პროგრესირებადი გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტებზე ჩატარებულმა ადრეულმა კვლევამ აჩვენა, რომ ექსპერიმენტულ CAR T-უჯრედოვან თერაპიას უსაფრთხოების მხრივ სერიოზული რისკები არ გამოუვლენია. ეს პირველი იმედისმომცემი ნიშანია იმისა, რომ ამ დაავადების სამკურნალოდ ე.წ. მზა („off-the-shelf“) უჯრედული თერაპიის გამოყენება რეალურია.
თერაპია – აზერკაბტაგენ ზაპრელეიცელი (აზერ-ცელი) – ალოგენური, CD19-მიმართული CAR T-უჯრედოვანი მკურნალობის მეთოდია. ტრადიციული CAR T-თერაპიებისგან განსხვავებით, რომლებიც უშუალოდ პაციენტის საკუთარი უჯრედებისგან მზადდება, ის ჯანმრთელი დონორების უჯრედებს იყენებს. ეს კი მათ წინასწარ დამზადებასა და საჭიროებისამებრ შენახვას შესაძლებელს ხდის.
I ფაზის შედეგები 23 ოქტომბერს ტორონტოში, ACTRIMS-ECTRIMS-ის მე-10 ერთობლივ შეხვედრაზე წარადგინეს. მონაცემები ეფუძნება კვლევას, რომელშიც პირველადი პროგრესირებადი, აქტიური მეორეული პროგრესირებადი და არააქტიური მეორეული პროგრესირებადი გაფანტული სკლეროზის მქონე 26 ზრდასრული პაციენტი მონაწილეობდა.
უსაფრთხოების ადრეული შედეგები
რეფრაქტერული, პროგრესირებადი გაფანტული სკლეროზის მქონე 18 პაციენტზე ჩატარებულმა მკურნალობამ აჩვენა, რომ თერაპია ზოგადად კარგად გადაიტანება. კვლევისას არ გამოვლენილა დოზის შემზღუდველი ტოქსიკურობა, მწვავე ციტოკინური შტორმი, მნიშვნელოვანი ნეიროტოქსიკურობა ან ტრანსპლანტატის მასპინძლის წინააღმდეგ რეაქცია (GVHD).
მცირე გართულებებიდან მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა: ორ პაციენტს დაბალი ხარისხის ციტოკინური შტორმი აღენიშნა (ერთს – 1-ლი, მეორეს კი – მე-2 ხარისხის), ხოლო კიდევ ორს – იმუნურ ეფექტორულ უჯრედებთან ასოცირებული ნეიროტოქსიკურობის 1-ლი ხარისხის სინდრომი. კლივლენდის კლინიკის მკვლევრის, დანიელ ონტანედას თქმით, ოთხივე პაციენტის მდგომარეობა წარმატებით აღდგა.
კვლევამ პრეპარატის ექვსი სხვადასხვა დოზა შეაფასა, რათა უსაფრთხოების ზღვარი დაედგინა და მძიმე გართულებები მინიმუმადე შეემცირებინა. შედეგად, 28-ე დღემდე არც დოზის შემზღუდველი ტოქსიკურობა და არც CAR T-თერაპიასთან ასოცირებული მაღალი ხარისხის ტოქსიკურობა არ დაფიქსირებულა.
მიუხედავად იმისა, რომ თერთმეტ პაციენტს მე-3 ან უფრო მაღალი ხარისხის ზოგადი გვერდითი მოვლენა გამოუვლინდა (სერიოზული იყო 4 შემთხვევა), მკვლევრებს დოზების გაზრდასთან ერთად გვერდითი მოვლენების მატება არ შეუმჩნევიათ.
რა შედეგი გამოიღო მკურნალობამ
პრაქტიკულად ყველა პაციენტს (26-დან 25-ს) სისხლში სრულად გაუქრა B უჯრედები, ხოლო თავ-ზურგტვინის სითხეში მათი რაოდენობა შემცირებისკენ წავიდა. გარდა ამისა, როდესაც ეს უჯრედები ორგანიზმში თანდათან აღდგენას იწყებდა, ძირითადად ახალი და მოუმწიფებელი ფორმები ჩნდებოდა, ხოლო უკვე „მეხსიერების“ მქონე მავნე უჯრედების რაოდენობა იკლებდა.
მართალია, დღეს არსებული ანტი-CD20 მედიკამენტები გაფანტული სკლეროზის დროს ანთებას დიდწილად აკონტროლებს, მაგრამ ზოგიერთ პაციენტში დაავადების პროგრესირება და უნარშეზღუდულობის დამძიმება მაინც გრძელდება. განსხვავებით ჩვეულებრივი, პერიფერიული ანტისხეულებისგან, CAR T-უჯრედები თავისა და ზურგის ტვინის იმ დამცავ, ძნელად მისადგომ უბნებშიც აღწევს, რომლებიც სხვა მედიკამენტებისთვის მიუწვდომელია.
მიუხედავად იმისა, რომ ადრეული კლინიკური მაჩვენებლების ინტერპრეტაცია სიფრთხილეს მოითხოვს, შედეგები იმედისმომცემია:
90-ე დღეს: ყველა იმ პაციენტში, რომელთა შემოწმებაც მოხერხდა, უნარშეზღუდულობის მაჩვენებლები ან სტაბილური დარჩა, ან გაუმჯობესდა. უნარშეზღუდულობის გაფართოებული სტატუსის სკალით (EDSS), სამ პაციენტს მდგომარეობა 2 ან მეტი ქულით გაუუმჯობესდა (მათ შორის ერთს – 4 ქულითაც კი).
გრძელვადიანი დინამიკა: პაციენტებს შორის, რომელთა მდგომარეობასაც 180-ე დღემდე აკვირდებოდნენ, 8-დან 7-ის მდგომარეობა სტაბილური იყო ან გაუმჯობესდა; 270-ე დღეს კი სამივე პაციენტი, რომელთა მონიტორინგიც ამ დრომდე გრძელდებოდა, სტაბილურ ან გაუმჯობესებულ ნიშნულზე შენარჩუნდა.
ნერვების დაზიანების მარკერი: ნეიროფილამენტის მსუბუქი ჯაჭვის (ნერვის დაზიანებასთან ასოცირებული მარკერის) მედიანური მაჩვენებელი მე-10 დღისთვის 2900-დან 2500 პგ/მლ-მდე შემცირდა.
პერსპექტიული მიმართულება
დამოუკიდებელმა ექსპერტმა ჟაუმე სასტრე-გარიგამ (Jaume Sastre-Garriga) აღნიშნა, რომ კვლევის მთავარი და მნიშვნელოვანი მიღწევა სწორედ უსაფრთხოების კარგი მაჩვენებელია. იმის გათვალისწინებით, რომ CAR T-უჯრედულ თერაპიებს ხშირად მძიმე ტოქსიკურობა ახასიათებს, სერიოზული გვერდითი მოვლენების არარსებობა დიდი წინსვლაა. მისი თქმით, მზა პროდუქტმა („off-the-shelf“) შესაძლოა მკურნალობა საგრძნობლად გაამარტივოს და პაციენტებისთვის მისი ხელმისაწვდომობაც გაზარდოს.
მიუხედავად ამისა, პაციენტების მცირე რაოდენობის გამო, ამ ეტაპზე თერაპიის რეალური ეფექტიანობის მტკიცება შეუძლებელია. ამისთვის უფრო მასშტაბური და ხანგრძლივი კვლევებია საჭირო.
სამომავლოდ კვლევის გაფართოება, მეტი პაციენტის ჩართვა, უფრო მაღალი დოზების შეფასება და გაფანტული სკლეროზის მორეციდივე ფორმების შესწავლა იგეგმება. თუ უსაფრთხოებასთან ერთად პრაქტიკული სარგებელიც დადასტურდება, პროექტი პირველი ფაზის ტესტირებას გასცდება.
წყარო: Medscape

