ფოტობიომოდულაცია ონკოლოგიაში

გააზიარე

ცნობილია, რომ კიბოს ძირითადი მკურნალობა, როგორიცაა ქიმიური და სხივური თერაპია, ხშირად იწვევს მტკივნეულ და მძიმე გვერდით ეფექტებს, მათ შორის პირის ღრუს ლორწოვანის მწვავე ანთებას, კანის დამწვრობით დაზიანებებსა და შეშუპებას. ამ ფონზე ფოტობიომოდულაცია (PBM) გვთავაზობს ინოვაციურ გამოსავალს: ის იყენებს უსაფრთხო სინათლეს ამ გვერდითი ეფექტების სამართავად, თერმული ზემოქმედების გარეშე. 

პირველი ოფიციალური ევროპული გზამკვლევი წარადგინეს AFSOS-ის მე-16 კონგრესზე ლილში. ეს დოკუმენტი, რომელსაც კოორდინაციას უწევდა დოქტორი ანტუან ლემერი (ვალენსიენის გენერალური ჰოსპიტალი, საფრანგეთი), მოიცავს PBM-ის მკურნალობის ჩვენებებს, მოქმედების მექანიზმებსა და პრაქტიკულ პროტოკოლებს. 

PBM ამცირებს გართულებების სიხშირეს, ჰოსპიტალიზაციის საჭიროებასა და მკურნალობის საერთო ხარჯებს. საფრანგეთის დაახლოებით 100 ონკოლოგიური ცენტრი უკვე იყენებს ამ ტექნოლოგიას, რაც ასახავს პაციენტების მხრიდან მის მზარდ მოთხოვნასა და კლინიკურ აღიარებას.

რა არის ფოტობიომოდულაცია?

ფოტობიომოდულაცია არის თერაპიული მეთოდი, რომელიც გულისხმობს წითელი, ახლო ინფრაწითელი ან ლურჯი სინათლის მიზანმიმართულ გამოყენებას დაზიანებულ ქსოვილებზე. სინათლის წყაროებად გამოიყენება დაბალი დონის ლაზერები (LLLT) ან სინათლის გამომსხივებელი დიოდები (LED-ები). აღსანიშნავია, რომ ეს პროცესი არ იწვევს თერმულ დაზიანებას  და უზრუნველყოფს მხოლოდ ენერგიის ფოტონულ გადაცემას დაზიანებული უჯრედებისთვის.

უჯრედულ დონეზე, სინათლე უშუალოდ შეიწოვება მიტოქონდრიების მიერ (რომლებიც უჯრედის ენერგეტიკული ცენტრებია). ეს შთანთქმა იწყებს ბიოქიმიურ რეაქციათა კასკადს: აქტიურდება ელექტრონული ჯაჭვი, ფერმენტი ციტოქრომ c ოქსიდაზა, მკვეთრად იზრდება უჯრედული ენერგიის წყაროს, ადენოზინტრიფოსფატის (ATP), და აზოტის ოქსიდის დონე.

ამ პროცესის საბოლოო შედეგია უჯრედების რეგენერაცია და დაზიანებული ქსოვილების სწრაფი აღდგენა. ეს არის მარტივი, მიზანმიმართული ენერგეტიკული სტიმულაცია, რომელიც აძლიერებს ორგანიზმის ბუნებრივ რეგენერაციულ მექანიზმებს.

PBM-ის დადასტურებული კლინიკური ჩვენებები და ოპტიმალური დოზირება

ფოტობიომოდულაციის (PBM) კლინიკური გამოყენება თავდაპირველად დაიწყო რადიოთერაპიის/ქიმიოთერაპიით გამოწვეული პირის ღრუს ლოროწვანის ანთების (მუკოზიტის) პრევენციისთვის. დღეს ყველაზე ძლიერი მტკიცებულებები მის ეფექტურობას ადასტურებს სწორედ მუკოზიტისა და რადიოდერმატიტის (სხივური თერაპიით გამოწვეული კანის დამწვრობის) მკურნალობაში.

სხვა ჩვენებები:

გარდა ძირითადი გამოყენებისა, PBM აჩვენებს ზომიერ ეფექტურობას სხვა ონკოლოგიური გართულებების მართვაშიც (პროტოკოლები აქ შეიძლება განსხვავდებოდეს):

ლიმფედემა

მწვავე დისფაგია (ყლაპვის გაძნელება)

დისფონია (ხმის ჟღერადობის დაკარგვა)

დისგევზია (გემოს შეგრძნების დარღვევა/გაუკუღმართება)

პალმოპლანტარული ერითროდისთეზია (ხელისა და ფეხის კანის რეაქცია)

ქსეროსტომია (პირის სიმშრალე)

ტრიზმუსი (ყბის კუნთების სპაზმი)

ქიმიოთერაპიით გამოწვეული ნეიროპათია და ალოპეცია

პოსტრადიაციული ფიბროზი

ოპტიმალური თერაპიული დოზის დიაპაზონი, როგორც წესი, არის 10-12 ჯოული/სმ2. სესიის ხანგრძლივობა განისაზღვრება მოწყობილობის სიმძლავრითა და ქსოვილიდან დაშორებული მანძილით. ერთი სესია გრძელდება დაახლოებით 20 წუთი. სრული კურსი მოიცავს 8-16 სესიას, კვირაში 1-2-ჯერ, რაც რეგულირდება გართულების სიმძიმისა და პაციენტის საპასუხო რეაქციის მიხედვით. 

ბარიერები და გაფრთხილებები

PBM თერაპიის ფართოდ დანერგვის მთავარი შემაფერხებელია ის, რომ ის არ ფინანსდება (No reimbursement). ამის გამო, პაციენტები ხშირად იხდიან მის საფასურს, როგორც სამედიცინო კონსულტაციის ნაწილს.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ საშინაო PBM მოწყობილობები სახიფათო და სარისკო ზონად ითვლება, რადგან მრავალი მათგანი არ აკმაყოფილებს ევროკავშირის უსაფრთხოების სტანდარტებს (CE Mark), აწვდის არაეფექტურ დოზებს, ხოლო ზოგიერთ ლურჯ სინათლეს შეიძლება ჰქონდეს ფარული ულტრაიისფერი გამოსხივება, რაც საზიანოა. ამიტომ, მკაცრად რეკომენდებულია, მკურნალობა ჩატარდეს მხოლოდ კვალიფიციურ სპეციალისტთან და კლინიკურ გარემოში.

წყარო: Univadis, AFSOS, Medscape



გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები