კვლევა: ბავშვობაში შაქრის შეზღუდვა ზრდასრულობისას გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს ამცირებს

გააზიარე

ახალმა კვლევამ, რომელიც გამოქვეყნდა The BMJ-ში, დაადგინა, რომ სიცოცხლის პირველ 1000 დღეში (ჩასახვიდან დაახლოებით 2 წლამდე) შაქრის შეზღუდული მოხმარება კავშირშია ზრდასრულ ასაკში გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის მნიშვნელოვან შემცირებასთან.

კვლევა უნიკალურ ბუნებრივი ექსპერიმენტის მეთოდს იყენებს. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში, დიდ ბრიტანეთში 1953 წლის სექტემბრამდე მოქმედებდა შაქრის რაციონირების სისტემა. ეს ნიშნავდა, რომ მოსახლეობისთვის, მათ შორის ორსული ქალებისა და მცირეწლოვანი ბავშვებისთვის, შაქრის დღიური მოხმარება მკაცრად იყო შეზღუდული (დღეში 40 გრამზე ნაკლები). რაციონირების დასრულების შემდეგ შაქრის მოხმარება გაორმაგდა.

მეცნიერებმა გააანალიზეს ათობით ათასი იმ ზრდასრული ადამიანის მონაცემები, რომლებიც დაიბადნენ რაციონირების დასრულებამდე უშუალოდ, ან მის შემდეგ. ამგვარად, მათ შეძლეს შეედარებინათ ორი თითქმის იდენტური ჯგუფი: ერთი, რომელიც ცხოვრების კრიტიკულ, ადრეულ ფაზაში (ჩასახვიდან 2 წლამდე) იღებდა შაქრის მცირე რაოდენობას და მეორე, რომელიც ამ პერიოდში უკვე შეუზღუდავად მოიხმარდა შაქარს.

კვლევის მიხედვით, იმ პირებს, რომლებიც შაქრის რაციონირების პერიოდში დაიბადნენ, ზრდასრულ ასაკში მნიშვნელოვნად დაბალი რისკები დაუფიქსირდათ: მათ ჰქონდათ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების 20%-ით, ინფარქტის 25%-ით, გულის უკმარისობის 26%-ით და ინსულტის 31%-ით დაბალი რისკი მათთან შედარებით, ვისაც რაციონირება არ შეხებია.

დადგინდა, რომ რაც უფრო ხანგრძლივი იყო შაქრის შეზღუდვა ადრეულ ასაკში, მით უფრო დიდი იყო კარდიოვასკულური დაცვის ეფექტი, რის შედეგადაც რაციონირების პირობებში მყოფ პირებში გულ-სისხლძარღვთა დაავადებები საშუალოდ 2.5 წლით გვიან იწყებოდა.

კვლევის შედეგები ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ სიცოცხლის პირველი 1000 დღე გადამწყვეტი პერიოდია, რამაც შეიძლება გრძელვადიან პერსპექტივაში შეამციროს ქრონიკული დაავადებების რისკი.

წყარო: BMJ

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები