ოფთალმოლოგი თინა ჯიქურაშვილი EURETINA-ს საერთაშორისო კონგრესზე: ბადურის დაავადებათა მართვის უახლესი მიღწევები და პერსპექტივები

გააზიარე

EURETINA-ს საერთაშორისო კონგრესმა მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტები, მკვლევრები და დარგის ინოვატორები გააერთიანა. ღონისძიების მთავარი მიზანი ბადურის დაავადებათა დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და მხედველობის აღდგენის უახლესი მიღწევების განხილვა იყო. სამეცნიერო პროგრამის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ასაკობრივ მაკულარულ დეგენერაციას, გენურ თერაპიას, ხელოვნურ ინტელექტს, ბადურის ვიზუალიზაციასა და ქირურგიულ ინოვაციებს.

კონგრესზე ოფთალმოლოგმა თინა ჯიქურაშვილმა საქართველო წარმოადგინა, როგორც ქვეყანა, რომელიც აქტიურად ნერგავს და იყენებს თანამედროვე მეთოდებს ასაკობრივი მაკულარული დეგენერაციის სამკურნალოდ. ღონისძიების ფარგლებში მას საშუალება ჰქონდა, უშუალოდ გაცნობოდა ბადურის დაავადებათა მართვის უახლეს გლობალურ ტენდენციებს.

გვიამბეთ EURETINA-ს კონგრესის შესახებ, რა მთავარ სიახლეებს გამოყოფდით?

EURETINA-ს წლევანდელი კონგრესი ვენაში ნამდვილად გამორჩეული, შთამბეჭდავი და ინოვაციებით დატვირთული აღმოჩნდა. ბადურას დაავადებათა მართვის კუთხით გამოვყოფდი სამ ძირითად, რევოლუციურ მიმართულებას: 

  1. ბოლო თაობის, გახანგრძლივებული მოქმედების ანტი-VEGF პრეპარატები:  ეს მოიცავს მაღალი დოზირების აფლიბერსეპტსა და ფარიციმაბს. განსაკუთრებით შთამბეჭდავია წამლის მუდმივი მიწოდების თვალშიდა მიკროიმპლანტი (Susvimo), რომელიც მცირე დოზებით უზრუნველყოფს მედიკამენტის უწყვეტ გამოყოფას 6 თვის განმავლობაში. შედეგად, პაციენტს ექიმთან ვიზიტი და იმპლანტის შევსებაწელიწადში მხოლოდ ორჯერ უწევს, რაც მკვეთრად ამცირებს მკურნალობის ტვირთს. 
  2. მშრალი მაკულოდისტროფიის გვიანი სტადიის (გეოგრაფიული ატროფიის) მართვა: კომპლემენტის ინჰიბიტორების (Pegcetacoplan, Avacincaptad pegol) გამოჩენამ შესაძლებელი გახადა აქამდეგანუკურნებელი დაავადების პროგრესირების მნიშვნელოვანი შენელება. 
  3. მემკვიდრული დისტროფიების მკურნალობის ინოვაციური მიდგომები: ოპტოგენეტიკისა და გენური ინჟინერიის მიღწევები შორსწასული, მძიმე შემთხვევების მართვის რეალურ და იმედისმომცემპერსპექტივას იძლევა.

ამ ფუნდამენტურ სამედიცინო მიღწევებთან ერთად, წლევანდელ EURETINA-ზე ხელოვნური ინტელექტი წარმოდგენილი იყო როგორც ექიმის ყოველდღიური ინსტრუმენტი: ის უკვე მიკრონის სიზუსტით ითვლის ბადურის შრეებში სითხეს, წინასწარ ხედავს ატროფიის გავრცელების გზებს. AI-ზე მომუშავე რობოტული პლატფორმები (Preceyes, LUCA და სხვა) გამოიყენება ულტრამაღალი სიზუსტის ოპერაციებისთვის, როგორიცაა გენური თერაპიის მიწოდება და სისხლძარღვების კანულაცია. დიდი ენობრივი მოდელები (LLMs) და RetinAI-ის მსგავსი პლატფორმები უკვე ეხმარება ექიმებს გადაწყვეტილებების მიღებაში, რისკების შეფასებასა და კლინიკური კვლევებისთვის პაციენტების სწრაფ შერჩევაში.

კონგრესზე თქვენ საქართველოს წარმოადგენდით. როგორია დღეს ჩვენს ქვეყანაში ასაკობრივი მაკულარული დეგენერაციის მკურნალობის დონე და როგორ შეცვალა თანამედროვე მიდგომებმა მართვის სტანდარტი?

საქართველოში რეტინოლოგია საერთაშორისო გაიდლაინების სრული დაცვით ვითარდება. დღეს ჩვენთან ხელმისაწვდომია მსოფლიო დონის დიაგნოსტიკა – მაღალი გარჩევადობის OCT (კომპიუტერული ტომოგრაფია) და OCT-ანგიოგრაფია, რაც საშუალებას გვაძლევს დაავადება უადრეს, სიმპტომამდელ ეტაპზე გამოვავლინოთ. 

მკურნალობაში მკაცრად ვეყრდნობით თანამედროვე „Treat and Extend“ (უმკურნალე და გაახანგრძლივე) პროტოკოლს. ეს ნიშნავს აბსოლუტურად ინდივიდუალურ მიდგომას: ინექციებს შორის ინტერვალებს ეტაპობრივად ვზრდით, რითაც პაციენტს ვიცავთ დაავადების რეციდივისგან და მხედველობას ვინარჩუნებთ ხანგრძლივად.

ამასთანავე, აქტიურად ვნერგავთ მშრალი ფორმის მქონე პაციენტების მხედველობის რეაბილიტაციის თანამედროვე მეთოდებს. ვინაიდან გეოგრაფიული ატროფიის ინექციური მკურნალობა ამ ეტაპზე ჩვენთან ხელმისაწვდომი არ არის, დაავადების სტაბილიზაციას ვაღწევთ ფოტობიომოდულაციით.

ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც ბადურა უკვე დაზიანებულია და პაციენტს აქვს დაბალი მხედველობა, ვიყენებთ სუსტი მხედველობისთვის განკუთვნილ სპეციალურ ოპტიკურ/სარეაბილიტაციო სათვალეებს. ეს ადამიანს საშუალებას აძლევს, კვლავ დამოუკიდებლად გადაადგილდეს, წაიკითხოს, იცნოს ახლობლები და შეინარჩუნოს სოციალური თუ პროფესიული აქტივობა.

პერსპექტიული მიმართულებებიდან ერთ-ერთი, რომელიც დიდ ინტერესს იწვევს, გენურითერაპიაა. რა ეტაპზეა დღეს ეს დარგი და როგორია უახლესი მტკიცებულებები? 

გენური თერაპია ოფთალმოლოგიის უახლოესი მომავალია. მისი მთავარი კონცეფციაა „ერთჯერადი ჩარევა ხანგრძლივი შედეგით“. 

იშვიათი მემკვიდრული დაავადებებისთვის უკვე წლებია არსებობს FDA-ს მიერ დამტკიცებული პრეპარატი (Luxturna). რაც შეეხება ასაკობრივ მაკულოდისტროფიას (AMD), ამ მიმართულებით გენური თერაპია ამჟამად II და III ფაზის კლინიკურ კვლევებს გადის (მაგალითად, RGX-314, 4D-150).

უახლესი მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ უჯრედში შეყვანილი გენი თვალს აიძულებს, თავად გამოიმუშაოს სამკურნალო ცილა, რაც პაციენტებში განმეორებითი ინექციების საჭიროებას 70–85%-ით ამცირებს.

ეს მიმართულება ჯერჯერობით არ არის რუტინული პრაქტიკა, თუმცა უახლოეს წლებში ის ბადურას დაავადებების მკურნალობის სტანდარტს არსებითად და ფუნდამენტურად შეცვლის.



გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები