურნალობის განვითარების მთავარ წინაპირობას.
წყარო:

