თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა საერთაშორისო კოფნერენციას უმასპინძლა გადაუდებელი მედიცინისა და ინტენსიური თერაპიის თანამედროვე საკითხების შესახებ

გააზიარე

14-15 ნეომბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია – „გადაუდებელი მედიცინასა და ინტენსიური თერაპიის თანამედროვე საკითხები“, რომლის ფარგლებშიც განხილული იყო დღესდღეისობით აღნიშნულ დარგში მნიშვნელოვანი აქტუალური საკითხები და გამოწვევები.  კონფერენციაზე მოწვეული იყვნენ ამ დარგში მოღვაწე საერთაშორისო, ცნობადი, მაღალრეიტინგული მეცნიერები, სპეციალისტები, ექსპერტები და კლინიცისტები. კონფერენციის ფარგლებში ქართველ და უცხოელ სპეციალისტებს შორის მოხდა  უახლესი ცოდნის, გამოცდილების და ინოვაციური მიდგომების გაზიარება. კონფერენციის საპატიო სტუმრებს შორის იყო ბარონ ჟან-ლუის ვინსენტი, რომელიც არის კრიტიკული მედიცინის, გადაუდებელი და ინტენსიური თერაპიის, შოკის, სეფსისის მსოფლიო ფედერაციების პრეზიდენტი. იგი არის ზემოაღნიშნულ დარგებში გაიდლაინების და პროტოკოლების ავტორი, რომელთა იმპლემენტაცია ხდება მსოფლიო მასშტაბით.

საერთაშორისო ფორუმის გასხნას დაესწრნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენლები, რომლებმაც თავიანთ გამოსვლებში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ გადაუდებელი მედიცინისა და ინტენსიური თერაპიის, როგორც მედიცინის უმნიშვნელოვანესი დარგის განვითარება პირდაპირ აისახება ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის განვითარებაზე.

კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტი კლინიკის გენერალური დირექტორი, პროფესორი ლევან რატიანი და თსსუ-ის კლინიკური ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ლუიზა გაბუნია.

ლევან რატიანმა ღონისძიების ფარგლებში აღნიშნა, რომ პირველად ჩვენს ქვეყანაში ჩამოვიდა კრიტიკული მედიცინის მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი- პროფესორი, ჟან-ლუის ვისნენტი. მიზნად გვაქვს მასთან თანამშრომლობის მემომრანდუმის გაფორმება, რომლის ფარგლებში განხორციელდება ახალგაზრდა ექიმების გაცვლითი პროგრამების, ასევე, სადოქტორო პროგრამების მხარდაჭერა, განხორციელება და ახალი სამეცნიერი პროექტემების დაგეგმვა“.

კონფერენცია მოიცავდა სამ თემატურ სესიას, რომელშიც განხილული იყო: კარდიორესპორაციული სისტემის მწვავე უკმარისობის მართვა, მწვავე ინფექციების და შოკის მართვის თანამედროვე ასპექტები ინტენსიურ თერაპიაში. ასევე კონფერენციის ფარგლებში გაიმართა მასტერკლასი თემაზე: გაერთიანებული სამეფოს სამედიცინო განათლება ინტენსიურ/მწვავე/ზოგად მედიცინაში და სამედიცინო სპეციალობების სპეციფიკა.

კონფერენციაზე მოწვეულმა სპიკერებმა განიხილეს თანამედროვე ინტენსიური თერაპიის რამდენიმე უმნიშვნელოვანესი საკითხი, მათ შორის მწვავე რესპირატორული დისტრეს-სინდრომის მართვა, მექანიკურად ვენტილირებულ პაციენტებში სედაციის თავიდან არიდების მნიშნველობა და შოკური მდგომარეობების ჰემოდინამიკური მართვის თანამედროვე მიდგომები. პროფესორმა კნუტ ტაქსბრომ, შვედეთის ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის მედიცინის კონსულტანტმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მექანიკურად ვენტილირებულ პაციენტებში  სედაციის მნიშვნელობაზე. მისი თქმით, ბოლო წლების მტკიცებულებები მიუთითებს, რომ პაციენტებში სედაციის თავიდან აცილება მნიშვნელოვნად აჩქარებს რეაბილიტაციას და ამაღლებს გამოჯანმრთელების მაჩვენებლებს. მან, ასევე, ხაზი გაუსვა პაციენტის ფსიქოემოციური მდგომარეობის როლს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტი სედაციის გარეშე იმყოფება ხელოვნურ ვენტილაციაზე. პროფესორმა მის მოხსენებში ყურადღება გაამახვილა  ინტენსიური თერაპიის ექთნების მნიშნველოვან წვლილზე პაციენტების მოვლასა და რეაბილიტაციაში.

კონფერენციის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი შეეხებოდა დიდ ბრიტანეთში მწვავე მედიცინის სტრუქტურასა და სპეციფიკას. ამ საკითხზე ვრცელი მიმოხილვა წარმოადგინა ეკატერინე ნანდოშვილმა, რომელიც ეპსომის და სენტ-ჰელიერის საუნივერსიტეტო საავადმყოფოებში მწვავე მედიცინის უფროსი სპეციალისტია. მისი გამოსვლა შეეხებოდა როგორც სისტემურ მოდელებს ლონდონის კლინიკებში, ასევე, სტრუქტურულ და ორგანიზაციულ საკითხებს.

შოკური მდგომარეობების ჰემოდინამიკის მართვის თანამედრვე გაიდლაინები კონფერენციაზე წარადგინა ჟან-ლუის ვინსენტმა. ახალი რეკომენდაციები აზუსტებს ვაზოპრესორების დროული გამოყენების მნიშვნელობას სეპტიური შოკის დროს, განსაკუთრებით კი ორგანოთა და ქსოვილთა პერფუზიის გასაუმჯობესებლად. პროფესორ ჟან-ლუის ვინსენტმა ხაზი გაუსვა, რომ სითხეებით თერაპია/ინფუზია უნდა იყოს მკაცრად პერსონალიზებული და მორგებული თითოეულ ინდივიდუალურ პაციენტზე, რადგან თითოეულ პაციენტს განსხვავებული ჰემოდინამიკური პროფილი და „ფიზიოლოგიური“ არტერიული წნევის დიაპაზონი აქვს. მან აღნიშნა, რომ თანამედროვე ინტენსიური თერაპიის ერთ-ერთი გავრცელებული პრობლემა გადაჭარბებული სითხით დატვირთვაა. ამიტომ, სითხის გადასხმა საჭიროა შეფასდეს პაციენტის ანამნეზის, რეაქტიულობისა და ჰიპერტენზიის ისტორიის გათვალისწინებით. არაჰიპერტენზიული და ჰიპერტენზიული პაციენტების მიზნობრივი თერაპია ინტენსიურ მედიცინაში ხშირად არ ემთხვევა  და ეს განსხვავება მკურნალობის დაგეგმვაში აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული.

ლუიზა გაბუნია

მედსკრიპტუმი ესაუბრა თსსუ-ის კლინიკური ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, პროფესორს, ლუიზა გაბუნიას. ქალბატონი ლუიზა საუბრობს საერთაშორისო კონფერნეციების როლზე მედიცინასა და ჯანდაცვის სექტორში, და სიახლეებზე მწვავე რესპირატორული დისტრეს-სინდრომის მართვაში:

რა მნიშნველობას ატარებს მსგავსი ტიპის კონფერენციები გადაუდებელი მედიცინისა და ინტენსიური თერაპიის დარგში, როგორ აისახება ფართო მასშტაბით ჯანდაცვის სისტემის განვითარებაზე ეს ყოველივე?

გადაუდებელი მედიცინა და ინტენსიური თერაპია მედიცინის ის უმნიშვნელოვანესი დარგია, რომელშიც მოღვაწე ექიმები და სამედიცინო პერსონალი ყოველდღე იბრძვიან პაციენტების სიცოცხლის გადასარჩენად. თითოეული გადარჩენილი სიცოცხლე ქვეყნისათვის მეტად ღირებული და მნიშვნელოვანი საქმეა. ეს უშუალოდ აისახება ქვეყნის სიკვდილობის მაჩვენებელზე. მსგავსი საერთაშორისო შეხვედრების და კონფერენციების ორგანიზება და ჩატარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიაა საქართველოს ჯანდაცვის სისტემის საერთაშორისო ინტეგრირების მიმართულებით, სამეცნიერო, აკადემიური პოტენციალის, პროდუქტიულობის და ცნობადობის გაზრდის თვალსაზრისებით.

რომელი ძირითადი სიხლეები იქნა განხილული კონფერნეციაზე და ხომ არ იგეგმება საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების შემდეგ ცვლილებები გადაუდებელი მედიცინისა და ინტენსიური თერაპიის დარგში?

ნებისმიერი სამეცნიერო, საგანმანათლებლო შეხვედრა, კონფერენცია იქნება თუ კონგრესი, დაკავშირებულია უახლესი კვლევების შედეგების, მტკიცებულებების, ახალი ცოდნის და გამოცდილების გაზიარებასთან. ამას მივყავართ საუკეთესო კლინიკური პრაქტიკის დანერგვისკენ. საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც გაიმართა 14-15 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, სწორედ ზემოაღნიშნულ დარგში სხვადასხვა პრობლემატური საკითხების და გამოწვევების გადაჭრის გზებს ემსახურებოდა. მით უფრო, რომ კონფერენციის საპატიო საერთაშორისო სტუმრები სწორედ გადაუდებელ მედიცინასა და ინტენსიურ თერაპიაში მსოფლიოში ცნობილი, მაღალრეიტინგული მეცნიერები, მკვლევარები და კლინიცისტები იყვნენ. მათ შორის იყო ბარონ ჟან-ლუის ვისნეტი, რომელიც არის ბრიუსელის თაავისუფალი უნივერსიტეტის ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სეფსის, შოკის, გადაუდებელი მედიცინისა და ინტენსიური თერაპიის მსოფლიო ფედერეციების პეზიდენტი. მან კონფერენციის ფარგლებში პირველად გაახმოვანა უახლესი გაიდლაინები კრიტიკულ მდიცინაში, რაც ძალიან საამაყო და საყურდღებოა.

რა სიახლეებია მწვავე რესპირატორული დისტრესსინდრომის მართვში?

ჩემი მოხსენება გახლდათ მწვავე რესპირატორული დისტრეს-სინდრომის მართვის თანამედროვე საკითხები. ეს რესპირატორული სისტემის ის პათოლოგიაა, რომლის ეფექტიანი მართვა დღესაც კი საკამათოა და კვლევის საგანს წარმოადგენს. მაგრამ, როგორც მაღალი ხარისხის მტკიცებულებები იუწყება, მის მართვაში განასაკუთრებული ადგილი უჭირავს პერსონალიზებულ მედიცინას, ფენოტიპსა და ენდოტიპზე მორგებული მიზნობრივ თერაპიას სხვა დამხმარე და სიმპტომურ საშუალებებთან ერთად. ასეთი პრეპარატებია სტეროიდები, სტატინები, ანტიკოაგულანტები და ვიტამინები, მათ შორის “დ” ვიტამინი.

ღონისძიების შემდეგ თსსუ-მ ვიზიტორი პროფესორის სტატუსი მიანიჭა ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, გადაუდებელი მედიცინისა და ინტენსიური თერაპიის მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტს, პროფესორ ჟან-ლუის ვინსენტს და ეპისომისა და სენტ-ჰელიერის საუნივერსიტეტო კლინიკების (ლოდნონი, გაერთიანებული სამეფო) კლინიკურ დირექტორს, პროფესორ მარკ სატონ-სმიტს.

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები